მსოფლიოში კონფლიქტების რაოდენობის მატებამ ქვეყნებს შორის იარაღით ვაჭრობას ისევ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. იარაღის წარმოებით მოწინავე სახელმწიფოები მათზე დიდი მოთხოვნის მქონე ქვეყნებთან უკვე ათეულობით წელია თანამშრომლობენ. ბუნებრივია, იარაღის წარმოების გიგანტები შეერთებული შტატები და რუსეთი არიან. ბოლო ათი წლის განმავლობაში იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის 57% სწორედ ამ ორ გიგანტზე მოდის.
Forbes Georgia ამ სტატიაში იმ სახელმწიფოთა შესახებ გესაუბრებათ, რომლებიც ამერიკისგან და რუსეთისგან ყველაზე მეტ შეირაღებას ყიდულობს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის იარაღის ტრანსფერის მონაცემებს ეფუძნება.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შეიარაღების სამხედრო ღირებულება მისი ტენდენციურ-ინდიკატორული ღირებულებით (TIV) იზომება. ეს შეფასება კი არა კონკრეტული ნივთის ფინანსურ ღირებულებას, არამედ მის სამხედრო შესაძლებლობებს ასახავს. ხოლო ყველა იარაღს, რომელიც ძირითადი შეიარაღების კონვენციურ განმარტებას ექვემდებარება სწორედ ტენდენციურ-ინდიკატორული ღირებულება (TIV) ენიჭება. შესაბამისად, მეთოდოლოგია სწორედ აღნიშნულ ცვლადს ეფუძნება.
აღნიშნული კატეგორიის იარაღში კი შემდეგი დასახელების შეიარაღება გადის:
- საბრძოლო თვითმფრინავები და ჯავშანტექნიკა
- არტილერია (>100 მმ კალიბრი)
- სენსორები და მართვადი რაკეტები, დიდი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი, ტორპედოები და ჭურვები
- 100 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემით შეიარაღებული გემი
- სადაზვერვო სატელიტები და ჰაერში საწვავის შევსების სისტემები
ამერიკული შეიარაღების ყველაზე დიდი იმპორტიორები
შეერთებული შტატები მსოფლიოში იარაღის უდიდესი ექსპორტიორია. ის ბოლო ათი წლის განმავლობაში იარაღის გლობალური ექსპორტის 35%-ზეა პასუხისმგებელი და 130-მდე ქვეყანასთან თანამშრომლობს.
ამერიკული იარაღისათვის ბოლო პერიოდში ყველაზე დიდ ბაზარს ახლო აღმოსავლეთი წარმოადგენს. საუდის არაბეთი კი ამ მხრივ მისი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ბოლო ათი წლის განმავლობაში საუდის არაბეთზე ამერიკული იარაღის ექსპორტის 24% მოდის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჯამში საუდის არაბეთმა აშშ-ისგან 18 მილიარდი TIV-ის ღირებულების იარაღი შეიძინა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ გამოხატავს იარაღის ფინანასურ ღირებულებას და სპეციალურად შექმნილი სამხედრო კომპონენტია, რომელიც ამა თუ იმ იარაღის სამხედრო ღირებულებას ზომავს.
საუდის არაბეთს შემდეგ, შტატებისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ავსტრალია და სამხრეთ კორეა არიან. მისი იარაღის ტოპ-5 მყიდველს შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები და იაპონიაც შედიან.
ეს ყველაფერი ფინანსურ ასპექტში რომ გადავთარგმნოთ, 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა ექსპორტზე 138 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი გაიტანა. ეს მაჩვენებელი კი 21%-ით დაბალია 2020 წლის მონაცემებზე ($175 მლრდ).
რუსული შეიარაღების ყველაზე დიდი იმპორტიორები
აშშ-ის შემდეგ, იარაღის მეორე ყველაზე დიდი ექსპორტიორის სტატუსი რუსეთს უკავია. ის ბოლო ათი წლის განმავლობაში გლობალური იარაღის ექსპორტის 22%-ზეა პასუხისმგებელი. TIV ღირებულებით რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო-სავაჭრო პარტნიორი ინდოეთია. შეიძლება ითქვას, რომ ინდოეთი რუსულ შეიარაღებაზე სრულადაა დამოკიდებული, რაც ჩინეთთან და პაკისტანთან მისი დაპირისპირებით აიხსნება. თუმცა, ბოლო ცნობების მიხედვით უკანასკნელ წლებში ინდოეთი რუსული იარაღის ჩამნაცვლებელს აქტიურად ეძებს.
რუსული შეიარაღების მეორე ყველაზე დიდი იმპორტიორი ჩინეთი გახლავთ. ხუთეულში კი ალჟირი, ვიეტნამი და ეგვიპტე იმყოფებიან. საინტერესოა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სიმრავლე რუსულ ტოპ-10-შიც შეიჩნევა. ალჟირისა და ეგვიპტის გარდა აქ გვხვდება ერაყი და სირიაც. გარდა ამისა, 2014 წლიდან რუსული შეიარაღების დიდი ნაკადები შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე პრორუს სეპარატისტებთანაც.