ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი დადგა, რამაც ეკოაქტივისტების შეშფოთება და კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის გაძლიერების მოწოდებები, კიდევ უფრო გაამძაფრა. მართალია, მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ კავშირი ბოლო პერიოდის რეკორდულ ტემპერატურებსა და კლიმატის ცვლილებებს შორის, მაგრამ იანვრის თბილი ამინდი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურის ზრდის გრძელვადიან ტენდენციას ზუსტად ერგება. ამასთან ერთად კი ერთგვარი გაგრძელებაა ზაფხულის, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ხანძრებისა და წყალდიდობების სერია გამოიწვია.
ამის პარალელურად, ქვეყნები კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად ახალ ნაბიჯებს დგამენ. ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა ამაზონის დაცვის პირობა კიდევ ერთხელ დადო, ხოლო ნორვეგიამ ფონდის ხელახალ აღდგენაზე გააკეთა განცხადება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი თურქეთს უკავშირდება, სადაც მომავალი წლიდან განახლებადი ენერგიის გამოყენება შენობებში სავალდებულო გახდება.
ზამთრის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურები ევროპაში ახალ რეკორდებს ამყარებს
ახალი წლისა და შობის პერიოდში ზამთრისთვის რეკორდულად მაღალმა ტემპერატურებმა ეკოაქტივისტების შეშფოთება გამოიწვია, თუმცა მთავრობებს, ენერგეტიკული კრიზისისა და გაზრდილი ფასების ფონზე, შვება მოჰგვარა.
გასულ დღეებში, ასობით ტერიტორიებზე, შვეიცარიით დაწყებული, პოლონეთითა და უნგრეთით დასრულებული, რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა. შობის ღამე ყველაზე თბილი უნგრეთში, კერძოდ, დედაქალაქ ბუდაპეშტში აღმოჩნდა, სადაც პირველ იანვრამდე ტემპერატურა 18.9 გრადუს ცელსიუსამდეც გაიზარდა. საფრანგეთში, სადაც 30-31 დეკემბრის ღამე, რეკორდების დაფიქსირების შემდეგ, ყველაზე თბილი იყო, ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში დაახლოებით 25°C-ს მიაღწია.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სადაც ტემპერატურამ 20°C-ს გადააჭარბა, 1881 წლის შემდეგ, მსგავსი სიცხეები არ დაფიქსირებულა. ჩეხეთის ტელევიზიამ ხეების ნაწილის ნაადრევი ყვავილობის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო შვეიცარიის მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის ოფისმა ალერგიით დაავადებული პირები თხილის მცენარეების ყვავილობის შესახებ გააფრთხილა. მაღალი სიცხეები ფიქსირდება ესპანეთში – მაგალითად, ბილბაოში ტემპერატურამ 25,1 გრადუსს მიაღწია.
მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ კავშირი ბოლო პერიოდის რეკორდულ ტემპერატურებსა და კლიმატის ცვლილებებს შორის, თუმცა იანვრის თბილი ამინდი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურის ზრდის გრძელვადიან ტენდენციას ზუსტად შეესაბამება. „ევროპაში, გლობალური ტემპერატურის ზრდის შედეგად, ზამთარი უფრო თბილი ხდება“, – განაცხადა ფრეჯა ვამბორგმა, ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის კლიმატოლოგმა და მეცნიერმა.
„ახალი წლის განმავლობაში ევროპაში რეკორდული სიცხე უფრო მეტად ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ განაპირობა, ისევე როგორც კლიმატის ცვლილება ახლა უფრო მეტად ამძაფრებს და ახშირებს მაღალ ტემპერატურებს“, – განაცხადა დოქტორმა ფრიდერიკ ოტომ, ლონდონის იმპერიული კოლეჯის კლიმატური საკითხების მეცნიერმა.
ფაქტია, აღნიშნული პერიოდი გასული წლის მაღალი ტემპერატურების გაგრძელებაა, რომლებიც, მეცნიერების დასკვნით, პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან. შეგახსენებთ, რომ მომაკვდინებელი სიცხეები და მისგან გამოწვეული ხანძრები – ევროპაში, წყალდიდობები კი პაკისტანში დაფიქსირდა.
კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად, მსოფლიო ბანკს დაფინანსების გაფართოება სურს
კლიმატური ცვლილებებისა და სხვა გლობალური კრიზისების მოსაგვარებლად, მსოფლიო ბანკი სესხის შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს და აპრილის შეხვედრების წინ, კაპიტალის გაზრდისა და სესხის გაცემის ახალი ინსტრუმენტების შესახებ აქციონერებთან შეხვედრებსაც გეგმავს.
„ევოლუციის გეგმა“, რომელიც, Reuters-ის ცნობით, აქციონერებს გაეგზავნათ, ბანკის მისიისა და ფინანსური რესურსების, ისევე როგორც ქვეყნისა და პროექტისთვის სპეციფიკური დაკრედიტების მოდელის შესაცვლელად საჭირო პროცესის დაწყებას შეეხება. ცნობისთვის, მოდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაინერგა და მას შემდეგ გამოიყენება.
ამჟამად მსოფლიო ბანკი მისიის, ოპერაციული მოდელისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაცვლელად კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც მზად იქნება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის განვითარების კომიტეტის მიერ ოქტომბერში დასამტკიცებლად. “მრავალმხრივი განვითარების ბანკების რეფორმა” მძიმე დაპირისპირების საგანი გახდა ბოლო თვეების განმავლობაში, რადგან მდგომარეობა გლობალური ინფლაციის, სურსათისა და ენერგეტიკული კრიზისის შედეგად ქვეყნებისთვის უფრო დამძიმდა.
უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისების ფონზე, ზეწოლამ კარგად გამოავლინა ის შეუსაბამობები, რომლებიც მიმდინარე გლობალურ პრობლემებთან გამკლავებისთვის საჭიროებებსა და მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრუქტურებს შორის არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ მოდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, ის უფრო მეტად ფოკუსირებულია მშვიდობის პერიოდში ეკონომიკების აღდგენაზე და არაეფექტიანია თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ახალი გეგმა კაპიტალის პოტენციურ ზრდას ითვალისწინებს, ამასთან ერთად კი სტრუქტურის ცვლილებას, რაც ახალი დაფინანსების შესაძლებლობებს გახსნის. მათ შორისაა სესხები კერძო სექტორისთვის და ახალი გზები კერძო კაპიტალის მობილიზების მიზნით.
ერთ-ერთი გეგმა მსოფლიო ბანკის აქციონერი ქვეყნების მიერ კრედიტორების ფონდში პერიოდული შენატანების გაზრდასაც განიხილავს, რაც მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული. მზარდი საჭიროების მიხედვით, დაფინანსება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.
ნორვეგიის განცხადებით, ამაზონის ტყის გაჩეხასთან საბრძოლველად, ფონდი ხელახლა ამოქმედდა
ნორვეგიის, ამაზონის ფონდის მთავარი დონორის განცხადებით, ტყის დაცვის მხარდამჭერი ინიციატივა ხელახლა ამოქმედდა. ნორვეგიის გადაწყვეტილება ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და თანამდებობაზე პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას დაბრუნებას უკავშირდება, რომელმაც ტყის გაჩეხის შეჩერების პირობა დადო.
ნორვეგიის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე დადებითად გამოეხმაურა ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის ამბიციებს ამაზონის გაჩეხის შეჩერებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ფონდის აღორძინება ტყის მცენარეულობის განადგურების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. „პრეზიდენტმა ლულამ ტყის გაჩეხის შესაჩერებლად საჭირო სტრატეგიები აღადგინა და დანიშნა მინისტრები, რომელთაც აქვთ გამოცდილება და სრულყოფილი ცოდნა ამ სფეროში“, – აღნიშნა ბარტ ეიდემ.
ფონდი, რომელიც 2019 წლის აგვისტოდან გაყინულია, დაახლოებით $620 მილიონს აერთიანებს. ცნობისთვის, ფონდის გაყინვა, ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მიერ მმართველი საბჭოსა და სამოქმედო გეგმების გაუქმებას მოჰყვა. ამაზონის ფონდი, პრეზიდენტ ლულას ინიციატივით, ჯერ კიდევ 2008 წელს, ბრაზილიის ტყეების გაჩეხის შეჩერებისთვის საერთაშორისო დახმარების მოზიდვის მიზნით დაარსდა. თავდაპირველად ნორვეგიამ ფონდს $1.2 მილიარდი შესწირა, ფინანსური შენატანებით გამოირჩეოდა გერმანიაც.
გასულ კვირას, ახალი საპრეზიდენტო ვადით თანამდებობის დაკავების შემდეგ, ლულამ ხელი მოაწერა განკარგულებას ამაზონის ფონდის მმართველი საბჭოს აღდგენის შესახებ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ფართო წარმომადგენლობით. ლულამ ასევე ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც აღადგენს ბრაზილიის სტრატეგიებს ამაზონის ტყეების გაჩეხის შესამცირებლად, რომლის მაჩვენებელი ბოლსონარუს დროს 15 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა.
თურქეთში შენობებში განახლებადი ენერგიის გამოყენება სავალდებულო ხდება
თურქეთში 2023 წლის პირველი იანვრიდან გარკვეული ზომის შენობებში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება სავალდებულო ხდება. მომავალი წლიდან ყველა შენობის მიერ გამოყენებული ენერგიიდან, რომელთა ჯამური სამშენებლო ფართი 5,000 კვადრატულ მეტრს აღემატება, მინიმუმ 5% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან უნდა იყოს გამომუშავებული.
ცნობისთვის, თურქეთში ელექტროენერგიის დამონტაჟებული სრული სიმძლავრე 100 გიგავატზე მეტს შეადგენს, რომლის ნახევარზე მეტი განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის წყალბადის, ქარის, მზისა და გეოთერმული ენერგიაა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, თურქეთს მომავალ ხუთ წელიწადში განახლებადი ენერგიის საერთო სიმძლავრის დაახლოებით 64%-ით, 90 გიგავატამდე გაზრდის პოტენციალი აქვს.
ზრდის უდიდესი ნაწილი – 75% – ქარისა და მზის ენერგიიდან იქნება წარმოებული. ზრდა დაეხმარება მას ევროპაში მეოთხე ადგილზე და განახლებადი ენერგიის კუთხით მსოფლიოს ათ უმსხვილეს ბაზარს შორის მოხვდეს. თურქეთი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კვლავ იმპორტზეა დამოკიდებული, რაც მას დაუცველს ხდის გლობალურად მზარდი ენერგოფასების მიმართ. განახლებადი ენერგიის წარმოების გასაზრდელად თურქეთმა ფართომასშტაბიანი პროექტები დაიწყო და მზისა და ქარის ელექტროსადგურებზე ტენდერებიც გამოაცხადა.
ამავდროულად, პირველი იანვრიდან თურქეთი ევროპული პროდუქციის უსაფრთხოების მარკირებას, CE-ს, გაერთიანებული სამეფოსთან ვაჭრობისას UKCA-ის რეგულაციებით ჩაანაცვლებს. ამასთან ერთად კი, ექსპორტის გაზრდის შესახებ მიღებული დადგენილებით, სუბსიდიები საერთაშორისო ბაზრებისთვის პირველი იანვრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.
ინდოეთი მწვანე წყალბადის ინდუსტრიისთვის $2-მილიარდიან სტიმულირების პროგრამაზე მუშაობს
ინდოეთი მწვანე წყალბადის ინდუსტრიისთვის $2 მილიარდის მოცულობის სტიმულირების პროგრამაზე მუშაობს. მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სტიმულირების პროგრამა, ემისიების შემცირებასთან ერთად, ქვეყანას დარგში მთავარ საექსპორტო მოთამაშედ გადაქცევაშიც დაეხმარება.
$2.2-მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში, მომავალ ხუთ წელიწადში, მწვანე წყალბადის წარმოების ხარჯის ხუთჯერ შემცირება იგეგმება, რაც ნაწილობრივ ინდუსტრიის მასშტაბის გაზრდით მოხდება. მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, მწვანე წყალბადის სტიმულირების პროგრამა შესაძლოა მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტისთვის გამოცხადდეს, რომელიც პირველ აპრილს დაიწყება.
მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით დიდი გეგმები აქვთ ინდოეთის ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Reliance Industries-ი, Adani Enterprises-ი, Indian Oil-ი, NTPC-ი და სხვები. Adani Enterprises-მა, რომელსაც მსოფლიოს მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი გაუტამ ადანი ხელმძღვანელობს, ივნისში, ფრანგულ TotalEnergies-ისთან თანამშრომლობით, „მსოფლიოში მწვანე წყალბადის უდიდესი ეკოსისტემის“ შექმნაც დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ წყალბადი წყლის ელექტროლიზით მიიღება და მისი გამოყენება საწვავად შესაძლებელია. თუ ელექტროლიზისას გამოყენებული ელექტროენერგია ისეთი განახლებადი წყაროებიდან მოდის, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია, მაშინ მიღებულ რესურსს მწვანე, განახლებადი წყალბადი ეწოდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე დაამტკიცეს მილიარდობით დოლარის სტიმულირების პროგრამები მწვანე წყალბადის პროექტების განსავითარებლად.
მზის პანელების მწარმოებლების ნაწილი, ხარჯების შემცირების პარალელურად, წარმოებას ზრდის
მზის პანელების მწარმოებელთა ნაწილმა, სუფთა ენერგიის მისაღებად, წარმოება კიდევ უფრო გააძლიერა. მთავარი მიზეზი მატერიალური ხარჯების კოლაფსია, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. Shanghai Metals Market-ის მონაცემებით, სამი წამყვანი ჩინური მწარმოებელი იანვარში წარმოებას უფრო მეტად გაზრდის.
მაშინ როდესაც მსოფლიო კლიმატურ კრიზისს ებრძვის, მზის პანელებზე წვდომა კვლავ გამოწვევად რჩება მათ შორის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. შედარებით დაბალ ფასში, პანელების წარმოების ზრდა ქვეყნებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება, ამასთან ერთად კი შეამცირებს ელექტროენერგიის ფასებს.
მზის პანელებზე მოთხოვნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით გაიზარდა. თუმცა წარმოება, 2021 და 2022 წლებში, პოლისილიკონის ხარჯის ზრდასთან ერთად შეჩერდა, რაც ძირითადი მასალაა მზის პანელების უმეტესობისთვის. თუმცა მსგავსი პრობლემები სწრაფად გაქრა, პოლისილიკონის რამდენიმე ახალი ქარხანაც გაჩნდა და მასალის ხარჯები ნოემბრის შუა რიცხვებიდან მესამედზე მეტით შემცირდა.
ამასთან ერთად კი უფრო მეტად დაეცა მზის პანელების ე.წ. „ფირფიტების“ ფასი. ეს გახლავთ ულტრათხელი პოლისილიკონის კვადრატები, რომლებიც ერთადაა შეკრული პანელების შესაქმნელად. მათი ხარჯი ამ კვირაში 21%-ით დაეცა, ხოლო პოლისილიკონის ფასები კილოგრამზე $21-მდე შემცირდა.
Shanghai Metals Market-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩინეთის ფირმების მიერ წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით კომპანიებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა, როგორც ცნობილია, JA Solar Technology-ის მიმდინარე კვარტალში, გასულ პერიოდთან შედარებით, უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს.