თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელმა კომპანია Baykar-მა ფართო მასების ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მიიპყრო. Bayraktar TB2-ის მოქმედების კადრები უკლებლივ ყველას გაოცებას იწვევს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ კომპანიითა და მისი სამომავლო გეგმებით დაინტერესებაც გაზრდილია. ამ სტატიაში კი სწორედ ზემოთ აღნიშნული სამხედრო კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ გესაუბრებით.
უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი
უკრაინაში მიმდინარე საომარ დაპირისპირებებშიც არაერთხელ დადასტურდა, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეში დომინაციას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. სწორედ ამიტომაა, რომ წამყვანი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობენ ტექნოლოგიების დახვეწას და ახალი თაობის გამანადგურებლებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს გვთავაზობენ. სტელს ტექნოლოგიით აღჭურვილ საბრძოლო გამანადგურებლების კონკურენციამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. თურქეთიც, როგორც დიდი სამხედრო ამბიციების მქონე სახელმწიფო ყოველდღიურად აგრძელებს საკუთარი საჰაერო შესაძლებლობების განვითარებას.
მალე ქვეყანას საკუთარი წარმოების პირველი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი ეყოლება. თავად Baykar-ის მოსაზრებით, უპილოტო საფრენი აპარატები მომავლის კონფლიქტებში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ. თურქულ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავს კი პროცესების განვითარებაში გადამწყვეტი სიტყვა ექნება.
Baykar Kizilelma-ს მთავარი უპირატესობა მის აგრესიულ მანევრირებასა და რადარებისადმი შეუმჩნევლობაში იქნება. ცნობისათვის, აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავების წარმოება თურქეთმა უკვე დაიწყო და მას შეიარაღებაში უახლოეს წლებში მიიღებენ.
Bayraktar TB3
სახელითაც მიხვდებოდით, რომ თურქული სამხედრო კომპანია უკვე ყველასათვის საყვარელი Bayraktar TB2-ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე მუშაობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაირაქთარის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი განსაკუთრებით პოპულარული ფართო მასებისათვის უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახდა. თუმცა, სამხედრო ექსპერტებისა და სფეროს მკვლევარების დაინტერესება მან ბევრად ადრე გამოიწვია.
პირველად დრონი თურქეთმა წარმატებით სირიაში გამოიყენა. ჯერ კიდევ მაშინ ვრცელდებოდა ეჭვები, რომ თურქული დრონები რუსული რადარებისათვის შეუმჩნეველი რჩებოდა, თუმცა ამის გადაჭრით თქმისაგან ყველა თავს იკავებდა. ეჭვი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდა ყარაბაღის ომის დროს, როდესაც აზერბაიჯანმა გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა სწორედ თურქეთის მიერ მიწოდებული Bayraktar TB2-ის მოქმედებებით მოიპოვა. ცნობისათვის, ყარაბაღის ომის დროს სომხეთის შეიარაღებაში ასევე რუსული რადარები იმყოფებოდა, რომლებმაც ბაირაქთარის გამოჭერა ისევ ვერ შეძლეს. სირიაში გაჩენილი ეჭვები კი კიდევ უფრო განმტკიცდა. საბოლოო წერტილი ბაირაქთარის მაღალეფექტურობას რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დაუსვა. უკრაინელები დრონებს რუსულ სამხედრო ეშელონებზე, კოლონებისა თუ სხვა პუნქტებზე იერიშის მისატანად წარმატებით იყენებენ.
შესაბამისად, ბუნებრივია, რომ Baykar-ი მხოლოდ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და დრონს ტექნოლოგიურად განავითარებს. საინტერესოა, რომ ახალ Bayraktar TB3-ს ავიამზიდებიდან აფრენა და მათზე დაჯდომა შეეძლება. კვლავინდებურად, ბაირაქთარის მოდიფიკაციას როგორც სადაზვერვო მისიების, ისე იერიშების განხორციელებაც შეეძლება.
ცენტრალური სამეთაურო პუნქტი (3C)
Baykar-ი საკუთარი საფრენი აპარატების რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად, დამოუკიდებელ სამეთაურო-საკონტროლო სისტემას შექმნის. ახალი სისტემა ვებ-ზე იქნება დაფუძნებული და მასში ძირითადი ინფორმაციების კონტროლი იქნება შესაძლებელი. სისტემის წყალობით საჰაერო მოძრაობის კონტროლი, ამოცანებისა და სიხშირეების დაგეგმვა მნიშვნელოვნად გამარტივდება.
სისტემა უფრო მარტივს გახდის უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლსაც. მასზე ლაივ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი აპარატის ადგილმდებარეობა, საწვავის რაოდენობა, საბრძოლო ტვირთვის შესახებ ინფორმაცია, განგაშის სიგნალი და სახმელეთო საკონტროლო სადგურებთან კავშირის შესახებ ინფორმაციაც.
გარდა ამისა, სისტემა პირდაპირ რეჟიმში ერთობლივად რამდენიმე მომხმარებლისათვის საფრენი აპარატის მიერ გადაღებულ სურათებზე წვდომას უზრუნველყოფს. Baykar-ის განმარტებით, ტექნოლოგია უზრუნველყოფს საფრთხეების დროულად აღმოჩენას და გაამარტივებს შემდეგ პრევენციული თუ თავდასხმითი გადაწვეტილებების მიღებას.
ხელოვნური ინტელექტი
სამხედრო კომპანია პარალელურად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დახვეწასა და განვითარებაზეც მუშაობს. Baykar-ი აყალიბებს ტექნოლოგიას, რომელიც GPS-ისა და გარე სენსორების გარეშე მაღალტექნოლოგიური ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოვლენს თვითმფრინავის დახრის, ზემოთ და ქვემოთ მიმართვისა და ორიენტაციის კუთხეებს.
გარდა ამისა, Baykar-ი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც უპილოტო საფრენი აპარატის კუდის კამერებიდან მიღებული გამოსახულების მონაცემებით ობიექტის იდენტიფიცირებაა.
კომპანია ასევე გეგმავს შეიმუშავოს ტექნოლოგია, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატს დაშვებაში დაეხმარება ვიზუალური სადესანტო სისტემის გამოყენებით.
მფრინავი მანქანა
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, Baykar-ი მხოლოდ სამხედრო შეიარაღებას არ ამზადებს. მწვანე ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განსავითარებლად კომპანია მფრინავი მანქანის, Cezeri-ს წარმოებას გეგმავს. თუმცა, კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსპორტს დანიშნულების ადგილზე კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ტვირთისა და სამედიცინო ამანათებისათვის გამოიყენებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში Cezeri-ს გამოყენება სამხედრო მომარაგების მისიებშიც იქნება შესაძლებელი.