მიქაელ არამიანცი 1843 წლის 4 მაისს მთიან ყარაბაღში, სოფელ კეატუკში, სოფლის მამასახლისის ოვსეპის ოჯახში დაიბადა. მიქაელი 15 წლისა იყო, როდესაც სასწავლებლად ქალაქ შუშაში გაემგზავრა. სწავლა არ უჭირდა, ყველაფერს იოლად ითვისებდა და მეცნიერებისადმი დიდ ინტერესსაც იჩენდა. ბიჭი ტფილისის გიმნაზიაში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა მან ადრეულ ასაკშივე წარმატებით გამოსცადა თავი ვაჭრობაში. საქმის შესასწავლად იგი შუშაშივე ცნობილ ვაჭარს თარუმანიანს თანაშემწედ მიაბარეს, რომელიც სავაჭრო საქმიანობას ყარაბაღის გარდა, საზღვარგარეთაც ეწეოდა. არამიანცი ხშირად ჩადიოდა თავრიზში, ირანში, სადაც ის ცოტა ხანში ფირმის წარმომადგენლადაც დანიშნეს. ოთხ წელიწადში მიქაელმა თავისი პირველი კაპიტალი – 3,000 მანეთი – დააგროვა და 1871 წელს სამხრეთ კავკასიის ცენტრში, ტფილისში გადავიდა საცხოვრებლად.
28 წლის არამიანცმა საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა ქსოვილებით, აბრეშუმითა და შალით ვაჭრობით. ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ კომერციაში ისეთ დიდ ქალაქებთან, როგორიც იყო მარსელი, თავრიზი და თეირანი. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს არ იყო არამიანცის ნამდვილი წარმატება, რადგან მას ჯერ არ გაუცნია ბაქოს ნავთობი და მასთან დაკავშირებული ფინანსური პერსპექტივები. არამიანცის ტფილისში ცხოვრების პირველ ეტაპზე წარმატებული ბიზნესის გარდა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მას შეუყვარდა ცნობილი კომერსანტის, შოლკოიანცის 18 წლის ქალიშვილი – ეღისაპეტი.
თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, იმდროინდელ სამხრეთ კავკასიაში ცალკეული ბიზნესები ხშირად ზედმეტადაც კი იყვნენ დამოკიდებული რეგიონში არსებულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე. ასე, მაგალითად, 1877-1878 წლებში მიმდინარე მორიგმა რუსეთ-თურქეთის ომმა დიდი გავლენა მოახდინა არამიანცის ბიზნესზე. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვამ და საქართველოს საზღვრებთან წარმოებულმა საომარმა მოქმედებებმა არამიანცს თითქმის მთელი ქონება დააკარგვინა. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, მას მხოლოდ 7,000 მანეთი და ტფილისში მტკვრის სანაპიროზე ერთი პატარა სახლი დარჩა. არამიანცს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და 1884 წელს ბაქოში გამგზავრებამდე მისი კაპიტალი 40,000 მანეთს შეადგენდა.
1880-იანი წლების ბაქომ უკვე გაითქვა მსოფლიოში სახელი როგორც ნავთობის მოპოვების ცენტრმა. ქალაქში უკვე მუშაობდნენ ისეთი დიდი ფინანსური ოჯახები, როგორიც როტშილდები და ნობელები გახლდნენ. მათთვის კონკურენციის გაწევა რომ შეძლებოდა, არამიანცმა ბიზნესში ძველი მეგობრის ჩართვა გადაწყვიტა. ეს ტფილისის უმსხვილესი კომერციული ბანკის აქციონერი და ვიცე-თავმჯდომარე, პირველი გილდიის ვაჭარი ალექსანდრე მანთაშევი იყო. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ არამიანცის თავრიზში ყოფნისას გაიცნეს. მანთაშევი ირანში მამასთან იყო ჩასული და იქ საკმაოდ დიდ მოგებას ვაჭრობით ნახულობდა.
თავდაპირველად ორ ადამიანს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და მანთაშევი დათანხმდა კიდეც არამიანცის შემოთავაზებას, ბაქოში საერთო სანავთობო ბიზნესი დაეწყოთ.
სანავთობო ბიზნესი კარგად ვითარდებოდა, რაც აისახა კიდევაც 1899 წლის 11 ივნისს სააქციო და სანავთობო საზოგადოება “ა.ი. მანთაშევი და კომპანიის” დებულების ოფიციალურად დამტკიცებით. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ ტფილისის პირველი გილდიის ვაჭარი მანთაშევი და ბაქოს პირველი გილდიის ვაჭარი არამიანცი. საერთო კაპიტალი 22 მილიონ მანეთს შეადგენდა, ანუ სულ 88 000 აქცია, სადაც თითოეული 250 მანეთად ფასობდა. მიღებული დებულების მიხედვით, კომპანიას ხუთი დირექტორისგან შემდგარი საბჭო მართავდა, რომლის არჩევაც აქციონერთა საერთო კრებით ხდებოდა. ამ კომპანიაში მიქაელ არამიანცს 25%-იანი წილი ჰქონდა.
ნავთობი მომავლის ბიზნესი აღმოჩნდა. არამიანცის საქმიანობა დღითი დღე ფართოვდებოდა. მაგალითისთვის, აფშერონის ნახევარკუნძულზე (სადაც ქალაქი ბაქო მდებარეობს) კომპანიის საკუთრებაში იყო ნავთობით მდიდარი დაახლოებით 174 ჰექტარი მიწის ფართობი. არამიანცს ასევე ეკუთვნოდა ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი და უამრავი სახელოსნო. სხვადასხვა მონაცემით, არამიანცს წარმომადგენლობა ჰქონდა გახსნილი სმირნაში (თანამედროვე დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქი იზმირი), სალონიკში (საბერძნეთი), კონსტანტინოპოლში (თანამედროვე სტამბოლი), ალექსანდრიასა და კაიროში (ეგვიპტე). ამის გარდა წარმომადგენლობები ჰქონდა ჩამოყალიბებული დასავლეთ ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი, ლონდონი, ბომბეი და შანხაი.
თუმცა დროთა განმავლობაში არამიანცსა და მანთაშევს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კომპანიის მიერ მიღებული დიდი შემოსავალი ორ მდიდარ ადამიანს შორის განხეთქილების საგნად იქცა. მანთაშევს კომპანიაში სრული დომინირება სურდა და ამიტომაც მალულად დაიწყო თავისი კომპანიონების აქციების შესყიდვა, რაც საერთო ბიზნესიდან მათ განდევნას გამოიწვევდა. არამიანცს მოუწია გასვლა სანავთობო წამოწყებიდან და საერთოდ ქალაქ ბაქოდან უკან, ტფილისში დაბრუნება. იმ დროისათვის მისი ქონება გაყიდული აქციებიდან 10,000,000 მანეთს აღწევდა.
თუმცა აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც დიდად იმოქმედა არამიანცის გადაწყვეტილებაზე, ბაქო დაეტოვებინა: პრობლემები საკუთარ ოჯახში. მის მეუღლეს, ეღისაპეტს, ბაქო არ მოსწონდა და ის უფრო პროვინციულ განუვითარებელ ადგილად მიაჩნდა. ოჯახში ხშირი იყო უთანხმოებები და არამიანცი იძულებული გახდა, დათანხმებოდა ცოლის დაჟინებულ მოთხოვნებს, ტფილისში დაბრუნებულიყვნენ. თუმცა ამასაც კი არ გაუუმჯობესებია მდგომარეობა ოჯახის შიგნით. ეღისაპეტი ქალაქის სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში არამიანცის ქონების ფლანგვას განაგრძობდა. აქ კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება იყო. ბაქოში ყოფნისას არამიანცს ხელში ჩაუვარდა მეუღლის სასიყვარულო წერილები, რამაც ის ღალატში ამხილა ბაქოს გუბერნატორის დაცვის წევრთან. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ 1884 წელს ტფილისიდან ბაქოში გამგზავრებამდეც არამიანცამდე მოდიოდა ბევრი ჭორი ეღისაპეტის ღალატის შესახებ.
ასე, არამიანცის ბაქოდან წასვლა ნაკარნახევი იყო როგორც გართულებული ბიზნესგარემოთი, ასევე პირადი, ოჯახური მიზეზებით. ეღისაპეტასთან ცხოვრების გაგრძელება წარმოუდგენელი გახდა და მთელი რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა. პირველი ქორწინებიდან მიქაელ არამიანცს ექვსი შვილი დარჩა.
ეღისაპეტის შემდეგ, ტფილისში დაბრუნებული არამიანცი ქალაქის იმ დროს ცნობილ ლამაზმანს, ევგენია შხიანცს დაუახლოვდა. მართალია, არამიანცს ევგენია ოფიციალურად ცოლად არ შეურთავს, თუმცა ის მას საზოგადოდ თავის მეუღლედ სახავდა. მიქაელმა ევგენიას ქალაქის ცენტრში, თანამედროვე კოსტავას ქუჩის დასაწყისში, სამსართულიანი სახლი აუშენა. დღემდე შემორჩენილი ეს სახლი არქიტექტურული თავისებურებით გამოირჩევა. არამიანცმა შხიანცის სახლის ეზოში პარიზში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ბრინჯაოს ირმების სკულპტურა დადგა. თუმცა აქაც, უკვე მეორედ, არამიანცს არ გაუმართლა: ურთიერთობა ევგენიასთან ხანმოკლე გამოდგა, რადგან შხიანცმა ის მიატოვა და საყვარელთან ერთად ტფილისიდან გაიქცა.
არამიანცის ტფილისში საბოლოოდ გადმოსვლამ ასევე იმოქმედა მის ბიზნესსაქმიანობაზე. ამიერიდან ის არ იყო ნავთობის ბიზნესში და იძიებდა ახალ სფეროებს, სადაც დიდი ფულის შოვნას მოახერხებდა. ბევრ სხვა საქმიანობასთან ერთად მშენებლობის ბიზნესმა დიდი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. ეს ერთგვარი ქველმოქმედებაც იყო და ახალი ბიზნესწამოწყებაც. მაგალითად, არამიანცმა გოლოვინის (თანამედროვე რუსთაველის გამზირი) პროსპექტზე ააგო მდიდრული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, “არფასტო” (არამი, ფლორა, ანა, სოლომონი, თამარა (უფროსი ვაჟის მეუღლე) და ოვანესი) უწოდა. დღეს ამ შენობაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია განთავსებული.
შემდეგ არამიანცმა გოლოვინის პროსპექტზევე კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტის წამოწყება გადაწყვიტა. გოლოვინისა და ბარიატინსკის ქუჩების კვეთაზე ვინმე როტინოვის სახლი მდგარა, სადაც ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს ატელიე ჰქონდა მოწყობილი. არამიანცმა ეს შენობა შეისყიდა და მომავალი სასტუმროს პროექტის შექმნა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ტფილისსა და ბაქოში ცნობილ არქიტექტორს, გაბო ტერ-მიქელოვს მიანდო. არამიანცმა ტერ-მიქელოვი ევროპაში გაამგზავრა პროექტზე სამუშაოდ. შედეგად, 1915 წელს, გოლოვინის გამზირზე აშენდა სასტუმრო “მაჟესტიკი”, რომელიც დღეს ჩვენთვის “თბილისი მარიოტით” არის წარმოდგენილი. “მაჟესტიკის” მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან არქიტექტურულად შენობა მომრგვალებული ფორმის იყო.
თუმცა თუ არამიანცის ეს ორი პროექტი ნაწილობრივ კომერციული ხასიათის იყო, მისი ყველაზე დიდი და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ტფილისისთვის პირველი თანამედროვე საავადმყოფოს აშენება.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ტფილისში მხოლოდ ერთი, მუნიციპალური კლინიკა მოქმედებდა, რომელსაც ხალხი “მიხაილოვის საავადმყოფოს” ეძახდა. პატარა სივრცისა და უფრო მეტად კი პაციენტების დიდი ნაკადის გამო, საავადმყოფო მუდმივად გადატვირთული იყო. XX საუკუნის დასაწყისში არსებული სტატისტიკის მიხედვით, “მიხაილოვის საავადმყოფო” ყოველწლიურად დაახლოებით 6 000 პაციენტს ეუბნებოდა უარს მკურნალობაზე დაწესებულებაში ადგილების სიმცირის გამო. ტფილისში შეუძლებელი იყო ნორმალური სამედიცინო მომსახურების მიღება. შესაბამისად, ახალი სამედიცინო დაწესებულება ქალაქის პირდაპირ საჭიროებას წარმოადგენდა. იმ დროს ტფილისის თავი ალექსანდრ არღუთინსკი-დოლგორუკი იყო, რომელიც ბაქოში 1902 წელს მიქაელ არამიანცთან გამართულ საუბარს იხსენებდა:
“– რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ტფილისს? – მკითხა არამიანცმა.
– ქალაქს ბევრი რამე სჭირდება, მაგრამ უმთავრესი საავადმყოფოა. მიხაილოვის საავადმყოფოს ქალაქი ინახავს და ვალდებულია, მთელ მხარეს მოემსახუროს. ამადაც ბუნებრივია, რომ სნეულების მეათედსაც ვერ ართმევს თავს. ქალაქს კი ახალი საავადმყოფოსთვის ფული არ აქვს…”
ამ საუბრიდან ერთი წლის თავზე, 14 აპრილს ქალაქის უკვე ყოფილი თავისთვის მიწერილ წერილში არამიანცი იუწყებოდა: “მაქვს პატივი, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებასა, რომ ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას 100,000 მანეთს ვწირავ”. მშენებლობის დაფინანსების სანაცვლოდ არამიანცს სურდა, რომ საავადმყოფოს მისი სახელი დარქმეოდა.
საავადმყოფო რამდენიმე წლის განმავლობაში არქიტექტორ პავლე ზურაბიანის ხელმძღვანელობით შენდებოდა. მიუხედავად შემოწირულებისა, მშენებლობის საქმე ჭიანურდებოდა. მაგალითად, იმდროინდელ გაზეთებში გამოითქვა წუხილი, რომ ვერ ხერხდებოდა დროულად საავადმყოფოს არქიტექტურული გეგმის შემუშავება. ასე, პირველი გეგმის მიხედვით, შენობა 100,000 მანეთის ნაცვლად 140,000 მანეთამდე დაჯდებოდა, რამაც გამოიწვია საქმის გადადება, რათა ახალი შედარებით იაფი პროექტი შემუშავებულიყო.
საინტერესოა, რა ვნებათაღელვა გამოიწვია თავიდან არამიანცის მიერ 100,000 მანეთის შეწირვამ. მაგალითად, ტფილისის ქალაქის საბჭო დიდი ხნის განმავლობაში ბჭობდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხარჯათ აღნიშნული თანხა. ყველა თანხმდებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო საავადმყოფო, თუმცა საბჭოს წევრები ვერ თანხმდებოდნენ, უნდა ყოფილიყო ეს მხოლოდ “შინაგან სნეულებათა საავადმყოფო” თუ მასში ქირურგიული განყოფილებაც მოიაზრებოდა. მესამე ჯგუფი კი ფიქრობდა, რომ “შეშლილთა და სულით დავრდუმილთა საავადმყოფო უფრო საჭიროა ქალაქისთვისაო”. ამ უკანასკნელი მოსაზრების მთავარი მომხრე იყო საბჭოს წევრი, ექიმი მ. გედევანიშვილი. საბოლოოდ გაადაწყდა, რომ “შინაგან სნეულებით ავადმყოფთა სამკურნალო” გახსნილიყო.
საბოლოოდ საავადმყოფო 1909 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, 1910 წლის თებერვალში ამუშავდა. არამიანცის შემოწირულებით მთელი ქალაქი–საავადმყოფო აშენდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებით. არამიანცი საკუთარი სახსრებით ინახავდა შენობას, ავადმყოფების მკურნალობის საფასურს იხდიდა და თანამშრომლების ხელფასებსაც თავად უზრუნველყოფდა. ე. წ. “არამიანცის საავადმყოფოში” ევროპიდან რენტგენის აპარატიც კი ჩამოიტანეს, რომელიც იმდროინდელ მეფის რუსეთში ძნელად თუ მოიპოვებოდა. უახლესი სამედიცინო ტექნიკის ყიდვა 250,000 მანეთი დაჯდა. თავდაპირველად კოპლექსი 100-120 პაციენტზე იყო გათვლილი, თუმცა სხვა მონაცემების მიხედვით, ახალ საავადმყოფოში 300-მდე ადგილი უნდა მოეწყოთ.
საავადმყოფოს დაგეგმარება განსაკუთრებული იყო და, მაგალითად, ქალაქში ეპიდემიის შემთხვევაში შესაძლებელი იყო საავადმყოფოს ოთხ იზოლირებულ ნაწილად დაყოფა. საავადმყოფოს ასევე გააჩნდა თავისი დამოუკიდებელი ელექტროსადგური, ცენტრალური გათბობა, სავენტილაციო სისტემა, სამზარეულოები და პროზექტურა.
სხვადასხვა მონაცემის გამოთვლით, “არამიანცის საავადმყოფოს” აშენება-აღჭურვაზე დაახლოებით 500,000 მანეთამდე დაიხარჯა.
1919 წლის 14 მაისს ტფილისის რუსულენოვანმა გაზეთმა “გრუზიამ” კრიმინალური ქრონიკის სვეტში ერთი პატარა ინფორმაცია დაბეჭდა, რომელიც ადამიანის გატაცებას ეხებოდა:
“ამა წლის 12 მაისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, სერგის ქუჩაზე (დღევანდელი მაჩაბლის ქუჩა – ე. ა.) საკუთარი სახლიდან გამოვიდა ვაჭარი არამიანცი, რომელიც საქმეებზე მიემართებოდა. ლერმონტოვისა და სერგის ქუჩების კვეთაზე იგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირებმა არამიანცს ხელი სტაცეს და იქვე გაჩერებულ ავტომობილში შეაგდეს. შემდეგ ავტომობილი სწრაფად გაქანდა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. როგორც შემთხვევის ადგილას მისულ მილიციელებს თვითმხილველებმა განუცხადეს, გამტაცებელთა ბანდამ არამიანცი მანქანაში იარაღის მუქარით ჩასვა. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღები სამნი იყვნენ. მოქალაქეებმა ისიც შენიშნეს, რომ ავტომობილის ნომერი იყო 19”.
ქალაქის მილიციამ არამიანცის გათავისუფლებისთვის ზომები მიიღო. სწრაფად მიაგნეს და დააკავეს ავტომობილის მძღოლი, ვინმე ერნესტ კრონტალი. მძღოლის ჩვენებით, არამიანცი გამტაცებლებმა ტფილისში, თანამედროვე კუკიის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს. გამტაცებელთა აღმოსაჩენად მილიციამ ღამით ნაძალადევის რაიონში ტოტალური ჩხრეკა ჩაატარა და რამდენიმე საეჭვო პირი დააკავა. გაზეთები არ წერდნენ, რა ვითარებაში მოხერხდა არამიანცის გათავისუფლება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღებმა ვაჭარი გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.
იმავე დღეს, ტფილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა, ფაჩულიამ არამიანცი დაკითხა, მაგრამ მისგან რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მიიღო. არამიანცი ამბობდა, რომ გამტაცებლებს არ იცნობდა, მათი გარეგნობა ვერ დაიმახსოვრა და ამდენად, ბოროტმოქმედთა ამოცნობას ვერ შეძლებდა. არამიანცი ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ 14 ათასი რუბლი წაართვეს, ხოლო ოქროს საათი და ბრილიანტებით მოჭედილი სამკაული უკან დაუბრუნეს.
მიუხედავად ასეთი მწირი ინფორმაციისა, მილიციამ ძებნა განაგრძო და ჭიათურაში, არამიანცის ერთ-ერთი გამტაცებელი, ლაცია ლოლაძე დააკავა, რომელიც ტფილისში გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩამოიყვანეს. ცოტა ხანში დადგინდა გამტაცებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობაც – ეს იყო ცნობილი ყაჩაღი, ფირანა ზანდუკელი.
“ტფილისის მილიციის უფროსს მოუვიდა ცნობა, რომ ცნობილი ყაჩაღი ზანდუკელი, რომელსაც ბრალდებოდა აუარებელი დანაშაული – მილიციელის და გვარდიელის მოკვლა, არამიანცის მოტაცება და სხვა, იმალებოდა ჯვრის მონასტერში (მცხეთის რაიონში). მის დასაჭერათ, 7 ივნისს, ნაშუაღამევის პირველის ნახევარზედ ტფილისიდან 2 ავტომობილით გაემგზავრნენ მილიციელები. მილიციის უფროსის სულაქველიძის, სისხლის სამართლის უფროსის ფაჩულიას და საგანგებო რაზმის უფროსის კედიას მეთაურობით. რაზმმა ალყა შემოარტყა ჯვრის მონასტერს. გაჩხრიკეს ბერთა ბინა, მაგრამ ზანდუკელი არ აღმოჩნდა. დაიკითხა ბერი ილარიონი (ერობაში ილია ოზაშვილი), რომელიც ეკლესიას სდარაჯობდა. მან კატეგორიულად უარჰყო მონასტერში ვინმეს ყოფნა”.
ეს ერთადერთი გატაცება არ ყოფილა არამიანცების ოჯახში. ჯერ კიდევ 1907 წელს, ბოროტმოქმედებმა მისი შვილი, სოლომონი გაიტაცეს. არამიანცმა მის დასახსნელად 100 ათასი რუბლი გადაიხადა, თუმცა ოჯახის თავს უეცრად დამტყდარი ქარტეხილები ამით არ ამოწურულა. 1908 წელს, მიუხედავად საუკეთესო საექიმო დახმარებისა, მიქაელის მეორე ვაჟი, ოვანესი გარდაიცვალა. წყალი შეუდგა ოჯახის ქონებასაც.
1910-იან წლებში საქართველოში ბიზნესი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. მხოლოდ ძირფესვიანი შიდა ან საგარეო პოლიტიკური ცვლილებები თუ გამოიწვევდა ამ პროცესის შეჩერებას. სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიისთვის და კერძოდ საქართველოსთვის ასეთი მოვლენა პირველი მსოფლიო ომი და უმეტესწილად ამით გამოწვეული რუსეთის 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციები იყო. ეს არ ჰგავდა ზემოთ ნახსენებ, არამიანცის მიერ 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად შემცირებულ ქონებას.
1914-1917 წლების მდგომარეობა განსხვავებული იყო, რადგან არა მარტო მცირდებოდა სავაჭრო ბრუნვა მეზობელ ქვეყნებთან დაკეტილი საზღვრების გამო, არამედ 1917 წლიდან შეიცვალა რუსეთის იმპერიაში არსებული სოციალური წესრიგი, რომელშიც მდიდარი ადამიანები ნეგატიურად აღიქმებოდნენ, 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის შესვლის შემდეგ კი მათი ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.
არამიანცი არ იყო გამონაკლისი და 1918-1921 წლებში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ მას სასტუმროები და სახლები ჩამოართვა. გოლოვინის პროსპექტზე მდებარე მის სასტუმროებში 1918 წელს ჯერ გერმანია-კავკასიის სავაჭრო ბანკი გახსნეს, 1919 წელს კი პროფკავშირებს გადასცეს. არამიანცს მხოლოდ სერგის 4 ნომერში მდებარე სახლი დარჩა. არამიანცის ქონებას ტფილისის გარეთაც უქმნიდნენ პრობლემებს. 1918 წლის 1 მარტს გაზეთი “ერთობა” იუწყებოდა, რომ ბორჩალოს მაზრაში (სამხრეთი საქართველო) დაიწყო მდიდარი ადამიანების მამულების დარბევა. მათ რიცხვში იყვნენ სუმბათოვის, მელიქოვებისა და არამიანცის სახლები.
1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ არამიანცი სერგის ქუჩიდანაც გამოაგდეს. მიქაელს საკუთარ სახლში მხოლოდ პატარა სარდაფი შერჩა, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
ტფილისის საპატიო მოქალაქე, ვაჭართა უმაღლესი გილდიის წევრი მიქაელ არამიანცი, რომლის ქონებაც ოდესღაც მილიონებს შეადგენდა, 1924 წელს ტფილისში გარდაიცვალა. არამიანცი ხოჯევანქის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა მოგვიანებით სასაფლაოს დანგრევის შემდეგ არამიანცის საფლავი სამუდამოდ დაიკარგა.