ავტობუსების Tesla

ავტობუსების Tesla

Proterra დიდი საბაზრო შესაძლებლობების ძიებაშია, ოღონდ თავისი ელექტროავტობუსების წარმოების ტემპები როგორმე უფრო უნდა ააჩქაროს.

რაიან პოპლის მოგონებებში დალექილი ცუდად გადამუშავებული ბენზინის ილუზორულად ტკბილი სურნელი იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ის აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფს უძღვებოდა, რომელიც საწვავის იმ მარაგებს იცავდა, რომელთა წყალობითაც გადაადგილდებოდნენ ამერიკული სამხედრო ძალები ერაყის ომში. პოპლი ხედავდა, რამდენი საწვავი იყო საჭირო და რამხელა ძალისხმევა მის მოსაპოვებლად, და ფიქრობდა, რომ რაღაც მთლად რიგზე არ უნდა ყოფილიყო. „საწვავი თუ არ გადაგქონდა წინ, საპირისპირო ლოგისტიკით უნდა გემოქმედა, დაბრუნებულიყავი და იქ შეგევსო თავიდან“. პორტში მომარაგებასთან დაკავშირებით კი ამბობს: „პირდაპირი მნიშვნელობით ვცლიდით… ჯავშანმანქანებს ქუვეითში, ტანკერები კი სხვა მიმართულებით მიდიოდნენ“.

ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობის ახლოდან დანახვამ ცხადად აგრძნობინა, რომ მათი წიაღისეულის იმედად ყოფნა უთვალავ გამოწვევასთან იქნებოდა დაკავშირებული. ეს აზრი (ზუსტად ისევე, როგორც ჭუჭყიანი საწვავის სუნი) ერაყიდან წამოსვლის შემდეგ კარგა ხანს გაჰყვა. მეტიც, ამ აზრმა ნავთობის ალტერნატივებზე აკვიატებული ფიქრი დააწყებინა და მის კარიერასაც კი მისცა დასაბამი, რომელიც ჯარის შემდეგ ჰარვარდის MBA-ით დაიწყო და გაგრძელდა ხანმოკლე სამუშაო პერიოდებით Chevron-ში, ბიოსაწვავის სტარტაპსა და ილონ მასკის Tesla Motors-ის ფინანსურ გუნდში. 2010 წლისთვის, დღეს უკვე 39 წლის, პოპლი Kleiner Perkins Caufield & Byers-ის ე.წ. სუფთა ტექნოლოგიების ჯგუფში პარტნიორად მოგვევლინა. ერთი წლის შემდეგ სწორედ Kleiner-მა განახორციელა ინვესტიცია Proterra-ში – ელექტროავტობუსების სტარტაპში. ბერლინგეიმში (კალიფორნია) დაფუძნებულ Proterra-ს $185 მილიონი აქვს მოზიდული და Kleiner-თან ერთად, მის სპონსორთა რიცხვში GM Ventures-ი და იაპონური Mitsui არიან.

Proterra-ში პოპლმა პატარა კომპანია დაინახა დიდი საქმის კეთების პოტენციალით. ეს დიდი საქმე კი აშშ-ის მთელი ტრანზიტული ავტობუსების ელექტროფიცირებაში მდგომარეობდა. Kleiner-ის ინვესტიციიდან ორი წლის თავზე კომპანიამ ორი აღმასრულებელი დირექტორის ხელში ლამის მთელი ფული გამოცალა; როგორც ჩანს, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო, წარმოება საკმარისად ჩქარი ტემპებით გაეზარდა (თავად დამფუძნებელი, დეილ ჰილი თანამდებობიდან ჯერ კიდევ 2008 წელს გადადგა). ჰოდა, 2014-ში, პოპლი Kleiner-იდან წამოვიდა და Proterra-ს მართვის სადავეებს პირადად ჩაავლო ხელი.

American Public Transportation-ის თანახმად, აშშ-ში თითქმის 71,000 ტრანზიტული ავტობუსი მოძრაობს და უმეტესობა მათგანი დიზელს ან კომპრესირებულ ბუნებრივ აირს იყენებს. ბატარეაზე მათი ძალიან პატარა ნაწილი, 1%-ზე ნაკლები, მუშაობს, როგორც ეს 2014 წლის იანვრის მონაცემებიდან ჩანს, ხოლო ჰიბრიდულ და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსების წილი 25%-ს შეადგენს. ტრანსპორტის დეპარტამენტის შეფასებით, სრულიად უგამონობოლქვო ავტობუსები აშშ-ში მხოლოდ 300-ია, თუმცა სახელმწიფო და ადგილობრივი წამახალისებელი აქციების კვალდაკვალ (თითო ავტობუსზე პოტენციურად დაახლოებით $150,000 გამოიყოფა), 2002 წლისთვის ამ რიცხვმა ჩრდილოეთ ამერიკაში 6,900-ს უნდა მიაღწიოს, როგორც ამას კვლევითი ფირმა Frost & Sullivan-ი ამბობს. წმინდა ელექტროავტობუსის წინასწარი ფასი, სულ მცირე, $200,000-ია, რაც აღემატება დიზელზე ან ბუნებრივ აირზე მომუშავე მოდელის ფასს, მაგრამ ოპერაციული ხარჯები მომხიბლავად გამოიყურება: დიზელის ავტობუსისთვის საწვავი და გამართვა წელიწადში საშუალოდ $9,075 ჯდება, მაშინ როცა ელექტროავტობუსს ამ საქმეში მხოლოდ $1,770 დაეხარჯება.

ყოველ წელს აშშ-ის სატრანზიტო სააგენტოები $2.3 მილიარდის ტოლფას 5,000-ზე მეტ ავტობუსს ყიდულობენ. მართალია, მათი უმეტესობა ისევ დიზელზე მუშაობს, სურათი მაინც იცვლება. 2006-ში კალიფორნიამ კანონპროექტი, Assembly Bill 32, მიიღო, რომელიც ყველაზე ვრცელდება და ნახშირბადის შემცირებას ისახავს მიზნად. ამან უფრო სუფთა ენერგიის გავრცელებას მისცა ბიძგი და შტატი Proterra-ს პირველ ბუნებრივ ბაზრადაც აქცია; 2010-ში კომპანიამ თავისი პირველი ავტობუსები ლოს-ანჯელესის გარეუბანში, Foothill Transit-ს ჩაუტანა.

Proterra-ს ყველაზე დიდი გამოწვევა წარმოების ზრდაა, რათა საკმარისი ავტობუსები დაამზადოს. ელექტროავტობუსების ბაზარში ჩაბმულ  ნიუ- იორკში, ლოს- ანჯელესში, ჩიკაგოსა და ფილადელფიაში (რომ აღარაფერი ვთქვათ დულუთსა და ლუისვილზე კენტუკიში) მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება.

2010 წლიდან მოყოლებული, Proterra-ს მხოლოდ 88 ელექტროავტობუსი აქვს გაგზავნილი აშშ- ის მომხმარებლებისთვის, მათ შორის, 25 წელს გაგზავნა. გადახდა ხშირად მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ავტობუსი ადგილზე ჩააღწევს, ამიტომ კომპანიის შემოსავალი მოიკოჭლებს.

თუ თითო მოწყობილობის საშუალო ფასს, $750,000-ს, დავეყრდნობით, გამოდის, რომ 18 ნოემბრის ჩათვლით Proterra-მ გაყიდვებით დაახლოებით $19 მილიონი გააკეთა. ეს კერძო ბაზარზე ბრუნვადი კომპანია არ ამხელს, მოგებიანია თუ არა, ან თუნდაც არის თუ არა მისი ფულადი ბრუნვა პოზიტიური ამ მომენტისთვის. თუ პოპლს სურს, ახალი ტრანზიტული ავტობუსების გაყიდვიდან Proterra დიდ წილს დაეპატრონოს, მაშინ ზედგამოჭრილ საქმეშია ჩართული. ვინიპეგის (მანიტობა) New Flyer-ი ინდუსტრიის ლიდერია: აშშ- ისა და კანადის ავტობუსთა გაყიდვების 45%-ზე სწორედ მასზე მოდის; 2015 წელს New Flyer-ის შემოსავალმა ტრანზიტული და სხვა ავტობუსებიდან $1.2 მილიარდს მიაღწია. რიგით მეორე კომპანია კი Gillig-ი გახლავთ ჰეივარდიდან (კალიფორნია): ის ბაზრის 33%-ს ფლობს. თითოეული ეს კომპანია წელიწადში ათასობით ტრანზიტული ავტობუსის დისტრიბუციას ახდენს.

პოპლს მიაჩნია, რომ Proterra-ს ელექტროავტობუსებს საკვანძო უპირატესობა აქვთ. New Flyer-ი და Gillig-ი ლითონის კორპუსის აგებაში სპეციალიზდება, ხოლო ტრანსმისია – იქნება ეს დიზელზე, ბუნებრივ აირზე, ჰიბრიდულ ელექტრობაზე, ბენზინსა თუ ელექტრობაზე მომუშავე – მესამე მხარისგან უნდა შეიძინონ.

Proterra-ს 40-ფუტიანი ავტობუსები მსუბუქი ბოჭკოვანი მინისა და ნახშირბადის ბოჭკოებისგან მზადდება. და რადგან მხოლოდ ელექტროავტობუსებს უშვებენ, Proterra დიზაინისა და ტრანსმისიის ოპტიმიზებას ახდენს ეფექტიანობის გასაზრდელად, ზუსტად ისევე, როგორც Tesla-ს Model S არის მისი ელექტროძრავის ირგვლივ შექმნილი. და ისევე, როგორც Tesla, Proterra-ც თვითონ ამზადებს თავის ბატარეებს – ალუმინში მოქცეულ ბრტყელ, მართკუთხა ფირფიტებს, რომლებიც იატაკის ქვეშაა მოთავსებული, ინტერიერის სივრცე მაქსიმალურად რომ შენარჩუნდეს. წარმოების ამოსაქოქად, პოპლმა, ამასწინათ, კომპანიაში Tesla-ს ორი ყოფილი ინჟინერი აიყვანა: ბატარეის ინჟინერი დასტინ გრეისი და წარმოების გურუ ჯოშ ენსინი. ამ უკანასკნელს Proterra-ს გრინვილის (სამხრეთი კაროლინა) ქარხანაში წარმოების გაორმაგება დაევალა: კვირაში ორი ავტობუსი უნდა დაამზადოს და მერე სწრაფად მეორე ქარხანაში უნდა გადაინაცვლოს, რომელიც ლოს-ანჯელესთან ახლო, მომავალ წელს გაიხსნება. ენსინს იქაც იმავე ტემპებით მოუწევს მუშაობა. პოპლის სურვილია, 2017 წლის ბოლოსთვის წელიწადში 250 ავტობუსი აწარმოოს. თუ ამას შეძლებს, 2018-ში შემოსავალმა შეიძლება, $190 მილიონს მიაღწიოს, ეს კი ათჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც 2016-ში კომპანიამ მოახერხა.

ახალი ქარხნების ასაშენებლად Proterra-ს შესაძლოა, კაპიტალი დასჭირდეს, ამიტომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში პირველადი საჯარო შეთავაზება გამორიცხული არ არის. ამ ეტაპზე პოპლი იმაზეა კონცენტრირებული, რომ ქარხნიდან, რაც შეიძლება, მეტი ავტობუსი გამოაძვრინოს და ძირი გამოუთხაროს ინდუსტრიას, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებით განთქმული ნამდვილად არ არის.

„დრო რომ უკან გადაგვეხვია, – ამბობს პოპლი, – და ახალგაზრდა რაიან პოპლისთვის გეთქვათ, „საბოლოოდ ავტოტრანსპორტის ისეთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღმოჩნდები, რომელმაც, შესაძლოა, პირველმა აღმოფხვრას მოთხოვნა ნავთობზე“, გიპასუხებდით: „მშვენივრად ჟღერს. სად უნდა მოვაწერო ხელი?“ 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *