"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 106-ე ადგილზეა
მეთოდოლოგია
გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 195 ქვეყანას მოიცავს. მონაცემები ყოველწლიურად ახლდება. 2023 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2022 წლის რეალობას ასახავს.
თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. პოლიტიკური უფლებები მოიცავს: საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მთავრობის მუშაობას. სამოქალაქო თავისუფლება მოიცავს: სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ასოციაციებისა და ორგანიზაციების უფლებებს, სამართლის უზენაესობასა და პერსონალურ ავტონომიას და ინდივიდუალურ უფლებებს.
რეიტინგში ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა მეტ თავისუფლებას ნიშნავს. მაქსიმუმ 40 ქულა მოდის პოლიტიკურ უფლებებზე და მაქსიმუმ 60 ქულა მოდის სამოქალაქო თავისუფლებაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და ექსპერტული შეფასებებით ხდება.
ქულების მიხედვით ქვეყნები თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად იყოფიან.
საქართველო თავისუფლების რეიტინგში
„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 58 ქულა აქვს და 106-ე ადგილს იკავებს. ქვეყანა 58 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 22 ქულა (40-დან) აქვს, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებაში – 36 ქულა (60-დან). 2022 წლის კვლევითაც საქართველოს 60 ქულა ჰქონდა, მაგრამ 109-ე ადგილს იკავებდა. ბოლო წელიწადში საქართველოს ქულა პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებაში არ შეცვლილა.
ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაზე ოლიგარქიული გავლენა შეინიშნება. პრობლემურ საკითხებად რჩება კორუფცია და მედიის თავისუფლება. მიმდინარებს ჟურნალისტებზე ზეწოლა და დაშინება. პრობლემად რჩება ასევე სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა. ანგარიშში ნახსენებია იოსებ გოგაშვილის დაკავების საქმეც, როგორც არჩევნების დარღვევებით ჩატარების მამხილებლის. ასევე საუბარია ნიკა გვარამიას დაკავებაზე მიხეილ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობის თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო.
საქართველოს ქულა გლობალური თავისუფლების ინდექსში
წყარო: Freedom House
ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყნები ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი არიან, რომლებსაც მაქსიმალური, 100 ქულა აქვთ და პირველ-მესამე ადგილს ინაწილებენ. შემდეგ ახალი ზელანდია და კანადა მოდიან.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 54 ქულა აქვს, 23 – პოლიტიკურ უფლებებში და 31 – სამოქალაქო თავისუფლებაში. სომხეთი რეიტინგში 112-ე ადგილზეა. თურქეთს 32 ქულა აქვს, 16-16 პოლიტიკურ უფლებებში და სამოქალაქო თავისუფლებაში. თურქეთი რეიტინგში 142-ე ადგილზეა. რუსეთს 16 ქულა აქვს, 5 – პოლიტიკურ უფლებებში და 11 – სამოქალაქო თავისუფლებაში. რუსეთი რეიტინგში 168-ე ადგილზეა. მეზობლებიდან ყველაზე დაბალი ქულა აზერბაიჯანს აქვს – 9 ქულა, 2 – პოლიტიკურ უფლებებში და 7 – სამოქალაქო თავისუფლებაში. ქვეყანა რეიტინგში 180-ე ადგილზეა.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი თავისუფლება სამხრეთ სუდანსა და სირიაშია, რომლებსაც 1-1 ქულა აქვთ. შემდეგ მოდის თურქმენეთი 2 ქულით და ჩრდილოეთი კორეა და ერიტრეა, 3-3 ქულით.
თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ფინეთი | 100 |
2 | ნორვეგია | 100 |
3 | შვედეთი | 100 |
4 | ახალი ზელანდია | 99 |
5 | კანადა | 98 |
6 | ირლანდია | 97 |
7 | ლუქსემბურგი | 97 |
8 | ნიდერლანდები | 97 |
9 | დანია | 97 |
10 | შვეიცარია | 96 |
წყარო: Freedom House
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024