აშშ-ის ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგი, სექტორების მიხედვით

აშშ-ის ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგი, სექტორების მიხედვით

გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია უკანასკნელი 40 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა, ხოლო ბაზარზე აქციების ფასი მკვეთრად დავარდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, აშშ-ის კორპორაციულმა მოგებამ 2022 წელს მაინც რეკორდულ დონეს მიაღწია.

Visual Capitalist-მა სექტორების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის ყველაზე მოგებიანი კომპანიები გამოავლინა. გამოყენებული მონაცემები 2023 წლის 31 იანვრამდე დასრულებულ ფისკალურ წელს ეყრდნობა და Fortune 500-ის კომპანიებს აერთიანებს. გამოცემის რეიტინგში აშშ-ის მასშტაბით დაფუძნებული და ფუნქციონირებადი საჯარო და კერძო კომპანიებია წარმოდგენილი.

რეიტინგის ლიდერი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი გახდა, რომლის 2022 წლის მოგებაც თითქმის $100 მილიარდს აღწევს. შედეგად, Apple-ის გასული წლის მოგება ფინანსური და ენერგეტიკული სექტორების ლიდერების მიერ მიღებულ ჯამურ მოგებას აღემატება. ამავდროულად კი აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს Apple-ის წმინდა მოგების მარჟა თითქმის 25%-ს გაუტოლდა.

Apple-ის მთლიანი წმინდა გაყიდვების თითქმის ნახევარი iPhonesებზე მოდის, თუმცა ბოლო პერიოდში ზრდა შედარებით კლებულობს. გასულ წელს iPhones-ის გაყიდვები მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, როდესაც ერთი წლით ადრე ზრდამ 39% შეადგინა. ამავდროულად კი კომპანიის სერვისების, მათ შორის Cloud-ის, AppleCare-ისა და რეკლამირების გაყიდვები, წლიურად დაახლოებით 14%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ სექტორს, ამ შემთხვევაში 2022 წლის ყველაზე მოგებიანი კომპანიის სტატუსი Exxon Mobil-მა დაიმსახურა. კომპანიის მოგება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ნავთობზე გაზრდილი ფასების გავლენით, 142%-ით, რეკორდულ $55 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიის შემოსავლებზე პანდემიის გამო ხარჯების მკვეთრმა შემცირებამაც დადებითად იმოქმედა.

2022 წელს ფინანსურ სექტორში ყველაზე მაღალი, $37.7-მილიარდიანი მოგება, JPMorgan Chase-მა ნახა. თუმცა აქტივების მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი ბანკის საბანკო განყოფილებამ მკვეთრი ვარდნა განიცადა, რის შედეგადაც, მთლიანობაში JPMorgan Chase-ის მოგება წლიურად 22%-ზე მეტით შემცირდა.

გასული ოცი წლის განმავლობაში, S&P 500-ის არაფინანსური კომპანიების მოგების ზრდიდან მესამედი დაბალი გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების დამსახურებაა. ინფორმაციას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ანგარიში აქვეყნებს. ახლა კი საპროცენტო განაკვეთები იზრდება, თუმცა ჯერჯერობით აშშ-ის კორპორაციები ცვლილების მიმართ გამძლეობას ინარჩუნებენ. 2023 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ის კორპორაციული მოგება ზომიერად, 5%-ზე მეტით დაეცა.

აშშ-ის ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგი, სექტორების მიხედვით:

  1. Apple – $99.8 მილიარდი (ტექნოლოგიები)
  2. Exxon Mobil – $55.7 მილიარდი (ენერგეტიკა)
  3. JPMorgan Chase – $37.7 მილიარდი (ფინანსები)
  4. Pfizer – $31.3 მილიარდი (ჯანდაცვა)
  5. Verizon Communications – $21.3 მილიარდი (ტელეკომუნიკაციები)
  6. Home Depot – $17.1 მილიარდი (საცალო ვაჭრობა)
  7. Visa – $15 მილიარდი (ბიზნესსერვისები)
  8. Procter & Gamble – $14.7 მილიარდი (საყოფაცხოვრებო პროდუქტები)
  9. Tesla – $12.6 მილიარდი (ავტომობილები & ნაწილები)
  10. UPS – $11.5 მილიარდი (ტრანსპორტი)
  11. Coca-Cola – $9.5 მილიარდი (საკვები, სასმელი, თამბაქო)
  12. Nucor – $7.6 მილიარდი (მასალები)
  13. Deere – $7.1 მილიარდი (მრეწველობა)
  14. McDonald’s – $6.2 მილიარდი (სასტუმროები, რესტორნები, დასვენება)
  15. Nike – $6 მილიარდი (ტანისამოსი)
  16. DuPont – $5.9 მილიარდი (ქიმიკატები)
  17. R. Horton – $5.9 მილიარდი (ინჟინერია & მშენებლობა)
  18. Lockheed Martin – $5.7 მილიარდი (ავიაცია & თავდაცვა)
  19. Netflix – $4.5 მილიარდი (მედია)
  20. Walgreens Boots Alliance – $4.3 მილიარდი (სურსათისა და წამლების მაღაზიები)
  21. W. Grainger – $1.5 მილიარდი (საბითუმო ვაჭრობა)