ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირის პრიორიტეტი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციაა.
ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანი „სამხრეთის ბუნებრივი აირის“ დერეფნის სიმძლავრის გაორმაგების ვალდებულებას იღებს. შედეგად, 2027 წლისთვის ევროკავშირს აზერბაიჯანიდან წელიწადში, მინიმუმ, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი ასევე მზადაა, ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება არსებული 8 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2022 წელს, 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდოს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანი ევროკავშირს გაზს თურქეთსა და საქართველოზე გამავალი მილსადენებით აწვდის. შეთანხმებას ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანში მოაწერა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე ენერგიის უფრო საიმედო მომწოდებლების ძიებაშია. ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანს, მიწოდების უსაფრთხოებისა და ევროკავშირის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიზნების მიღწევის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პარტნიორიც უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერები წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტზე პირდაპირი აკრძალვა არ დაუწესებია. 2021 წლის მონაცემებით, რუსული გაზი ევროკავშირის მოთხოვნილების თითქმის 40%-ს აკმაყოფილებდა.