საუკეთესო უნივერსიტეტი, 2005 წლიდან ფულბრაიტის 60 გრანტიორი კურსდამთავრებულით, 2012-2013 წლებში 12 სპორტული ჩემპიონატის გამარჯვებული, ამერიკაში ყველაზე მრავალეროვანი უნივერსიტეტების ოცეულის წევრი, ყოველწლიურად 115 მილიონი დოლარის ღირებულების კვლევითი გრანტებისა და კონტრაქტების გამცემი – ეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დახასიათების ის მცირე ნაწილია, რისი ამოკითხვაც სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიის ანგარიშებში თუ პოპულარულ ვებგვერდებზე შეგვიძლია.
ეს განათლება უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. ესენია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დააფინანსა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებას, ასევე ჩვენს ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
თუ როგორ სტუდენტებს ეძებს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში, რა ტიპის უნარების განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას და საერთოდ, რატომ გადაწყდა, რომ პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო STEM დარგები, ანუ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა – Forbes Georgia-ს კითხვებს უნივერსიტეტის დეკანი, კენ უოლში პასუხობს.
როგორ მოხვდა სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში?
პროექტი საქართველოს მთავრობის იდეა იყო. მისი განხორციელება კი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საშუალებით გახდა შესაძლებელი. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ამ მიმართულებით უნიკალური ქვეყანაა: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია სულ რაღაც 11 წელია, არსებობს და ძირითადად 5-წლიან კომპაქტებს გასცემს, საქართველომ კი უკვე მეორე კომპაქტის ათვისება დაიწყო.
გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა სხვა ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმაც მიიღო. ჩვენ ყოველთვის გვსურდა, გვქონოდა კამპუსი საზღვარგარეთ, სადაც ჩვენი ამერიკელი სტუდენტები გაცვლითი ვიზიტით სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინჟინერიის პროგრამები საერთაშორისო მასშტაბითაა აკრედიტებული, ამიტომ გაცვლითი ვიზიტების სასურველი პირობაა, რომ საზღვარგარეთაც ზუსტად იმავე დონის სასწავლო პროგრამა იყოს, როგორიც ჩვენს მთავარ კამპუსში. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით ზუსტად ისეთი საბაკალავრო პროგრამები საქართველოში, როგორიც ამერიკაშია. ჩვენს სტუდენტებს შეუძლიათ თბილისში ერთი სემესტრით ან ერთი წლით ჩამოსვლა, ხოლო ქართველ სტუდენტებს ვთავაზობთ ასეთივე ვიზიტებს კალიფორნიაში, სან დიეგოში.
ამას დაემატა საინჟინრო სპეციალობების ისტორია, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა, გამართული სამუშაო ეთიკა, მათემატიკისა და მეცნიერების პატივისცემა, რომლითაც საქართველო ცნობილია.
საქართველოში სამუშაო ბაზარზე არის ამ უნარებზე მოთხოვნა?
სტუდენტები და მათი მშობლები ხშირად ამბობენ, რომ STEM-ის დარგებში განათლების მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ბაზარზე მოთხოვნა არ არის, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს: STEM დარგების სპეციალისტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე 3-ჯერ უფრო მეტად იზრდება ნებისმიერი სხვა დარგის სპეციალისტებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, იმ დროისთვის, როცა ჩვენი სტუდენტები სწავლას დაამთავრებენ, სამუშაო ბაზარზე 50%-ით მეტი კომპიუტერული პროგრამისტი იქნება საჭირო, ვიდრე დღეს.
ჩვენი მიზანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამსაქმებლების ყურადღების მიპყრობა. საერთაშორისო დამსაქმებლები მეუბნებიან, რომ თავიანთ საქმიანობას საქართველოში სწორედ იმ მიზეზის გამო ვერ აფართოებენ, რომ აქ STEM-ის უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დეფიციტია. საქართველოს ადგილობრივ დამსაქმებლებსაც ვესაუბრე. ისინიც ადასტურებენ, რომ დღეს რთულია საქართველოში მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში გაცნობიერებული კვალიფიციური კადრების მოძიება. ინტერნეტტექნოლოგიების სფერო ამის კარგი მაგალითია: ინდუსტრია ამბობს, რომ სამუშაოს მაძიებლებს კარგ სამსახურს და საშუალოზე მაღალ ხელფასს ჰპირდება, მაგრამ ვერავის ასაქმებს, რადგან ახალგაზრდები ამ სფეროებით არ ინტერესდებიან და ურჩევნიათ, სხვა მიმართულებით მიიღონ განათლება. ეს იმის შედეგია, რომ STEM დარგები ნაკლებად პერსპექტიულად მიიჩნევა საქართველოში და ამ რწმენის შეცვლა გრძელვადიანი საქმეა.
მეორე მხრივ, საქართველოში უამრავი STEM სპეციალისტი მუშაობს – უბრალოდ, უმეტესობა ქართველი არ არის. ეს იმპორტირებული ინტელექტუალური რესურსია, რაც, თუ დავფიქრდებით, ნამდვილად არ არის კარგი საქართველოსთვის. წარმოიდგინეთ, სამოქალაქო ინჟინერი ევროპიდან, რომელიც საქართველოში მუშაობს, მის მიერ გამომუშავებული ფულის უდიდეს ნაწილს ქვეყნის გარეთ ხარჯავს. გარდა ამისა, მისი დაქირავება გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი პროფესიონალის. დაბოლოს, როდესაც უცხოელი ექსპერტი სამუშაოს ასრულებს და ქვეყანას ტოვებს, მასთან ერთად ქრება ის ინტელექტუალური რესურსი, რაც მუშაობის პერიოდში გროვდებოდა.
ჩემი დაკვირვებით, ქართველი ინჟინრების უმეტესობა უკვე ასაკშია – ისინი ძალიან მალე გავლენ პენსიაზე, შედეგად კი სპეციალისტების დეფიციტი გაჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია საინჟინრო ტექნოლოგების, ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდა და ინდუსტრიაში ჩართვა იმისთვის, რომ ის მემკვიდრეობაც არ დაიკარგოს, რაც არსებობს.
აღსანიშნავია, რომ მუშახელის წარმოქმნა იზიდავს დამსაქმებლებს. მითხარით, ნოკიას გარდა რა გახსენდებათ, როცა ფინეთზე ვსაუბრობთ? ან რატომ არის ესტონეთი წარმატებული ქვეყანა? ზოგჯერ ამ წარმატების დანახვა რთულია მის დადგომამდე, მაგრამ ასეთი გამონათქვამი არსებობს: ხის დასარგავად ყველაზე კარგი დრო არის გუშინ.
რა არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში?
რა თქმა უნდა, ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი. როდესაც კურსს ასრულებ, ხელში გიჭირავს საერთაშორისო დონეზე აკრედიტებული დიპლომი. იცით, საინტერესოა – როდესაც პირველკურსელებს ვეკითხები, რატომ აირჩიეს სან დიეგოს უნივერსიტეტი, მპასუხობენ, რომ უყვართ მათემატიკა, აინტერესებთ მეცნიერება და ა.შ. ეს კარგი პასუხებია. ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა ვისწავლოთ STEM- ის დარგები ან ნებისმიერი სხვა მიმართულება, უნდა იყოს რაღაც ახლის შექმნა და ამით ფულის შოვნა. და ამის თქმის არ უნდა გვრცხვენოდეს.
სან დიეგოშიც იმავე პასუხებს მიიღებდით?
არა. იქ ყველა იტყოდა, რომ ეს უნივერსიტეტი და ეს პროფესიები იმისთვის აირჩია, რომ გამდიდრდეს. და ასეც იქნება – უმრავლესობა რამდენიმე წელში ძალიან სარფიანად დასაქმებული, ან საკუთარი ბიზნესის მფლობელი იქნება.
და მაინც, საინტერესოა თქვენი ანალიზი, რატომ უჭირთ საქართველოში მიღებული ცოდნის რეალობასთან დაკავშირება?
ამაზე სტერეოტიპული პასუხი არსებობს: საბჭოთა მემკვიდრეობა. თუმცა, ალბათ, სულ მცირე კიდევ ორი მიზეზის დასახელებაც შეიძლება: როლური მოდელების ნაკლებობა – თითქმის არ არის მაგალითები, როცა ქართველი მაღალი დონის მეცნიერი, ინჟინერი, მათემატიკოსი კარიერას იწყობს და დიდ ფულს შოულობს თავისი საქმით. და ისტორია – საქართველომ პრაქტიკულად გამოტოვა 90-იანი წლების მთავარი გარღვევა – ინტერნეტტექნოლოგიებზე გადასვლის პერიოდი. ეს მძიმე დანაკლისია, თუმცა მისი შევსება შესაძლებელია. იცით, სულ მესმის პესიმისტური დამოკიდებულება საქართველოში განათლების დონის მიმართ – მე ვამბობ, რომ ეს პესიმიზმი საფუძველს მოკლებულია. ქართველი სტუდენტების საშუალო GPA საშუალო ამერიკულ მაჩვენებელზე მაღლია. სან დიეგოს უნივერსიტეტი მათ ამ პოტენციალის გახსნის შესაძლებლობას მისცემს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს თუ შეხედავთ, საქართველოს ყველაზე დიდი სუსტი წერტილი სწორედ ინოვაციაა. თქვენ აქ ადგილობრივ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობთ. რამდენად აგყვნენ დასავლურ სწავლებაში ქართველი კოლეგები?
ამ პროექტს ერთი მთავარი მიზანი აქვს: შექმნას STEM-კვალიფიციური მუშახელი საქართველოში. ამ მიზნის მიღწევა ორი გზით არის შესაძლებელი: ჯერ ავაშენოთ საჭირო ინფრასტრუქტურა, გავწვრთნათ ლექტორები და შემდეგ დავიწყოთ სწავლება, ან დავიწყოთ თავიდანვე სრული სვლით და ინფრასტრუქტურა პარალელურად დავხვეწოთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დასაკარგი დრო არ გვქონდა და რადგან, პირველი სქემით, სპეციალისტების კურსის გამოშვებას 10 წელი მაინც დასჭირდებოდა, მეორე გზა ავირჩიეთ.
დღეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე გასცემს ბაკალავრის აკრედიტებულ დიპლომს საქართველოში. ამავდროულად ვცდილობთ, უმაღლესი განათლების სისტემის ტრანსფორმირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვაშენებთ ზუსტად ისეთ ლაბორატორიებს, როგორიც სან დიეგოში გვაქვს; ვარჩევთ ლექტორებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ კვლევების გამოქვეყნების გამოცდილება, ცნობილი არიან თავიანთი საქმიანობით და ვგზავნით მათ შეერთებულ შტატებში, რათა გაიცნონ კოლეგები, შეისწავლონ სწავლების ახალი მეთოდები, ჩაატარონ ლექციები და ლაბორატორიული კვლევები. შემდეგ ისინი ბრუნდებიან საქართველოში და აქ ასწავლიან. დიახ, მართალია, საქართველოში ყველა ლექტორს არ შეუძლია უცებ მოერგოს სწავლების დასავლურ სტილს, მაგრამ ისიც მართალია, რომ ბევრს უკვე აქვს მიღებული დასავლური განათლება, აქვეყნებს სამეცნიერო პუბლიკაციებს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ სურთ ჩვენთან თანამშრომლობა.
მას შემდეგ, რაც ადამიანური რესურსი დაგროვდება, ამ პროგრამებს ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები სრულად გადაიბარებენ, ეს კი ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ისეთ ახალ პროგრამებზე ვიფიქროთ, როგორიცაა მაგალითად, ბიოტექნოლოგია და მედიცინა.
ახლო მომავალში რა სპეციალობების დამატებას აპირებთ?
წელს დავამატეთ კომპიუტერული მეცნიერებები – ჩვენი დროის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული დარგი, მომავალი წლიდან კი დაემატება სამოქალაქო ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები. ყველა ამ კურსის დამატებას თავისი ლოგიკა აქვს. კომპიუტერული მეცნიერებები – საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს ამ ბაზარზე კონკურენტული და შეძლოს ინოვაცია. ქიმია/ ბიოქიმია – საქართველოს აქვს პოტენციალი, განავითაროს სოფლის მეურნეობის სექტორი და თავის პროდუქციას დამატებული ღირებულება შესძინოს; და ინჟინერია – საქართველოს აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და ამით წინ წასწიოს ქვეყნის ეკონომიკა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ გამოწვევების დაძლევაში თავის წვლილს შეიტანს კვალიფიციური, თანამედროვე უნარებით და ცოდნით აღჭურვილი კადრების მომზადებით.
გაგვიმხილეთ, როგორ ხედავთ თქვენი უნივერსიტეტის და ამ პროგრამის კურსდამთავრებულს საქართველოში და ამით დავასრულოთ: რა უნარები და ცოდნა რჩება მას პროგრამის დასრულების შემდეგ?
მთავარი ისაა, რომ საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული არაფრით განსხვავდება კალიფორნიის კამპუსის კურსდამთავრებულისგან. SDSU-ს კურსდამთავრებულები კი კონკურენტულები არიან არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ყველაზე ცნობილ კომპანიებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ისინი ინოვატორები არიან. კალიფორნიაში უამრავ კომპანიას შეხვდებით, სადაც ასობით ადამიანს სწორედ ჩვენი კურსდამთავრებულები ასაქმებენ. ზუსტად ასეთივე მოლოდინი გვაქვს საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიმართ. საქართველოში მიღებული დიპლომით ჩვენი კურსდამთავრებული ზუსტად იმავე მიზნების მიღწევას შეძლებს.
კრიტიკაც გვესმის, რომ ამერიკული დიპლომით ახალგაზრდები სამუშაოდ საზღვარგარეთ წავლენ, რაც ეკონომიკისთვის ცუდი იქნება, მაგრამ, მოდი, სხვა კუთხით შევხედოთ. განათლების მიღება არ ნიშნავს მხოლოდ სწავლას, არამედ გარემოსაც, რომლის განუყოფელი ნაწილიც ხდები: სწავლობ, ერთობი, გიყვარდება და ამ ყველაფრის მერე რთული ხდება ამ გარემოსთან განშორება. სულ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ამ ყველაფერს საქართველოში, დარჩება და იცხოვრებს საქართველოში. ზოგი მათგანი წავა – და ისინიც, ვინც წავლენ, აუცილებლად დაბრუნდებიან. საქართველოში ყოველთვის ბრუნდებიან. არ ვიცი, ალბათ ხაჭაპურის ბრალია…
მე როგორც ამერიკელი ყოველთვის ვამბობ – დიდი მადლობა თქვენ, ნიჭიერო ქართველებო, ვინც ამერიკაში მუშაობთ და ამერიკის ეკონომიკას ეხმარებით. უღრმესი მადლობა, მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ საქართველოს უფრო სჭირდებით.