Hewlett-Packard-მა, 1939 წელს, მოღვაწეობა კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში, ავტოფარეხში დაიწყო და ცნობილი გახდა, როგორც სილიკონის ველის პირველი სტარტაპი. მაგრამ ტერმინი “სილიკონის ველი”, პირველად 32 წლის შემდეგ იქნა გამოყენებული. მწერალმა, დონ ჰეფლერმა, 1971 წელს ის ყოველკვირეულ გაზეთში სტატიების სერია Electronic News- თვის (ელექტრონული ახალი ამბები) სათაურად გამოიყენა. “სილიკონი” აღნიშნავდა ამ ტერიტორიის ნახევრადგამტარების მწარმოებელ კომპანიებს: Fairchild Semiconductor-ს, National Semiconductor-სა და მათ შორის, სამი წლის სტარტაპს – Intel-ს.
ვენჩურული კაპიტალი სილიკონის ველში დაახლოებით იმავე დროს ამოძრავდა. Kleiner Perkins Caufield & Byers-მა საქმიანობა 1972 წელს დაიწყო. შემდეგ მან AOL-ის, Amazon-ის, Compaq-ის, Genentech-ის, Sun Microsystems-ის, Netscape-ისა და Google-ის ფინანსირებას მიჰყო ხელი. 1972 წელს, აგრეთვე კონკურენტი ფირმა, Sequoia Capital-ი დაარსდა. შემდეგ მან Apple-ის, Oracle-ის, Cisco-ის, Electronic Arts-ის, Google-ის, YouTube-ის, LinkedIn-ისა და WhatsApp-ის (რომელიც წელს, ცოტა ხნის წინ, $19 მილიარდად Facebook-ს მიჰყიდეს) ფინანსირება მოახდინა. ტექნოლოგიის/ ვენჩურული კაპიტალის პარტნიორობა წმინდა წყლის ოქროა. გლობალურ ეკონომიკაში სილიკონის ველი მან ჩემპიონად აქცია. ველმა წარუმატებლობებიც გადაიტანა, – განსაკუთრებით 2000-02-ის დოტკომების კრახი – მაგრამ ძირითადად ის ბუმიდან ბუმამდე ამ ძლიერი შეწყვილების წყალობით ხტებოდა.
მაშ, სილიკონის ველის ვენჩურული კაპიტალისტები დღეს რომელ ტექნოლოგიებს აფინანსებენ? ჩემმა კოლეგამ FORBES-იდან, ბრიუს აპბინმა და მე, ამას წინათ ველის ტოპ-ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მიერ დაფინანსების ტენდენციების შესახებ საბჭო ჩავატარეთ.
- საწარმოს საინფორმაციო ტექნოლოგია რადიკალურად იქნება ტრანსფორმირებული. უპირატესობის მქონე კომპანიები, როგორიცაა IBM, HP, Cisco და Oracle-ი ახალი კონკურენტების – სტარტაპების წინაშე აღმოჩნდებიან, რომლებიც ბუღალტერიის, ინვენტარის მართვისა და ლოგისტიკის სფეროებში თამაშის მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფას შემოიტანენ.
- კომერციულ ბანკებს შედარებითი გაუარესება ელით. თანაბარუფლებიანი დაკრედიტების (Peer-to-peer lending) მოდელები, Lending Club-ის სტილში, ტრადიციული საბანკო სისტემის მომხმარებლებს გადაიბირებენ.
- სახლის ციფრული ქსელები, რომლებიც, ტელევიზორებითა და ტელეფონებით დაწყებული, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემით დამთავრებული, ყველაფერს აკავშირებენ, საყოველთაო გახდება.
მაგრამ აქ ბნელი მხარეც არსებობს. სახლის ციფრული ქსელები ჰაკერებისთვის სამოთხედ იქცევა. მოზარდი ხუმარები სახლში კი არ დაგირეკავენ, რათა გკითხონ, მუშაობს თუ არა თქვენი მაცივარი, ისინი, უბრალოდ, თქვენი სახლის ქსელს გატეხენ და თქვენს მაცივარს გამორთავენ. პროფესიონალი ჰაკერები საკრედიტო ბარათებისა და საბანკო პაროლებისთვის თქვენს სახლის ქსელს გამოიკვლევენ. ამიტომ სახლის ციფრული უსაფრთხოება დიდი ბიზნესი გახდება.
- ჯანმრთელობის დაზღვევის ინდუსტრიას დამქირავებლები ხელს სერიოზულად შეუშლიან. კომპანიების უმეტესობა 500-ზე მეტი მუშაკით თვითდაზღვევას განახორციელებს. ისინი ექიმების ქსელებისა და გადახდის სისტემების გასაუქმებლად ტექნოლოგიურ ქსელებს გამოიყენებენ. მომავალი შეიძლება დავინახოთ სტენფორდის სამედიცინო სკოლაში, რომელსაც სილიკონის ველის ბევრ კომპანიასთან უშუალო კონტრაქტები აქვს დადებული.
- უმცირესი დეტალების ტექნოლოგია და დიდი მონაცემები სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურსების ტრანსფორმირებას მოახდენს – ისევე როგორც 1966 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური ტრილერის ფანტასტიკური ვოიაჟის ერთ ეპიზოდში, რომელშიც პაციენტი უმცირეს ჩიპს ყლაპავს ან ინიექციის სახით ღებულობს, მერე კი ეს ჩიპი მიკრობიომიკური (მეცნიერება ჩვენს სხეულებში ადამიანის უჯრედებისა და მიკრობული სიცოცხლის ფორმების ურთიერთბლოკირების სისტემების შესახებ) მონაცემების უზარმაზარ მოცულობებს გადმოსცემს. ეს ექიმების მიერ გაანალიზდება და ანალიტიკური ძრავების მიერ შეისწავლება, რათა დიაგნოზი იქნას დასმული და მკურნალობის გეგმა შედგეს.
- “ბოლო წამის ეკონომიკა” განაგრძობს ზრდას. ამის უკვე წარმატებული მაგალითია Uber-ი – ავტოტრანსპორტის გაქირავების სერვისი, რომელიც მობილური ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი. უფრო და უფრო მეტ მომსახურებებს – ექიმის მომსახურებასაც კი – ინტერნეტის რეალურ დროში აუქციონის შეფასების საფუძველზე დაედება ფასი.
- სფოტ-ფასების (მიმდინარე ფასების) წარმოქმნა სამედიცინო პროცედურებისთვის ნორმა გახდება. ავიღოთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ახალი ტომოგრაფის ღირებულება დაახლოებით $2 მილიონია, ამასთან ერთად, როგორც წესი, ის დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე გამოიყენება. რატომ არ შევქმნათ ბაზარი ფასდაკლებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის, რომელიც არასამუშაო საათებშია დანიშნული – მაგალითად, 50% ფასდაკლება საღამოს 11 საათზე, 80% ფასდაკლება ღამის 3 საათზე? ეს მალე მოხდება, ამბობენ ვენჩურული კაპიტალისტები.
- ქალი მეწარმე (რაც ველში შედარებით იშვიათია) კომპანიას $50 მილიარდი გამოსვლის გეგმით (თავდაპირველი საჯარო შემოთავაზების ან შესყიდვის სახით) შექმნის. ეს მას Facebook-ის მასშტაბის კომპანიად აქცევს. მაგრამ იქნება ეს პირველი შემთხვევა? Cisco 1984 წელს სანდრა ლერნერისა და ლეონარდ ბოსეკის მიერ იქნა შექმნილი, რომლებიც იმ დროს ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მისმა საბაზრო ღირებულებამ 2000 წლის დასაწყისში $555 მილიარდს მიაღწია, ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით ეს უკვე მოხდა.
- სმარტფონები უფრო თხელი, მსუბუქი იქნება. საკრედიტო ბარათები უფრო მრავალფუნქციური გახდება და აპლიკაციები ექნება, ზუსტად ისევე, როგორც მობილურ ტელეფონებს. ომი თქვენი საფულის მართვისთვის დაწყებულია.
სილიკონის ველის ვენჩურული კაპიტალისტები დღეს ინვესტირებას ამ იდეებში ახორციელებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვენჩურული კაპიტალისტები იმედოვნებენ, რომ ის იდეები ხუთ წელში განვითარდება, ათ წელიწადში კი ფულს მოიტანს. თვალი ადევნეთ მოვლენებს.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში). რიჩ კარლგაარდი Forbes-ის პუბლიცისტია. მისი უახლესი წიგნი, რბილი ზღვარი: სად პოულობენ დიდი კომპანიები მყარ წარმატებას (THE SOFT EDGE: WHERE GREAT COMPANIES FIND LASTING SUCCESS)