განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების სხვადასხვა ბაზარზე ინვესტორთა ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია ელექტროენერგიის ადვილად პროგნოზირებადი ტარიფის არსებობა.
იმის გამო, რომ ელექტროსადგურების წინასამშენებლო და სამშენებლო ეტაპების დასაფინანსებლად განკუთვნილი დანახარჯები მაღალია, უმეტეს შემთხვევაში ინვესტორები გარე კაპიტალის მოზიდვას ცდილობენ. რისკის აღება კი ისეთი წამახალისებელი მექანიზმების არსებობის შემთხვევაში უფრო გონივრული ხდება, რა დროსაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ დანახარჯების დაფარვის შედარებით უფრო სტაბილური გზები მონახონ სრულად ან ნაწილობრივ დადგენილი ელექტროენერგიის გაყიდვის სავარაუდო ტარიფის განაკვეთის მეშვეობით. მაგალითად, ევროპის კავშირის ქვეყნების უმრავლესობის ენერგეტიკული პოლიტიკა ელექტროენერგიის სუბსიდირებულ ტარიფს მოიცავს, როგორიც არის პორტუგალიაში მოქმედი ე.წ. სასაქონლო ტარიფი, ასევე, სტანდარტულ ფიქსირებულ ტარიფს მიმატებული პრემიუმ-ტარიფი ესპანეთის სამეფოში.
საქართველოში სხვადასხვა დროს არაერთი წამახალისებელი საინვესტიციო მექანიზმი მოქმედებდა, მაგრამ სიახლეს წარმოადგენს ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება. ამის მიუხედავად, არ ვართ შეზღუდულები, რომ სხვა მსგავსი შესაძლებლობებიც გავაანალიზოთ.
ამ სტატიაში მიმოვიხილავ ქართული კანონმდებლობით რეგულირებულ, არსებულ წამახალისებელ მექანიზმებს, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ალტერნატიულ შესაძლებლობას და წარმოვადგენ რეკომენდაციას.
საქართველოში არსებული მოდელი
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების“ შესახებ საქართველოს კანონი განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ენერგიის წარმოების სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ წამახალისებელ არაერთ მექანიზმს ადგენს. ის მოიცავს საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას, მათ შორის მწვანე სერტიფიკატებსა და პირდაპირი ფასის მხარდაჭერის შესაძლებლობას სპეციალური მწვანე და პრემიული ტარიფის მეშვეობით. აღნიშნულის საფუძველზე, 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა N556-ე დადგენილება: „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების“ შესახებ. აღნიშნული დადგენილება არის „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების“ შესახებ საქართველოს მთავრობის N403-ე დადგენილების (დათარიღებული: 2020 წლის 2 ივლისით) მიღებიდან მეორე აქტი, რომელიც ასევე მოიცავს რამდენიმე წამახალისებელ მექანიზმს. N556-ე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ მისი ამოქმედებისთანავე ჩერდება N403-ე დადგენილებით რეგულირებული მხარდამჭერი მექანიზმის მოქმედება, თუმცა პროექტები, რომლებიც N556-ე დადგენილების ამოქმედებამდე დაიწყო, N403-ე დადგენილებით განსაზღვრული მხარდამჭერი სქემის შესაბამისად განხორციელდება. შედეგად, გარკვეული პროექტების შემთხვევაში N403-ე დადგენილება კვლავ ძალაში რჩება, რომელიც საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს განსაზღვრავს.
საქართველოს მთავრობის N556-ე დადგენილება ვრცელდება:
1. ენერგეტიკის დარგში არსებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარდამჭერი მხარე ინვესტორის სასარგებლოდ გასცემს გარანტიას, რომ ის წინასწარ განსაზღვრული ფასით მომავალში გამომუშავებული ელექტროენერგიის გრძელვადიან შესყიდვას განახორციელებს;
2. ელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ეტაპზე არსებულ პროექტებზე და იმ პროექტებზეც, რომლებიც არ თავსდებიან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში.
N556-ე დადგენილება დაინტერესებული პირების მიერ საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 0.5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს ითვალისწინებს. დადგენილებით განმარტებულია ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ელექტროსადგურის ტექნიკურ- -ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების საფუძველზე სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ პირსა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ესკოს) შორის ფორმდება და რომლის საფუძველზეც ესკო ვალდებულია, სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ პირს აუნაზღაუროს შემოთავაზებულ ტარიფსა და დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობა, თუ შემოთავაზებული ტარიფი დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასზე მაღალია. თუ დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებული ფასი შემოთავაზებულ ტარიფზე მაღალია, სიმძლავრის აუქციონში შერჩეული პირი ვალდებულია, ესკოს აუნაზღაუროს დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასსა და შემოთავაზებულ ტარიფს შორის სხვაობა. განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის მხარდაჭერის სქემა განსხვავებულ პერიოდს მოიცავს. კერძოდ, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან 15 წლის განმავლობაში, ყოველი წლის შემდეგ თვეებზე გათვალისწინებულია შემდეგი პირობები: ჰიდროელექტროსადგურისთვის − 8, ქარის ელექტროსადგურისთვის − 9, მზის ელექტროსადგურისთვის − 12, ხოლო სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურისთვის − 12 თვე.
მწვანე ობლიგაციები
ემიტენტები გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ხშირად მწვანე ობლიგაციებს გამოსცემენ.
დაფინანსების საკრედიტო ინსტრუმენტების მსგავსად, მწვანე ობლიგაციათა პირობებიც ემიტენტის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესაძლებლობებს მოიცავს, რომლებიც, როგორც წესი, ძლიერი საკრედიტო რეიტინგის მქონე ემიტენტებისთვისაა ხელმისაწვდომი. აღნიშნული მიზეზით, მწვანე ობლიგაციათა გამომშვები სუბიექტები ხშირ შემთხვევაში მსხვილი ანგარიშვალდებული საწარმოები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ობლიგაციები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, წარმატებული ვაჭრობა ხშირად ინვესტორებთან უშუალო მოლაპარაკებითაც ხდება შესაძლებელი.
ობლიგაციების გაყიდვის შემდეგ ემიტენტი პასუხისმგებელი ხდება იმ შემოსავლების ჯეროვნად გამოყენებაზე, რასაც მწვანე ობლიგაციების გამოშვება საწყისში ისახავდა მიზნად. მოზიდული კაპიტალით ენერგეტიკული პროექტები შეიძლება პირდაპირ დაფინანსდეს, კერძოდ, ემიტენტს შეუძლია, სათანადო აღჭურვილობა შეიძინოს ან შესაბამისი გარე რესურსი დაიქირაოს პროექტების განსახორციელებლად.
ქონებით გამყარებული ელექტროენერგია
ქონებით გამყარებული ელექტროენერგია, როგორც წახალისების მექანიზმი, მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ნიდერლანდების სამეფოში. ის დაინტერესებულ ინვესტორებს გრძელვადიანი დაფინანსების (25 წლამდე პერიოდი) მოპოვებას სთავაზობს და მასში შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ქონების გადასახადის სუბსიდირებაა გათვალისწინებული.
მექანიზმი იმით გამოირჩევა, რომ ის არის ენერგიის წარმოების სხვადასხვა აქტივზე დაფუძნებული დაფინანსების წყარო და არა კრედიტი კლასიკური გაგებით.
ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სამომავლო მომსახურება
ახალი პროექტის განხორციელებამდე ელექტროენერგიის მსხვილ კომერციულ მომხმარებელსა (მომხმარებელი) და ინვესტორს შორის იდება ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მომსახურების სამომავლო ხელშეკრულება, რომელიც, როგორც წესი, 5-დან 15 წლამდე პერიოდის განმავლობაში მოქმედებს.
ინვესტორი მის მიერ დაგეგმილ პროექტს ავითარებს. აღნიშნულის დასაფინანსებლად იგი საკუთარი ან/და სხვა წყაროებიდან მოპოვებული კაპიტალის გარდა სარგებლობს მომხმარებლის ფინანსური მხარდაჭერითაც. სანაცვლოდ, პროექტის ამოქმედებიდან მომხმარებელი გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეღავათიან ფასად გარანტირებულად იძენს. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შესაძლებელია მომხმარებლისთვის დადგენილი სატარიფო განაკვეთიდან გარკვეული საპროცენტო შეღავათის სახით.
ხელშეკრულების ვადის განმავლობაში მომხმარებელმა შესაძლოა ელექტროენერგიის მწარმოებლის გარკვეულ აქტივზე მოგირავნის სტატუსი შეინარჩუნოს მანამ, სანამ ინვესტორი კაპიტალურ დანახარჯებს სრულად არ აანაზღაურებს. როგორც წესი, ინვესტორის მიერ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში ჩათვლილია მის მიერ მომხმარებლისთვის მიყიდული ელექტროენერგიის ღირებულების საშეღავათო ტარიფის ოდენობა თითოეულ კილოვატსაათზე.
სახალხო ფინანსირება (Crowdfunding)
სახალხო ფინანსირების მექანიზმი გულისხმობს ელექტროსადგურთა აშენებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვას შემდეგი სქემის დაცვით: ინვესტორი ხელშეკრულებას აფორმებს სახალხო დაფინანსების რეგისტრირებულ პლატფორმასთან. კაპიტალის დაგროვების შედეგად პლატფორმაში მონაწილეთა მიერ სესხის გაცემა პროექტის განმახორციელებელი ძირითადი კომპანიის სასარგებლოდ კოლექტიურად ხდება. ფინანსური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სახალხო დაფინანსებით გაცემულ სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად დაბალია. პროექტში ჩართულ პირებს რეგულარულად მიუწვდებათ ხელი პროექტის მსვლელობის თითოეული ეტაპის, ინვესტორის, მისი ფინანსური მდგომარეობის და მასთან აფილირებული პირების შესახებ.
რეკომენდაცია
განახლებადი ენერგიების წარმოების წასახალისებლად არსებული სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფომ ეტაპობრივად უნდა შეამციროს სექტორის სუბსიდირება, სახელმწიფო ინვესტიციები და ჩარევა ენერგეტიკულ ბაზრებში. სექტორი თანამიმდევრულად უნდა გადავიდეს კომერციულ საწყისებსა და თვითკმარობის პრინციპზე.
სტრატეგიის პროექტში არსებული მიდგომის მიუხედავად, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელ მაღალ დამოკიდებულებას იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე და, შესაბამისად, იმის აუცილებლობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს განახლებადი ენერგიის გენერირების სხვადასხვა წყარო, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს ფასთა შორის სხვაობით გათვალისწინებული არსებული მექანიზმი. პარალელურად, ჩვენ ასევე შეგვიძლია, განვიხილოთ სტატიაში დახასიათებული ალტერნატიული წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა და მათი პოპულარიზაცია. აღნიშნულის შედეგად, საქართველოში განახლებადი ენერგიების წარმოების მიმართულებით გაიზრდება საინვესტიციო პოტენციალი და, შესაბამისად, არაერთი ენერგეტიკული პროექტი წარმატებით განხორციელდება.