რატომ არ არის საქართველოში მაღალი ხელფასები?

რატომ არ არის საქართველოში მაღალი ხელფასები?

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,600 ლარია. თუმცა, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ, ხელზე ასაღები საშუალო ხელ­­ფასი 1,280 ლარი გამოდის. შედარებისთვის, ევრო­კავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყანაში – ბულგარეთშიც კი, ხელზე ასაღები საშუალო თვიური ხელფასი 1,500 დოლარამდეა, რაც საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე თითქმის 3-ჯერ მეტია.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმე­ბული იყო 929 ათასი ადამიანი და მათგან მხოლოდ 23%-ს ჰქონდა თვეში 1,900 ლარზე (ხელზე ასაღები) მეტი ხელფასი. დასაქმებულთა 57% 500 ლარიდან 1,900 ლარამდე ხელფასს იღებდა, ხოლო 182 ათას ადამიანს, დასაქმებულთა 20%-ს, 500 ლარზე ნაკლე­ბი ხელფასი ჰქონდა.

საქართველო დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ ქვეყანაში მაღალი ხელფასი მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს. არ არსებობს ღა­რიბი ქვეყანა, სადაც დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილს მაღალი ხელფასი აქვს. შესაბამისად, საინ­­ტერესოა, როდის ექნება საქართველოში დასაქმე­ბულთა უმეტესობას მაღალი ხელფასი?

ბოლო 12 წელიწადში, პანდემიური 2020 წლის გა­მოკლებით, საქართველოს ეკონომიკა ყოველ წელს იზრდებოდა და, შესაბამისად, ხელფასებიც უნდა გაზრდილიყო. ამასთან ერთად, გასათვალისწინებე­ლია ინფლაციის დონე, რომელიც ხელფასის მსყიდ­­ველობით უნარს ამცირებს. ინფლაციის ეფექტის გამოკლებით ვიღებთ რეალურ ხელფასს და სწორედ რეალური ხელფასი უნდა იზრდებოდეს, რომ დასაქ­­მებულის კეთილდღეობა ამაღლდეს, ანუ ხელფასით მეტი საქონელი და მომსახურება იყიდოს. მაგალი­თად, თუ დასაქმებულის ხელფასი ბოლო ერთ წელი­წადში გაიზარდა 15%-ით, რადგან ამავე პერიოდში 11%-იანი ინფლაციაა, მისი რეალური ხელფასი გაზრ­­დილა მხოლოდ 4%-ით. გვახსოვს 1990-იანი წლები, როდესაც დასაქმებულებს ხელფასი მილიონობით კუპონი გაუხდათ, მაგრამ ერთი თვის ხელფასით ერთ პურსაც ვერ ყიდულობდნენ. შესაბამისად, ხელ­­ფასების ზრდა ნიშნავს რეალური ხელფასის ზრდას.

2010 წლის შემდეგ საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 166%-ით არის გაზრდილი, 598 ლარიდან 1,592 ლარამდე. მაგრამ, თუ ვნახავთ რეა­ლურ ხელფასს, ანუ გამოვაკლებთ ინფლაციის გამო ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებას, ზრდა 51%-ია, რაც 12 წლისთვის მაღალი ზრდა არ არის. ნომინალური ხელფასი წლიურად საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა, ხოლო რეალური – 4.5%-ით. ამის მიზეზი მაღალი ინფლაცია იყო. 2011, 2019 და 2021 წლებში რეალური ხელფასი შემცირდა.

საშუალო თვიური (ხელზე ასაღები) ხელფასი, ლარი

მონაცემების წყარო: საქსტატი

მოსახლეობა ხელფასის ზრდასთან ერთად, მსყიდველობითი უნარისა და კეთილდღეობის ზრდას იგრძნობს, თუ მაღალი ინფლაცია არ იქნება და ხელფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გადაა­ჭარბებს ფასების ზრდის ტემპს.

არ არსებობს მეთოდი, თუ გზა, რაც 1-2 წელიწად­­ში საქართველოში ხელფასებს იმდენად გაზრდის, რომ თუნდაც ევროკავშირის ყველაზე დაბალშემო­სავლიან ქვეყნებს დაუახლოოს. მაგრამ არსებობს რეალური ხელფასის ყოველწ­­ლიურად მნიშვნელოვნად ზრდის შესაძ­­ლებლობა.

პირველ რიგში, ხელფასის სიდიდეს შრომის პროდუქტიულობა განაპირო­ბებს, ანუ ის, თუ რა თანხის საქონელს ან მომსახურებას ქმნის ადამიანი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მაგალითად, თუ ადამიანმა თავისი შრომით თვეში არ შექ­­მნა 1,000 ლარზე მეტი ღირებულების სა­ქონელი ან მომსახურება, მას 1,000 ლარი ან უფრო მაღალი ხელფასი ვერ ექნება. ეს მარტივი დასანახია თვითდასაქმებულის მაგალითზე, რომელსაც დამქირავებელი არ ჰყავს და თვითონ წყვეტს, რა ფასი და­ადოს საკუთარ შრომას.

2022 წელს საქართველოში ერთი და­საქმებულის თვიურმა შრომის პროდუქ­­ტიულობამ 4,658 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ 2015 წლის შემდეგ ფასების ზრდას თუ გამოვრიცხავთ, ანუ რეალურ შრომის პროდუქტიულობას ვნახავთ, 37%-ით არის გაზრდილი. ზრდა არ არის მცირე, მაგრამ საბაზისო ეფექტის გამო ხელფასები ისევ დაბალი რჩება. ეს ნიშნავს, რომ ხელფასე­ბი იმდენად დაბალი იყო, რომ მისმა 37%- ით ზრდამ მაღალი ხელფასი არ მოგვცა.

საქართველოში შრომის პროდუქტიუ­ლობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია დასაქმების სფეროების მიხედვით. 2022 წელს შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მაღალი – თვეში 16,010 ლარი – ინფორ­­მაციისა და კომუნიკაციის სფეროში იყო, ანუ რეალურად – საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT). შემდეგ მოდიოდა საფინანსო საქმიანობები 8,676 ლარით. პროდუქტიულობა ყველაზე დაბალი 1,540 ლარი განათლებაში დასაქმებულებში იყო. ოდნავ მეტი – 1,588 ლარი – იყო სოფ­­ლის მეურნეობაში. შესაბამისად, საქართ­­ველოში დაბალი ხელფასების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალპრო­დუქტიული დარგებია. განათლებასა და სოფლის მეურნეობაში 380 ათასი ადამი­ანია დასაქმებული. განათლებაში საშუა­ლო ხელფასი 800 ლარია, ხოლო სოფლის მეურნეობაში – 900 ლარი. შედარების­­თვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებში საშუალო ხელფასი 3,000 ლარამდეა.

შრომის პროდუქტიულობასთან ერ­­თად მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა წილს იღებს დასაქმებული მის მიერ შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებიდან. პირველ რიგში, ეს და­მოკიდებულია იმაზე, თუ რა წილი მოდის საქონლისა და მომსახურების თვითღი­რებულებიდან – გაწეულ შრომაზე. ამის მიხედვით დასაქმების სფეროები განსხ­ვავებულია. სადაც გაწეული შრომის წილი თვითღირებულებაში მაღალია, ასეთ სფეროებს შრომატევადს ეძახიან და პი­რიქით, სადაც ღირებულებას ძირითადად კაპიტალი ქმნის – კაპიტალტევადს. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ტექნოლო­გიატევადი დარგები, ანუ სადაც თვითღი­რებულების უმეტესი წილი ტექნოლოგიებ­­ზე მოდის.

შრომის პროდუქტიულობა საქართველოში, ლარი თვეში

მონაცემების წყარო: საქსტატი

საქმიანობის სფეროს სპეციფიკასთან ერთად, დასაქმებულის მიერ მიღებულ წილს განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არ­­სებული მდგომარეობა. ქვეყნებში, სადაც მაღალი უმუშევრობაა, დამსაქმებელს შე­უძლია, მეტი მოგება ნახოს დაქირავებულ შრომაზე და პირიქით, სადაც დაბალი უმუ­შევრობაა, დამსაქმებელი იძულებულია, დასაქმებულს შექმნილ ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული ხელფასი გადაუხადოს.

2021 წელს საქართველოს ეკონომი­კაში ხელფასის წილი 54% იყო (UNECE). მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში ანალოგიური მაჩვენებელი 68%-ია, საქარ­­თველოს 54% დაბალი მაჩვენებელი არ არის. მაგალითად, ფინეთშიც 54%-ია, ის­­რაელში – 53%, პოლონეთში – 49%. საქარ­­თველოს ეკონომიკაში ხელფასის მაღალი წილი არაეფექტიანი დასაქმების შედეგია და არა მაღალი ხელფასების. არაეფექტი­ანი დასაქმება ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დაბალია შრომის დამზოგავი ტექნოლო­გიების გამოყენების დონე. არაეფექტიანი დასაქმების ყველაზე კარგი მაგალითი საქართველოს სოფლის მეურნეობაა, სა­დაც 229 ათასი ადამიანია დასაქმებული (მთლიანი დასაქმების 19%), რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის 7%-ს ქმნიან.

საქართველოში რომ ხელფასები მნიშ­­ვნელოვნად გაიზარდოს, სამი პროცე­სი უნდა განვითარდეს პარალელურად: გაიზარდოს შრომის პროდუქტიულობა, შემცირდეს უმუშევრობა და შეიქმნას მა­ღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.

შრომის პროდუქტიულობის ზრდისთვის აუცილებელია:
  1. ინვესტიციების ზრდა – ერთ დასაქმებულზე უნდა მოდიოდეს უფრო მეტი კაპიტალური ინვესტიცია, მათ შორის უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტ­­რუქტურა.
  2. სამუშაო ძალის განათლებისა და კვალიფიკაციის ზრდა – ქვეყანაში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარ­­დოს განათლების დონე, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და შრომის კულტურა.
  3. ტექნოლოგიური პროგრესი – ტექნოლოგიური განვითარება დასაქმე­ბულს შესაძლებლობას აძლევს, რასაც დღეს რამდენიმე ადამიანი აკეთებს, მარ­ტომ გააკეთოს და, შესაბამისად, ანაზღაუ­რებაც მეტი აიღოს.

უმუშევრობის შემცირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. ასევე აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც შრომის პროდუქტი­ულობას ზრდის, ახალი სამუშაო ადგი­ლების შექმნას ართულებს, თუ ქვეყანა თავად არ ქმნის ტექნოლოგიებს. აქედან გამომდინარე, დღეს სამუშაო ადგილების შესაქმნელად გაცილებით მეტი ეკონო­მიკური ზრდაა საჭირო, ვიდრე წინა ათწ­­ლეულებში იყო. უმუშევრობის შემცირება დამსაქმებელს იაფი სამუშაო ძალის ალ­­ტერნატივებს შეუმცირებს და აიძულებს, დასაქმებულებს შეძლებისდაგვარად გაუ­ზარდოს ხელფასი.

შრომის პროდუქტიულობა საქართველოში, ლარი თვეში, 2022 წელი

დასაქმების სფერო

ლარი

ინფორმაცია და კომუნიკაცია

16,010

საფინანსო საქმიანობები

8,676

ხელოვნება, გართობა და დასვენება

7,457

მრეწველობა

5,423

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

4,819

სასტუმროები და რესტორნები

4,646

ტრანსპორტი და დასაწყობება

4,221

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

4,129

მშენებლობა

3,849

სახელმწიფო მმართველობა

3,664

ჯანდაცვა

2,971

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება

2,405

სოფლის მეურნეობა

1,588

განათლება

1,540

მონაცემების წყარო: საქსტატი

მაღალანაზღაურებადი სამუშაო ად­­გილების შექმნა სამუშაო ძალის განათ­­ლებისა და კვალიფიკაციის დონეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ხელფასები მნიშვნელოვ­­ნად არ იზრდებოდეს, რადგან ზრდა იყოს ისეთ დარგებში, რომლებიც იაფ სამუ­შაო ძალაზეა დაფუძნებული. ეს ქვეყანას გამოიყვანს უკიდურესი სიღარიბიდან, მაგრამ არ გაამდიდრებს. ქვეყნის მოსახ­­ლეობა ვერასდროს ვერ იქნება მდიდა­რი, თუ მისი ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობაში და დაბალკვალიფიციურ მოთხოვნებზე დაფუძნებულ მომსახურე­ბის სექტორშია დასაქმებული. სამუშაო ძალის განათლებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლება კი განათლების სისტე­მის რეფორმას საჭიროებს.

თუ საქართველოში განათლების დონე არ ამაღლდება და თანამედროვე, მოთხოვნადი მომსახურებისა და ტექნო­ლოგიების მიმწოდებელი ქვეყანა არ გავ­­ხდებით, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დაბალი ხელფასი ექნება. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ბუნებრი­ვი რესურსების გაყიდვის გარეშე არის მდიდარი და ამ ქვეყნის მოსახლეობის განათლებისა და კვალიფიკაციის დონე დაბალია. საქართველო გამონაკლისი ვერ გახდება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) სამუშაო ძალის კვალი­ფიკაციის რეიტინგში საქართველო 125-ე ადგილს იკავებს 141 ქვეყანას შორის.