“თუ ყველა ერთად მიიწევს წინ, მაშინ წარმატება თავისით მოდის” – ჰენრი ფორდი.
რამდენჯერ ყოფილა, დავსახავთ მიზანს, გეგმსაც გავწერთ და იმის მაგივრად, რომ შევუდგეთ საქმეს, თითქოს, რაღაც გვაბრკოლებს, ვტრიალებთ წრეზე. არადა, ვიცით სად ვართ, სად გვინდა ვიყოთ, სამოქმედო გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს… მაშ რა გვიშლის ხელს?
ფსიქოლოგების დაკვირვებით შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა:
1. “კომფორტის ზონიდან” გამოსვლის შიში – ჩვეული სიტუაცია იმდენად უსაფრთხოდ გვეჩვენება, რომ ყოველ ახალ ცვლილებას მტკივნეულად ვუყურებთ. ამიტომ ვირიდებთ ზედმეტ მცდელობას რაიმეს დასაწყებად. ნუ მოველით, რომ ცხოვრება მარტივი თამაშია, მას თავისი წესები აქვს მოქმედებისკენ ბიძგის მისაცემად და ეს ზოგჯერ სირთულეთა გადალახვას მოითხოვს.
2. საკუთარ ოცნებებში მერყეობა – არ აქვს მნიშვნელობა რა გადავწყიტეთ – ბიზნესის წამოწყება, წიგნის დაწერა, პირადი ცხოვრების მოწყობა თუ სხვა რაიმე ჩანაფიქრი გვაქვს პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებით, ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც ჩავიფიქრეთ, ის გზა ჩვენივე გასავლელია და ნუ დაველოდებით სხვებისგან მზამზარეულ რეცეპტებს.
3. ნეგატიურად განწყობილი გარემოცვა – რაც არ უნდა ოპტიმისტები ვიყოთ, თუ ჩვენ გარშემო შეიკრიბნენ პასიური ადამიანები, რომლებიც თავისი დუნე ქმედებით სულ უკან გვექაჩებიან, ბუნებრივია, მათი ზეგავლენით ყოველი ჩვენი მცდელობა ნაკლებ შედეგიანი გამოვა. თუ ნებას დავრთავთ ასეთ ადამიანებს რომ გვმართონ, მაშინ ნუღარ გაგვიკვირდება არასწორი არჩევანი, არამართებული გზა და არასასურველი შედეგი.
4. წარსულ შეცდომებზე მიჯაჭვულობა – ეს ყველაზე მძლავრი სენია, რაც ადამიანთა უმეტესობას ხელ-ფეხს უბორკავს. “მეგონა, მინდოდა, ეს რომ შემძლებოდა-ს” მოდიფიკაციები ხშირად მძლავრობს ხოლმე საღ აზრზე და წინსვლის სურვილს გვიხშობს. როცა არ ვსწავლობთ იმ გაკვეთილებით, რაც არ გავაკეთეთ ან ისე არ გამოვიდა, როგორც ვფიქრობდით, როდესაც არ ვაანალიზებთ რა იყო ამის მიზეზი, თავს ძალას არ ვატანთ, რომ არ “ვტკეპნოთ ადგილი”, რა თქმა უნდა, ყველა კარი დაკეტილი გვეჩვენება და არც ვცდილობთ, რომ უბრალოდ ჩამოვწიოთ “სახელური” ან მოვარგოთ გასაღები, რათა ახალ სარბიელზე გავიდეთ.
5. აკვიატებული ფიქრებით საკუთარი თავის დადანაშაულება – ზოგჯერ ჭიანჭველასავით ავიკიდებთ ხოლმე ჩვენზე დიდ ტვირთს, ვეზიდებით შეუსვენებლად. როცა ბევრ რამეს ვეჭიდებით და თან გვეჩვენება – აღარ შეგვიძლია, არაფერი გამოგვდის…გვგონია, რომ უსუსურები ვართ. არადა, ცოტას თუ მოვდუნდებით, “ამოვისუნთქავთ” და ისევ განვაგრძობთ გზას, მივხვდებით რომ “ჩვენ თუ არა მაშ ვინ? ახლა თუ არა, მაშ როდის?” მთავარია, ფარხმალის დაყრას გადავეჩვიოთ, პირიქით, ავისხათ “აბჯარი” და იმაზე ფიქრის სანაცვლოდ “რატომ მე?” ვთქვათ “რატომაც არა?!”
დიახ, რატომაც არა – გადაწყვეტილება მიღებულია, ხოლო არჩევანი გაკეთებული. დაბრკოლებებს აღარ ვუშინდებით, არც “გასულ მატარებელზე” ვნერვიულობთ და აღარც უკან არ ვიხედებით. “წრეზე ტრიალისა” და “ერთ ადგილას ბუქსაობის” მაგივრად ფეხი მუხრუჭიდან აქსელერატორზე გადაგვაქვს. რაციონალური გათვლების გასაკეთებლად ძალიან გვეხმარება ფუნდამენტური შეკითხვა “რატომ?” მისი მაგიური ძალა გამოიხატება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად მიზეზ-შედეგობრივი კავშირურთიერთობის დადგენაში. ამაზე დაყრდნობით, “ტოიოტა ინდასტრის” დამფუძნებელმა საკიჩი ტოიოდამ განავითარა შეკითხვების ტექნიკა “5 რატომ-ს” პრინციპით.
უმეტეს შემთხვევაში პრობლემას იწვევს რამდენიმე, ხანდახან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზეზი. ამ მეთოდის უმთავრესი დანიშნულებაა, რომ მისი მეშვეობით ნებისმიერი პრობლემური საკითხი წარმოშობა ფესვებიდან შევისწავლოთ, ზოგჯერ შესაძლოა კურიოზულ სიტუაციამდეც დავიყვანოთ განმეორებითი შეკითხვების კასკადი, მაგრამ ასეთი “ჩაღრმავებითი” გამოკვლევით ზუსტად ვსაზღვრავთ ოპტიმალურ შესაძლებლობას. ვთქვათ, ვეძებთ სამსახურს ან ბიზნეს პარტნიორს თუ პოტენციურ სპონსორს. ვიწყებთ შეკითხვით – რატომ უნდა ავირჩიო ეს შეთავაზება? პასუხის მიხედვით ვაზუსტებთ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. მნიშვნელობის დადგენით ვსაზღვრავთ რატომ მოგვწონს და ა.შ. საბოლოოდ ვიკვლევთ რა მოვიმოქმედოთ, როდის და როგორ.
თვითგანვითარებისა და სასიკეთო ცვლილებისკენ მიდგომის შეცვლის პროცესში ერთერთი რეკომენდაციაა ჩამოვწეროთ რა ახდენს უარყოფით გავლენას ჩვენს ქმედებებზე და რას მოაქვს დადებითი შედეგი. მეც ვითვალისწინებ ამ რჩევას და პერიოდულად ვაფიქსირებ ვინ არის ჩემი მოტივატორი, სად ვგრნობ თავს უკეთ და რა სიტუაციები ან ადამიანები მთრგუნავენ ან მაბრკოლებენ. თუმცა შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს რომელიმე მათგანი ნეგატიურ თუ პოზიტიურ ფაქტორად. აქაც ვიყენებთ ზემოთ ხსენებულ რატომ შეკითხვის მეთოდიკას. რატომ მომწონს ან არ მომწონს, რატომ მაწუხებს ან პირიქით მხიბლავს, რატომ ვფიქრობ ასე, რატომ შეიძლება ქონდეს ამას ზეგავლენა ჩემზე და ა.შ. მერე აღმოვაჩენ ხოლმე რეალურ საფუძველს სად რა არის უკეთესი და იმ მიმართულებით ვიწყებ აქტიურ მოძრაობას. აი როგორ აღწერს უოლტ დისნეი თავისი კომპანიის წარმატებას: “ჩვენ წინსვლას, ახალი კარის გამოღებას და სიახლეთა შექმნას განაპირობებს ის გარემოება, რომ საოცრად ცნობისმოყვარეები ვართ. სწორედ ცნობისმოყვარეობა გვიჩვენებს ახალ-ახალ ბილიკებს, რათა ვიაროთ წინ”.
ცნობილია, რომ წარმატებული ადამoანები არ მოქმედებენ მარტო. ყოველი წარმატების საყრდენს წარმოადგენს ემპათიაზე აგებული ურთიერთობები. ეფექტური ურთიერთგაგება ნიშნავს ემოციურ და რაციონალურ დონეზე თანაგანცდას. ბიოლოგიური ნიშნით თუ განვიხილავთ, ეს ე.წ. კო-ევოლუციის პროცესია, რაც ორგანიზმებს უადვილებს გარემოსთან ადაპტაციას. ამის მსგავსად ბაზრის მოთხოვნებთან ბიზნესის მორგება გულისხმობს სწორი კონტაქტების დამყარებას, იქნება ეს ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ.
რასაკვირველია, ნაყოფიერი მუშაობისთვის ურთიერთშეგულიანება და ერთმანეთის მხარდამხარ მუყაითი შრომა აუცილებელია. ამაზე ბევრს უთქვამს, წინა სტატიებში ჩვენც უამრავჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით და მაინც… კიდევ ერთ პირად მაგალითს მოვიშველიებ. მეგობრების მეშვეობით უკვე მესამე წელია ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია “ვალმარკთან” გავერთგულდი, საქმიან-მეგობრული ურთიერთობა პარტნიორობაში გადაიზარდა. კომპანიის სლოგანი: უკეთესი არჩევანი, უკეთესი ცხოვრება, უკეთესი ჯანმრთელობა სამოქმედო დევიზად გადამექცა. კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში საკმაოდ მოტივირებული გუნდით არის დაკომპლექტებული. საოცარი ენერგეტიკა იგძნობა და ეს მუხტი მართლაც გადამდებია, რათა საინტერესო გამოწვევებს შევეჭიდოთ, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და კმაყოფილება შევიგრძნოთ. საახალწლოდ დამაჯილდოვეს ნომინაციაში – “ყოველთვის ჩვენ გვერდით”. ერთგულების დაფასება მადლიერებით მივიღე და უფრო მეტად გაიზარდა ჩემი პასუხისმგებლობა მოპოვებული ნდობის გამართლებისთვის.
ცხოვრებისეული გამოცდილება ცხდყოფს, რომ რაც უფრო ძლიერდება კრიტიკული მასის თავმოყრა, ერთად უკეთ გამოდის “საგმირო” საქმეები. ერთიანი ხედვა უკეთესია! – ამბობენ ბიზნესლიდერები და განუხრელად მიიწევენ წინ მიღებულ გადაწყვეტილებათა სისრულეში მოსაყვანად. საქმიანი კომუნიკაციების ეთიკა სწორედ ამ უნარების განვითარებას მოიცავს.
ავტორი: მაკო ჯაოშვილი – კომპანია “სევენთის” დამფუძნებელი, PRაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა აღმასრულებელი დირექტორი, ბიზნეს-ტრენერი.