მოკლე გასეირნება: ამერიკული ბიზნესი საქართველოში

მოკლე გასეირნება: ამერიკული ბიზნესი საქართველოში

ამერიკელი ინვესტორები ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინვესტორები იყვნენ, ვინც კი 90-იანების დასაწყისიდან ამავე წლების შუა პერიოდამდე საქართველოში კაპიტალდაბანდებას მოჰკიდა ხელი. ამის საილუსტრაციოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის მაგალითს მოვიყვან, რომელმაც ღვინის ქარხანაში განახორციელა ინვესტიცია, და კიდევ AES-საც ვახსენებ – გიგანტურ ამერიკულ ენერგოკომპანიას, რომელმაც თბილისში ენერგომომარაგების პრივატიზება მოახდინა და დაახლოებით $300 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

უფრო წვრილ ამერიკულ ინვესტიციებსაც ჰქონდა ამ პერიოდში ადგილი, რისი მაგალითიც ბეტსი ჰასკელის მიერ დაფუძნებული Betsy’s Hotel-ია, რომელიც 90-იანების ტურბულენტურ ოკეანეში დასავლეთისა და სიმშვიდის პატარა კუნძულად მოგვევლინა.

იმ დროს ბიზნესკლიმატი გამოწვევებით იყო გაჟღენთილი და ინვესტორები სხვადასხვა პრობლემას აწყდებოდნენ – კრიმინალით დაწყებული, საგადასახადო ჩინოვნიკების მხრიდან შევიწროებით ან არასაიმედო ადგილობრივი პარტნიორების ღალატით დამთავრებული.

აშშ-ის საელჩო ძალიან მოკრძალებული ოდენობის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც, უმეტესწილად, ამერიკული ბიზნესების წინაშე მდგარ პრობლემებთან გამკლავებით იყვნენ დაკავებულნი.

1998 წელს საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი, კენ იალოვიცი ჩამოვიდა.

კენი პრაგმატული იყო, რაციონალური და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი; აცნობიერებდა იმ წნეხს, რომლის ქვეშაც ჩინოვნიკებს უცხოელი ინვესტორები ჰყავდათ მოქცეული და ისიც ძალიან კარგად ესმოდა, რომ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის ერთადერთი გზა მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები იყო, ამისათვის კი უცხოელი ბიზნესმენებისთვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო აუცილებელი.

ქართველ ბიზნესმენებს პრობლემების მოგვარების თავისებური მეთოდები ჰქონდათ: გადაწყვეტილებების მიმღებებთან ურთიერთობისას თავიანთ პირად ან ოჯახურ კავშირებს იყენებდნენ. მაგრამ უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ მსგავსი რესურსები; მათ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ: ან ქართველ ბიზნესმენებთან პარტნიორობა უნდა დაეწყოთ ამასთან დაკავშირებული ყველა რისკის ფასად, ან თავად ემართათ თავიანთი ბიზნესი და კრიმინალური სამყაროსაგან – რეკეტი, მოგვიანებით კი ქვეყნიდან გაძევება ეწვნიათ.

მას მერე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ადგილობრივ პარტნიორთა მიერ გამოძალული უცხოური ბიზნესების ჩამონათვალი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, საქართველოს კი ძალიან ცუდი რეპუტაცია მოეპოვებინა უცხოელ ინვესტორთა წრეებში.

ცხადია, რამდენიმე წარმატებული პარტნიორობაც შემდგარა უცხოელებსა და ადგილობრივებს შორის, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისს წარმოადგენდა.

ელჩ იალოვიცს კარგად მოეხსენებოდა იმ პრობლემების შესახებ, რასაც ჩემივე კომპანია გადააწყდა მთავრობისგან იმავე წლის აპრილში, და ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა, უცხოელი ინვესტორებისთვის გარკვეული იარაღი მიეცა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისას თავიანთი ინტერესები დაეცვათ.

აშშ-ის საელჩო, თვეში ერთხელ, საელჩოში ბიზნესშეხვედრებს მართავდა, რომელთაც საქართველოში მომუშავე ამერიკელი ბიზნესმენები და კომპანიები ესწრებოდნენ. ამ დისკუსიების დროს განიხილებოდა ბიზნესის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემები, ეს კი საელჩოს თანამშრომლებს საშუალებას აძლევდა, უკეთ გაეგოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში.

საელჩოში 1998 წლის სექტემბრის შეხვედრას დავესწარი და როცა დისკუსია დასრულდა, ელჩმა იალოვიცმა თავის კაბინეტში მიმიპატიჟა.

– ფადი, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაგელაპარაკო. თვალი მივადევნე შენს პრობლემებს და, სამწუხაროდ, მხოლოდ შენ არ ხარ ასეთ დღეში. საელჩო ყოველდღიურად შუამდგომლობს ამ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც აქ რამდენიმე ამერიკელ ინვესტორს ექმნება. ერთი იდეა მაქვს და მინდა, გავიგო, რას ფიქრობ. რატომ არ ჩამოაყალიბებ საქართველოში ამერიკულ სავაჭრო პალატას (AmCham)? ქვეყანაში, სადღაც 30 ან 40 ამერიკული ბიზნესი ოპერირებს და AmCham-ი თუ გვექნება, საელჩოსთან ერთად, კიდევ ერთი ხმა გაჩნდება, რომელიც ამერიკული ბიზნესების ლობირებას და მათი ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს.

– შესანიშნავი აზრია, ელჩო. მჯერა, რომ AmCham-ი საქართველოს უაღრესად სჭირდება და არა მხოლოდ ამერიკული ბიზნესების გამო, არამედ ყველა იმ უცხოელი ბიზნესმენისთვის, ვინც ამ ქვეყანაში მუშაობს.

– მშვენიერი. მაშინ, შეუდექი მუშაობას! მე ლი დიურლენდს, Absolute Bank-ის პრეზიდენტს, დაველაპარაკები და ვთხოვ, დაგიკავშირდეს.

AmCham-ი 1998 წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი იყო, დაეცვა თავისი წევრები შევიწროებისა და უკანონო ქმედებებისგან და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ცდილიყო. პირველი გენერალური ასამბლეა 1999 წლის თებერვალში, Sheraton Metechi Palace-ში გაიმართა, სადაც პრეზიდენტად ამირჩიეს და მერგო პატივი, ეს ფუნქცია ზედიზედ რვა წლის განმავლობაში შემესრულებინა.

2003 წელს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სააკაშვილის ადმინისტრაცია კრიმინალისა და კორუფციის ალაგმვაზე კონცენტრირდა და საქართველომაც, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების რეიტინგებში მეტად სწრაფი ტემპებით დაიწყო დაწინაურება. როგორც იქნა, საქართველო აღარ იყო კრიმინალთა თავშესაფარი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორთათვის ინტერესის ცენტრალურ ობიექტად იქცა.

მართალია, ბიზნესკლიმატი საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესი მაინც რჩებოდა, ამა თუ იმ მიზეზით, ზეწოლის სამიზნედ, ზეწოლა კი, უმეტესად, საგადასახადო ჩინოვნიკების ხელით ხორციელდებოდა.

ასეთი შემთხვევები დღესაც კი ხდება. სხვათა შორის, უკვე ერთი-ორი წელია, წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია – ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული ინვესტიცია, რაც კი ოდესმე საქართველოში შემოსულა – დაუსაბუთებელი შევიწროების მსხვერპლია შემოსავლების სამსახურის მხრიდან; ჭორების თანახმად, ამის მიზეზი გახლავთ „ვიღაც“, ვისაც უნდა, რომ ეს ბიზნესი ჩაიგდოს ხელში.

რასაკვირველია, ასეთი შემთხვევები უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ მაინც ჩრდილს აყენებს ბიზნეს-კლიმატს.

საკუთარ აქტივობებსა და გაფართოების გეგმებთან დაკავშირებული პროგნოზების გაკეთების მიზნით, ბიზნესებს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა და გამჭვირვალობა სჭირდებათ.

საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ფრთხილი შეფასებისა და კერძო სექტორთან სრულყოფილი დისკუსიების შემდეგ უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, ამ ცვლილებების შესახებ ბევრად ადრე უნდა მოხდეს განცხადებების გაკეთება, სანამ მათ გატარებას დაიწყებდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ მშპ წელიწადში, საშუალოდ, 3%-ით იზრდება, საქართველოს 25 წელი დასჭირდება, თურქეთისა და რუმინეთის ამჟამინდელ მშპ-ს რომ მიაღწიოს, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნების ამჟამინდელ მშპ-მდე მისაღწევად 50 წელი იქნება საჭირო.

აქედან გამომდინარე, ყოველი ახალი საკანონმდებლო ცვლილება უნდა აიწონ-დაიწონოს იმ გავლენასთან მიმართებით, რაც მას მშპ-ის ზრდაზე შეიძლება, ჰქონდეს, და ამაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მისი მიღება ან უგულებელყოფა. საქართველო ორნიშნულიან ეკონომიკურ ზრდაზე უნდა ფოკუსირდეს. ამაზე ნაკლები ქვეყანას ათწლეულების მანძილზე სიღარიბეს უქადის.

2015 წლის დეკემბერში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ საქართველოს ბიზნესსაზოგადოებაში ოპტიმიზმის ახალი ტალღა გააჩინა; თუ ზოგიერთ ბიზნესსა და ინვესტორს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რაღაცებში ეჭვი ეპარებოდათ, ახლა ბიზნესსაზოგადოების მხრიდან მართლა იგრძნობა სრული პასუხისმგებლობა და სურვილი, გაფართოების გეგმები სისრულეში მოიყვანონ.

პრემიერ კვირიკაშვილს ბოლომდე ესმის ბიზნესი და ბიზნესსაზოგადოების უპირობო ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. მისი კარი ყველასათვის ღიაა და ის ყურადღებით ეკიდება ნებისმიერ წინადადებას, რამაც ბიზნესი წინ შეიძლება, წასწიოს.

ქვეყნის მომავალს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. სხვათა შორის, უკვე წლებია, ასე ოპტიმისტურად განწყობილი არ მახსოვს საკუთარი თავი. ჩემი პროგნოზით, საქართველოს ბიზნესის ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება.