ნუ იდარდებთ ტრამპის ტვიტებზე. Lockheed Martin-ი გააგრძელებს წარმატებულ განვითარებას, ვინაიდან პენტაგონისა და პოლიტიკოსებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი თავდაცვის კონტრაქტორი საკუთარ თავში სილიკონის ხეობასაც აერთიანებს და დეტროიტსაც.
ტრამპის ერთი ტვიტი და მსოფლიოს უმსხვილესი თავდაცვის კონტრაქტორის, Lockheed Martin-ის საბაზრო კაპიტალიზაციას $6 მილიარდი ჩამოეჭრა. F-35-ის პროგრამა და ხარჯები კონტროლს აღარ ექვემდებარება – 12 დეკემბერს, დილის 8 საათსა და 26 წუთზე ტრამპი Twitter-ზე ბუზღუნებდა და თავს ესხმოდა საბრძოლო თვითმფრინავ F-35 Joint Strike Fighter-ს, რომლის პროგრამული ხარჯი $1 ტრილიონზე მეტს შეადგენს და რომელიც ისტორიაში ყველაზე მსხვილი თავდაცვის პროექტია. ინვესტორები დაფრთხნენ, ვაითუ ტრამპი დაძირავს ან დააზიანებს პროექტსო, და Lockheed-ის აქციები 5%-ით დაეცა. Lockheed-ი იმედოვნებს, რომ მომდევნო 30 წელიწადში 3,000-ზე მეტ F-35-ს შექმნის, თითოს – $100 მილიონად.
ინვესტორებს არ უნდა ენერვიულათ. ეს 5%-იანი ვარდნა ზღვაში წვეთია Lockheed-ის აქციის ღირებულების იმ 170%-იან ზრდასთან შედარებით, 2013 წლის იანვარში აღმასრულებელ დირექტორ მერილინ ჰიუსონის მოსვლას რომ ახლდა თან. ამ პერიოდის მანძილზე ბეთესდაში (მერილენდი) დაფუძნებული კომპანია სტაბილურად მაღალ მოგებას აჩვენებს და თავდაცვის შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, $12 მილიარდი აქვს დაბრუნებული აქციონერებისთვის.
ტრამპი მალე მიხვდება, რომ ის ხულიგნურ-მჩაგვრელური ტაქტიკები, რომელთაც უძრავი ქონების გარიგებებში მიმართავს, თავდაცვის კონტრაქტორებთან არაფრად გამოადგება. F-35 სტელსის ტექნოლოგიით შეიქმნა, თუმცა ის კონგრესის დამხმარე ძალადაც გამოიყენება. ის ფორტ-უერთში (ტეხასი), 14,000 თანამშრომლით დაკომპლექტებულ კომპლექსში ეწყობა, ნაწილებს კი 45 შტატის მომმარაგებლებისგან იღებს და ჯამში, შეფასებათა თანახმად, თითქმის 150,000 სამუშაო ადგილს ქმნის, შესაბამისად, მძლავრ ეკონომიკურ ეფექტსაც ახდენს.
რომც გააუქმოს ტრამპმა პროგრამა (რაც იმდენადვეა რეალური, რამდენადაც ჰილარი კლინტონი რომ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატად), ცხადია, მტკივნეული იქნება, მაგრამ არა – ფატალური Lockheed-ისთვის, რომლის 2016 წლის შემოსავლები, დიდი ალბათობით, $46 მილიარდს გასცდება. გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით $45 მილიარდი – F35-ის განვითარების ხარჯები – უკვე დაფარული აქვთ, Lockheed-ი კი მილიარდობით დოლარის სხვა აღჭურვილობებს მიჰყიდის მთავრობას – Trident-ის ბალისტიკური რაკეტებითა და შვეულმფრენებით დაწყებული, საიდუმლო ჯაშუშური სატელიტებით დამთავრებული. ტრამპს აქვს უფლება, თავისი უკმაყოფილება გამოთქვას Twitter-ზე, მაგრამ Lockheed-ი პლანეტის იმ ერთი მუჭა კომპანიების რიცხვშია, რომელთაც შეუძლია, სრულიად ახლებური თავდაცვის ტექნოლოგიაც (ვთქვათ, რადარის „დამაბრმავებელი“ სტელსის თვითმფრინავები) შექმნას და თან კონვეიერულად მოახდინოს მისი მასობრივი წარმოება.
„ჩვენი ბიზნესი მთლიანად იმ ადამიანის გარშემო არ ტრიალებს, ვინც შეერთებული შტატების პრეზიდენტია“, – ამბობს არმიის საავადმყოფოს მენეჯერის ქალიშვილი, 62 წლის ჰიუსონი, რომლის კარიერა ალაბამის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა და რომელმაც ღამის სატელეფონო ოპერატორად მუშაობით გაიკაფა გზა. „ჩვენ უზარმაზარ მომარაგების ქსელს ვმართავთ, მთელ მსოფლიოში საერთაშორისო პარტნიორები გვყავს და სამართლიან უკუგებასაც ველით“.
ჰიუსონმა Lockheed-ში ფეხი 1983 წელს შედგა: მარიეტაში (ჯორჯია) ტურბოხრახიანი ძრავათი აღჭურვილ სატვირთო თვითმფრინავებზე, C-130-ზე, მუშაობდა. ამდენად, დიდი ხანია, დახელოვნებულია იმ ახირებებთან გამკლავებაში, მთავრობასთან საქმის კეთებას რომ ახლავს თან. ასე, მაგალითად, კონგრესს მოსწონს, როცა კონტრაქტები პაწაწინა წლიურ ნაგლეჯებადაა დაქუცმაცებული, რაც F-35-ის მსგავსი უშველებელი პროგრამების ჯამურ ხარჯებს ბუნდოვანს ხდის, თავად აღჭურვილობებს კი – უფრო ძვირსა და ნაკლებეფექტიანს გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ Lockheed-ის სისტემები ისეა ოპტიმიზებული, რომ შეუძლია, ამგვარ სამთავრობო ნონსენსს გაუმკლავდეს.
ჰიუსონი მთლიანად თავდაცვაზეა კონცენტრირებული, რაც გაყიდვათა 90%-ზე მეტს შეადგენს. მისი ერთ-ერთი ყველაზე თამამი სვლა 2015 წელს, United Technologies-ისგან Sikorsky-შვეულმფრენის შესყიდვა იყო $9 მილიარდად, რითაც $3.9-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა Marine One-ისთვის (23 შვეულმფრენისგან შემდგარი პრეზიდენტის პირადი ავიაფლოტი), რომელიც Lockheed-ს რამდენიმე წლით ადრე დაეკარგა. ეს პროგრამა ტრამპის აღშფოთებული ტვიტისთვის მომწიფებულია, მაგრამ Sikorsky კომპანიას იმაშიც ეხმარება, რომ „პრეზიდენტგამძლე“ გახდეს: Sikorsky-ს შვეულმფრენებს უცხოურ მთავრობებში დაბალხარჯიანი თავდაცვის პლატფორმის სახელი აქვს გავარდნილი და ამდენად, შესწევს ძალა, უცხოური გაყიდვები დღევანდელი 25%-იდან 30%-მდე აიყვანოს.
ამასთან, Sikorsky Lockheed-ს საშუალებას აძლევს, თავისი Skunk Works-ში ნაზარდი ტექნიკური უნარები წარმოაჩინოს. აიღეთ უპილოტო ფრენა. Lockheed-ის ინჟინრები ამ ტექნოლოგიის ოსტატები არიან. უპილოტო შვეულმფრენ K-Max-ს, მაგალითად, 2011 წლიდან (ანუ იმ დროიდან, რაც მისი გამოყენება დაიწყეს), 4.5 მილიონი ფუნტი ტვირთი აქვს გადაზიდული ავღანეთის შორეულ სამხედრო საგუშაგოებში. სრულიად შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელიწადში Lockheed-ის შვეულმფრენთა უმეტესობა უპილოტო გახდეს.
კვლევა და განვითარება თავდაცვის კიდევ ერთი სტრატეგიაა. Lockheed-ი წელიწადში საშუალოდ $700 მილიონს ხარჯავს ისეთი ტექნოლოგიის გამოგონებაზე, რომლის ყიდვაზეც პენტაგონი უარს ვერ ამბობს. კომპანიის ცნობადობა სილიკონის ხეობაში 1950-იანებიდან იწყება, როცა მის ინჟინრებს დებიუტი ჰქონდათ ისეთი ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიაში, რომლებიც ბირთვული ჭურვის გადმოფრქვევას ხდის შესაძლებელს. ახლა პალო-ალტოში და სხვაგანაც, ინჟინრები ულტრაბგერით თვითმფრინავებზე მუშაობენ, რომელთაც ქვეყნის გადასაკვეთად საათიც კი არ დასჭირდებათ; მუშაობენ, აგრეთვე, ბუნებრივი ენერგიით მკვებავ გამანადგურებლებზე, რომლებიც ლაზერული სხივებით რაკეტებს ერთიანად ააფეთქებენ, და კომპაქტურ თერმობირთვულ რეაქტორზე, რომელიც პატარა სატვირთო მანქანის საბარგულში ჩაეტევა და 100,000 მცხოვრებლით დასახლებული ქალაქის ენერგიით უზრუნველყოფას შეძლებს. „ჩემი საქმეა, დავრწმუნდე, რომ ჩვენი მომხმარებლების პრიორიტეტებისა და გარემოს ცვლილებების კვალდაკვალ, ჩვენც ვცვლით ჩვენი პროდუქტების პორტფოლიოს, რათა ეს ახალი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“, – ამბობს ჰიუსონი.
მაგრამ Lockheed-ი მხოლოდ მასიური კვლევითი ლაბორატორია როდია. ის წარმოების გიგანტიც არის და არა მხოლოდ ამოცანაზე მორგებულ, მეტად რთული და დახვეწილი ტექნოლოგიის ისეთ ავიაციურ აღჭურვილობას უშვებს, როგორიც F-35-ია, არამედ ფლოტისთვის რობოტულ წყალქვეშა ხომალდებსა და ჩქაროსნულ საბრძოლო გემებსაც აწარმოებს. მისი შექმნილია რაკეტა Patriot-ი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Aegis-ი და Viking-ის როვერები, დღემდე რომ მოგზაურობენ მარსზე. ტრამპი აღმოაჩენს, რომ ასეთი პროგრამები თუ უნდა, მწირი არჩევანის წინაშე დგას.
პენტაგონს Sidewinder-ის რაკეტების ყიდვა Raytheon-ისგან შეუძლია, ბირთვული წყალქვეშა ხომალდების კი General Dynamics-ისგან, მაგრამ Lockheed-ი ალბათ ერთადერთი კონტრაქტორია, რომელიც F-35-ის ზომის პროექტს რეალობად აქცევს. ჰიუსონის ყველაზე დიდი გამოწვევაა, დაარწმუნოს კონგრესი, – და დონალდი – რომ Lockheed-ს უფრო მსხვილი შეკვეთები მისცეს ისე, რომ ამ უკანასკნელს საშუალება მიეცემა, ხარჯები შეკუმშოს და ფასებიც $80-$85 მილიონის ფარგლებამდე დაიყვანოს (რაც ტრამპის პირადი თვითმფრინავის, 757-ის, ხარჯებზე ნაკლებია).
„თუ გავითვალისწინებთ, როგორია უსაფრთხოების გლობალური გარემო – როგორი გიჟურია და გამოწვევებით სავსე, და იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენს პროდუქტებს შესწევს ძალა, ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს, მაშინ ვფიქრობ, ჩვენი ზრდის ტემპები შესანიშნავია, – ამბობს ჰიუსონი. – ჩვენს ინდუსტრიაში სხვა კომპანიებს რომ ვუყურებ, მე უდავოდ ჩვენზე დავდებდი ფსონს“.