რაიან რეინოლდსი „ფორმულა 1“-ის გუნდ Alpine-ის ინვესტორებს შორისაა

რაიან რეინოლდსი „ფორმულა 1“-ის გუნდ Alpine-ის ინვესტორებს შორისაა

ამერიკელი მსახიობები რაიან რეინოლდსი და რობ მაკელენი ინვესტორთა ჯგუფში არიან, რომელმაც „ფორმულა 1“-ის გუნდ Alpine-ში 25%-იანი წილი შეისყიდა. გარდა ამისა, ჰოლივუდის ვარსკვლავები უელსის საფეხბურთო კლუბ Wrexham-ის მფლობელებიც არიან.

Alpine-ის მფლობელი საავტომობილო გიგანტის, Renault-ს ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობები „ფორმულა 1“-ის გუნდში ინვესტირებას Otro Capital-თან და RedBird Capital Partners-თან ერთად ახორციელებენ. 200 მილიონი ევროს ღირებულების შეთანხმება, ბრიტანულ Alpine Racing-ს დაახლოებით 825 მილიონ ევროდ (£706 მილიონი) აფასებს.

ცნობისთვის, F1-ის კონსტრუქტორთა წლევანდელ ჩემპიონატში, Alpine-ი მეხუთე პოზიციას იკავებს. Alpine-ის აღმასრულებელი დირექტორის ლორენ როსის განცხადებით, ინვესტორთა ასოციაცია გუნდის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, ინვესტიცია გააძლიერებს F1-ის გუნდის მედიაპროფილს, რაც, თავის მხრივ, „გრძელვადიან პერსპექტივაში Alpine-ის პერფორმანსს“ გააუმჯობესებს.

ამერიკული საინვესტიციო ფირმა RedBird-ი, პრემიერლიგის კლუბ Liverpool-ისა და ბეისბოლის გუნდ Boston Red Sox-ის მფლობელ, Fenway Sports Group-ის ინვესტორიცაა. გარდა ამისა, RedBird-მა 2022 წლის აგვისტოში, 1.2 მილიარდ ევროდ, სერია A-ს კლუბი Milan-ი  შეისყიდა, საკონტროლო აქციების პაკეტს კი საფრანგეთის ლიგა 1-ის Toulouse-ში ფლობს.

რაც შეეხება რეინოლდსა და მაკელენს, მსოფლიოში მესამე უძველესი საფეხბურთო კლუბი ამერიკელმა მსახიობებმა 2021 წელს შეისყიდეს. უელსის Wrexham-მა აპრილში „ეროვნული ლიგის“ ტიტული მოიპოვა და საფეხბურთო ლიგაში, 15-წლიანი არყოფნის შემდგომ, დაბრუნდა.