რუსეთში ბიზნესის სრულად შეწყვეტა H&M-ს დაახლოებით $200 მილიონი დაუჯდება

რუსეთში ბიზნესის სრულად შეწყვეტა H&M-ს დაახლოებით $200 მილიონი დაუჯდება

ტექსტილის შვედურმა ფირმა H&M-მა რუსეთში ბიზნესის სამუდამოდ შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც კომპანიას დაახლოებით $200 მილიონი დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ H&M-მა ქვეყნის მასშტაბით გაყიდვები ჯერ კიდევ მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე ხანში შეაჩერა.

არსებული საოპერაციო გამოწვევებისა და არაპროგნოზირებადი მომავლის გათვალისწინებით, კომპანიამ რუსეთში ბიზნესის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება გადაწყვიტა. ცნობისთვის, H&M-ი რუსეთის ტერიტორიაზე 2009 წლიდან ოპერირებს. ბიზნესის ლიკვიდაციის ფარგლებში, ტექსტილის შვედური ფირმა რუსეთში ფიზიკური მაღაზიების დროებით გახსნასა და დარჩენილი მარაგის გაყიდვას გეგმავს.

საერთო ჯამში, რუსეთში ბიზნესის ლიკვიდაციის პროცესი H&M-ს სავარაუდოდ 2 მილიარდი შვედური კრონი ($200 მილიონი) დაუჯდება, რომლის დაახლოებით ნახევარიც გავლენას კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობაზე იქონიებს. გარდა ამისა, კომპანიის რუსეთიდან სამუდამოდ გასვლით, ქვეყნის მასშტაბით, 170 ფიზიკური მაღაზია დაიკეტება, დაახლოებით 6,000 დასაქმებული კი სამსახურის გარეშე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყვეტილება საცალო ვაჭრობის რამდენიმე მსხვილმა მწარმოებელმა, მათ შორის H&M-ის მთავარმა კონკურენტმა Inditex-მა და Adidas-მა მიიღო, ხოლო ამერიკულმა TJX-მა და პოლონურმა LPP-მა ქვეყანაში საკუთარი ბიზნესები გაყიდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *