სატრანზიტო დერეფნის მდგრადობა – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ რისკების მართვის მნიშვნელობაზე საუბრობს

სატრანზიტო დერეფნის მდგრადობა – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ რისკების მართვის მნიშვნელობაზე საუბრობს

სწრაფად ცვლად გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება. ამასვე ადასტურებს, აღმოსავლეთ აზიის ბაზრებსა და  საქართველოს, თურქეთსა და ევროპის ბაზრებთან დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ ტვირთბრუნვის ზრდაც.

რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა 2022 წელს 26.8 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ამასთან, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 21% ევროკავშირის ქვეყნებზე გადანაწილდა.

მოცემული პოტენციალი, შეუმჩნეველი არ დარჩა  ევროპული გადამზიდავი კომპანიებისთვის: დერეფნის გამოყენება ავსტრიის Rail Cargo Group-მა, დანიის Maersk-მა, ფინურმა Nurminen Logistics-მა და ნიდერლანდურმა Rail Bridge Cargo-მაც აქტიურად დაიწყეს.

გაზრდილ ტვირთბრუნვას თან ახლავს რისკებიც. საერთაშორისო გადაზიდვების კონტექსტში საზღვაო და სატრანსპორტო რისკების დაზღვევა ინდუსტრიის მდგრადი, უსაფრთხო ოპერირებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. დაზღვევა პროცესში მონაწილე ყველა მხარის პოტენციური დანაკარგებისგან იცავს. ამასთან, დაზღვევა ასრულებს სამართლებრივ ვალდებულებებსა და სახელშეკრულებო მოთხოვნებს, იცავს საერთაშორისო სავაჭრო რეგულაციებს   და მხარეებს შორის ნდობას აძლიერებს.

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, საინვესტიციო შესაძლებლობები, გაზრდილი ტვირთბრუნვა და ამ პროცესში სადაზღვევო ინდუსტრიის მნიშვნელობა და გამოწვევები იყო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ 6 ივლისს გამართული კონფერენციის „რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის მდგრადობა – გამოწვევები და შესაძლებლობები“ მთავარი განსახილველი თემები.

კონფერენცია „ევროპული ბიზნესს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა გახსნა. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კვლევის – „შავი ზღვაზე რეგულარული საბორნე გადაზიდვების მიზანშეწონილობის“ შედეგებიც.  სატრანსპორტო ლოჯისტიკის, პორტებისა და საზღვაო მიმართულებით საერთაშორისო კონსულტანტის ხალიდ ბიჩუს განცხადებით, პროექტზე მომუშავე მისმა გუნდმა შავ ზღვაში საკონტეინერო და საბორნე მომსახურების შესაძლებლობები სიღრმისეულად შეისწავლა – კვლევა ევროკავშირმა დააფინანსა. მისი თქმით, „ შესაძლებლობა დიდია, თუმცა არსებობს ბარიერებიც. ბიზნესმა და ხელისუფლებამ ამ გამოწვევების დასაძლევად ერთად უნდა იმუშაოს. საჭიროა ლოჯისტიკური სისტემების გაუმჯობესება, მათ შორის არის საბაჟო და ინფრასტრუქტურული პრობლემები. საქართველოს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა და მისი გამოყენება მნიშვნელოვანია.“

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნულ თემებსა და კონფერენციის შედეგებზე Forbes Georgia „ჯიპიაი ჰოლდინგის“ არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორის მოადგილეს, კონსტანტინე მანჯგალაძეს ესაუბრა.

კონსტანტინე, როგორია სამხრეთ კავკასიის, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი? რა ტრენდები შეინიშნება ამ მიმართულებით?

ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს, როგორც სატრანზიტო მიმართულების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა როგორც საკონტეინერო, ასევე სარკინიგზო, საგზაო და საჰაერო გადაზიდვები. გაზრდილ ტვირთბრუნვას ლოგიკურად მოჰყვება ქვეყანაში გაზრდილი შემოსავლები, რაც დადებითი და აღსანიშნავი ფაქტორია. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რისკებიც, რაც აღნიშნულ პროცესს მუდამ თან ახლავს. საჭიროა, ზედმიწევნით ვიცოდეთ, რა სახის რისკებთან არის დაკავშირებული გაზრდილ სატრანზიტო აქტივობა, როგორ შეიძლება ეს რისკები იქნეს დაზღვეული და მართული. გლობალურ სტატისტიკის თუ გავაანალიზებთ, ნათლად დავინახავთ რომ ტვირთების სატრანსპორტო რისკების 48-48%-ი ლოჯისტიკურ პრობლემებზე და ოპერაციულ შეცდომებზე, ხოლო დარჩენილი 4%-ი სტიქიურ მოვლენებზე მოდის. აღნიშნული რისკების დაზღვევით ბიზნესისთვის იქმნება სტაბილურობის განცდა, რაც  მნიშვნელოვანია, როგორც ე.წ. ტვირთის ფორვარდერებისთვის, ასევე ტვირთის მფლობელებისა და ადრესატებისთვის.

საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის დამაკავშირებელ კვანძის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას. გამარტივებული და ციფრული პროცესების ხელშეწყობა წაახალისებს იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, გადამზიდავ და სადაზღვევო კომპანიებს, სრულად გამოიყენონ საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  გეოგრაფიული პოტენციალი. თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკასთან ოპერაციების ჰარმონიზებით, საქართველოს ახლო მომავალში შეეძლება ეკონომიკური ზრდის აქსელერაცია და გლობალური ვაჭრობის ლანდშაფტის მნიშვნელოვან  მოთამაშედ ჩამოყალიბება.

რა ტიპის გამოწვევებია სატრანსპორტო ინდუსტრიაში დღეს? რატომ არის დაზღვევა მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუნქციონირებაში ?

განსაკუთრებით ბოლო წლებში,  სატრანზიტო ინდუსტრიაში მკაფიოდ შეიმჩნევა დიდი რაოდენობით მცირე და მიკრო კომპანიებისა თუ კერძო პირების შემოდინება. სამწუხაროდ, მათი შეზღუდული გამოცდილება და მიდგომები ვერ შეესაბამება ამ დინამიკური სექტორის მკაცრ მოთხოვნებს.  სადაზღვევო სირთულეებთან მიმართებით მათი გამოცდილების სიმწირე მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც მათივე ბიზნესის ზრდას, ისე მთლიანად სატვირთო გადაზიდვების ჯაჭვსაც. სწორედ საშუალო და წვრილი ე.წ ფორვარდერებისთვის ეფექტური, ხარისხიანი და სწრაფი სერვისების მიწოდების მიზნით შევქმენით სპეციალური პლატფორმა – mycontainer.ge, რომელიც თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს მაქსიმალურად უპასუხებს. თუ აქამდე ე.წ. ფორვარდერებს სადაზღვევო პოლისის მისაღებად რამდენიმე დღე ესაჭიროებოდათ, ჩვენი პლატფორმის დახმარებით პოლისის მიღება რამდენიმე წამში არის შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ბიზნესის ოპერირებას საგრძნობლად ამარტივებს და საქმიანობის მშვიდად წარმართვას უზრუნველყოფს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, ჩვენი სერვისების და შეთავაზებების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. კარგად გვესმის სატრანზიტო სფეროში არსებული საერთაშორისო კომპანიების საჭიროებები, ამიტომ მათ ყოვლისმომცველ სადაზღვევო პროდუქტებს ვთავაზობთ, რითაც სრულად ვაზღვევთ მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს, იქნება ეს ტერმინალის ოპერატორის პასუხისმგებლობის, გადამზიდავის პასუხისმგებლობის, ტვირთებისა თუ კონტეინერების დაზღვევა.

კონსტანტინე, რატომ იყო აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი? რა თემები იყო ღონისძიებაზე განხილული?

ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და სატრანზიტო და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  წარმომადგენლისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით ვიმსჯელეთ  რეგიონში სატრანსპორტო ინდუსტრიის მდგრადობის შესაძლებლობებზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რისკები და მათი ტიპები, მათ შორის, ფართო საზოგადოებას გავუზიარეთ მნიშვნელოვანი სიახლეებიც.   განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს  შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, დაზღვევის გადამწყვეტი როლი სატრანზიტო დერეფნის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად და სხვა საინტერესო თემები.