"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 75-ე ადგილზეა
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 75-ე ადგილზეა 190 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
დაახლოებით ორი კვირის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი, სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 2.7-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 75-ე ადგილზეა 190 ქვეყანას შორის. რეიტინგი 2023 წლის პროგნოზირებული მონაცემებით არის შედგენილი, რომლის მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი წელს 22,357 PPP დოლარს მიაღწევს. პანდემიამდე, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 15,611 PPP დოლარი იყო. რადგან 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალიც შემცირდა 14,772 PPP დოლარამდე. 2019 წელს საქართველო რეიტინგში 86-ე ადგილზე იყო და 2020 წელსაც 86-ე ადგილზე დარჩა (რადგან სხვა ქვეყნებსაც შეუმცირდათ შემოსავალი). 2021-2022 წლებში ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარებში 37%-ით გაიზარდა, რაც მაღალი ზრდაა და საქართველომ 75-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2023 წელს შემოსავალი 10%-ით იზრდება და საქართველო 75-ე ადგილს ინარჩუნებს.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება. თუმცა PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, PPP დოლარში ერთ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება.
ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში, PPP დოლარი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია – 143,304 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი ირლანდიაა 137,638 PPP დოლარით. 2023 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 0.4%-ით შემცირდება, ირლანდიის ეკონომიკა კი 2%-ით გაიზრდება. რეიტინგში მესამე ადგილზე სინგაპურია, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 133,108 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
შემოსავლების მიხედვით, საქართველოსთან ყველაზე ახლოს ჩრდილოეთი მაკედონია (21,391 PPP დოლარი), ტაილანდი (22,491 PPP დოლარი) და ჩინეთი (23,309 PPP დოლარი) არიან.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 41,888 PPP დოლარით (47-ე ადგილი მსოფლიოში). შემდეგ რუსეთი მოდის 35,310 PPP დოლარით (56-ე ადგილი მსოფლიოში). სომხეთსა (19,745 PPP დოლარი) და აზერბაიჯანში (18,694 PPP დოლარი) ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია.
ყველაზე ღარიბი ქვეყანა სამხრეთი სუდანია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 476 PPP დოლარია. შემდეგ მოდის ბურუნდი 890 PPP დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,109 PPP დოლარით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით, 2023 წელი
ქვეყანა | PPP დოლარი | |
1 | ლუქსემბურგი | 143,304 |
2 | ირლანდია | 137,638 |
3 | სინგაპური | 133,108 |
4 | კატარი | 114,210 |
5 | შვეიცარია | 89,537 |
6 | არაბთა გაერთ. საამიროები | 88,962 |
7 | ნორვეგია | 82,236 |
8 | აშშ | 80,412 |
9 | დანია | 74,958 |
10 | ნიდერლანდები | 73,317 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024