PSP არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის და ფარმაცევტულ სექტორზე კონცენტრირდება

PSP არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის და ფარმაცევტულ სექტორზე კონცენტრირდება

PSP-ს მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოოს ფარმაწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე.

წარმოების განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ათვისება ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ამ მოსაზრებით ჯერ კიდევ 2000 წელს PSP-მ შექმნა პირველი ქართული საერთაშორისო სტანდარტის საწარმო GM Pharma, რომლის წარმოებული მედიკამენტები 15 წელზე მეტია მსოფლიოს 11 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.
ფარმაცევტული სტანდარტებით წამლის ახალი ფორმების (ამპულები, მალამოები, ხსნარები და ა.შ.) ქართული წარმოების გაფართოება და R&D ლაბორატორიის შექმნა ხელს შეუწყოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღო PSP-ს მფლობელობაში არსებული სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილის (7001000 აქცია) გასხვისების შესახებ. სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთ-ერთი ძლიერი ქართული წარმოებაა, რომელიც წლებია ფართოდ ითვისებს საექსპორტო პოტენციალს სხვადასხვა წარმატებული ბრენდებით („ზედაზენი“, „რაგნარი“, „რავი“, „სვიანი“; ამერიკული ლიცენზიის საფუძველზე: „მილერი“, „ბავარია“, „ჰარპი“, „ჰოლსტენი“ და ა.შ. და არაალკოჰოლური სასმელების ფართო ჩამონათვალით: ლიმონათი „ზედაზენი“, ნატურალური წვენი „ჩერო“, ცივი ჩაი გურიელი, RC Cola, RC ლაიმი, RC მანგო, წყალი „ზენი“ და სხვ.) და ასევე ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ 20%-იან წილს.

„კომპანია PSP-ს ორიენტაცია საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად და ფართოდ ათვისებისთვის განპირობებულია მოსაზრებით, რომ ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მყარი განვითარების პერსპექტივა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას უკავშირდება. თანამედროვე საერთაშორისო ფარმაცევტული წარმოების მოთხოვნების GMP-ის სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ამპულირებული, საინიექციო ხსნარების, მალამოების და ა.შ. წარმოება ამჟამად არ ხდება; ამ მიმართულებით ქართული საწარმოს განვითარება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. სწორედ ფარმაცევტული წარმოების გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციის განსახორციელებლად გადავწყვიტეთ ჩვენი არაპროფილური ბიზნესის ქართული ლუდის კომპანიის აქციების გასხვისება“ – აცხადებენ PSP-ში.