სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების ზეგავლენა ეკონომიკაზე

სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების ზეგავლენა ეკონომიკაზე

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველო მეშ-ის (მთლიანი ეროვნული შემოსავლის GNI per capital-Atlas Method) ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით -$3,570-იანი მაჩვენებლით, დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს (lower-middle-income, 1,036$ – 4,085$: სომხეთი, ინდოეთი, მოლდოვა, მაროკო და ა.შ) მიეკუთვნება. აქედან დაბალ (მეშ-ი ერთ სულ მოსახლეზე $1,035ან ნაკლები უნდა იყოს; მაგ.: ბანგლადეში, კამბოჯა, უგანდა, ჰაიტი და ა.შ) და დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს განვითარებად ქვეყნებს უწოდებენ. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მუდმივი ვარიაციებით ხასიათდება და უფრო არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც ხშირ ცვლილებებს განიცდის, რისი გამომწვევი მიზეზიც სხვადასხვაა ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ ცვლილებას 2014 წლის აპრილში ჰქონდა ადგილი, როცა ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი წინა თვეების ეკონომიკური ზრდის მონაცემებთან შედარებით საგრძნობლად დაბალი იყო, რის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, სათამაშო ბიზნესში ბრუნვის შემცირება დაასახელა. აქედან, საინტერესოა საქართველოში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების სიდიდე, ამ სფეროში არსებული აქტივობა და მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე მიმოვიხილოთ.

მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლები (პროცენტებში)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; geostat.ge

2007 წელს ეკონომიკის 12.3%-იანი ზრდის შემდეგ (2007 წელი გასულ და მომდევნო წლებთან შედარებით „ეკონომიკური ბუმის“’ პერიოდი იყო) მშპ-ის ზრდის ტემპი 2008 წლიდან 2010 წლამდე კლების ტენდენციით ხასიათდებოდა (რუსეთ-საქართველოს შორის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდები). მშპ 2009 წელს წინა – 2008 წელთან შედარებით არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა და -3.8%-იან მაჩვენებელზე დაფიქსირდა (2008 წელს საქართველოში მომხდარი აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოვლენების ასახვა 2009 წელს მოხდა). 2010-დან 2012 წლამდე მშპ-ის ზრდის ტემპი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო 2012 და 2013 წლებში ისევ კლების ტენდენციით ხასიათდება (საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყანაში გამოწვეული ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილური მდგომარეობის შედეგი). რაც შეეხება მიმდინარე – 2014 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები (წინასწარი შეფასებით) ძირითადად 5.4-8.3% ფარგლებში მერყეობს; ერთადერთი გამონაკლისი აპრილის თვეა – 2.7%-იანი მაჩვენებლით. სწორედ ამ ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად ნოდარ ხადურმა, აპრილში სათამაშო ბიზნესში არსებული ბრუნვის შემცირება დაასახელა. რაც შეეხება მთლიანად 2014 წლის ორი კვარტალის ეკონომიკის საშუალო ზრდის მონაცემს, წინასწარი შეფასებით 6 თვეში ეკონომიკის საშუალოდ 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ამ ეტაპზე ნორმალური მაჩვენებელია და პროგნოზის მიხედვით 2014 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევის საშუალებას ჯერჯერობით იძლევა.

მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით (პროცენტული მაჩვენებლები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; geostat.ge

იმისათვის, რომ გავარკვიოთ, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები თუ როგორ აღირიცხება და ეკონომიკის ზრდაზე როგორ ახდენს ზეგავლენას, ამისთვის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით მიმოვიხილოთ. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების ცალკე გამოყოფა არ ხდება, ის „სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის“ სექტორში აღირიცხება, სხვა (პროფკავშირების საქმიანობა, კინო- და ვიდეოფილმების წარმოება და ა.შ) ეკონომიკური საქმიანობის სახეებთან ერთად. 2008 წლიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით (2014 წლის მეორე კვარტალის მონაცემები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ოფიციალურად სექტემბრის ბოლოსთვის იქნება ცნობილი) ეკონომიკის ზრდა ძირითადად დამამუშავებელი მრეწველობისა და საფინანსო საქმიანობის დარგში წარმოებული პროდუქციის და მომსახურების ზრდის დამსახურება იყო. არც ერთ წელს „სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის“ სექტორში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება ეკონომიკური ზრდის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენდა. 2013 წლის ბოლო კვარტალში ამ სექტორის ზრდა უარყოფითი (-2.2%) იყო, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში 5.1%-იანი მაჩვენებლით თვრამეტ სხვადასხვა სექტორში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ზრდის ტემპთან ერთად მეათე ადგილზე დგას. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და 2014 წლის აპრილში, ან თუნდაც მეორე კვარტალში მთლიანად, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების სიმცირე ეკონომიკის ზრდის ტემპზე ამხელა ზემოქმედებას ნაკლებად თუ მოახდენდა.

მდგომარეობის უფრო ნათელი ანალიზისთვის, მნიშვნელოვანია ამ მონაცემებთან ერთად სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების ოდენობაც მიმოვიხილოთ.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები (ათას ლარებში)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; mof.ge; treasury.gov.ge

ბიუჯეტი, იგივე შემოსულობები, შედგება: შემოსავლების, არაფინანსური, ფინანსური აქტივების კლებისა და ვალდებულებების ზრდისგან. შემოსავლები თავის თავში მოიცავს გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა შემოსავლებიდან მიღებულ შემოსავლებს, საიდანაც ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე რეალური ამსახველი გადასახადებია. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები, იგივე მოსაკრებლები, გადასახადებში აღირიცხება, რაც, როგორც ცხრილ 2-დან ვხედავთ, 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2014 წლის იანვარში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 1,155 ათასი ლარი იყო, თებერვალში – 201 ათასი ლარი, ხოლო მარტში – 13,659 ათასი ლარი. როგორც ვხედავთ, მარტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილში ეს მაჩვენებელი -803 ათასი ლარამდე შემცირდა, მაისში -349 ათას ლარამდე, ხოლო ივნისში კი 14,262 ათას ლარამდე კვლავ გაიზარდა. ამ მონაცემებიდან ცხადია, რომ აპრილში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები, მარტის მაჩვენებელთან შედარებით, მართლაც შემცირდა, თუმცა ეს მონაცემი 2014 წლის დანარჩენი თვეების მაჩვენებლებთან შედარებით არც იმდენად დაბალია (მაისში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები აპრილის მონაცემზე ნაკლები იყო, მაშინ როცა მაისში ეკონომიკის უფრო მაღალი – 6.3% იანი ზრდა დაფიქსირდა).

სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების კიდევ უფრო რეალური სიდიდის დასადგენად, ამ შემოსავლების პროცენტული წილი გადასახადებში, მთლიან შემოსავლებში და ასევე შემოსულობებშიც მიმოვიხილოთ.

სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების პროცენტული წილი გადასახადებში, შემოსავლებსა და შემოსულობებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; mof.ge; treasury.gov.ge

2008 წლიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების პროცენტული წილი გადასახადებში 0.05% – 2.75%-ის ფარგლებში მერყეობს; შემოსავლებში 0.04%-2.66% ინტერვალშია, ხოლო შემოსულობებში – 0.03% – 2.25% ფარგლებში, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებია. მართალია, 2014 წლის აპრილში ეს მონაცემები გასულ თვეებთან და წლებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, თუმცა ეს მაჩვენებლები დანარჩენ პერიოდებშიც ასევე საგრძნობლად მცირეა და აპრილის თვის მონაცემებისგან მნიშვნელოვნად ნამდვილად არ განსხვავდება.

ზემოთ მოყვანილი ანალიზიდან ცხადია, რომ 2008 წლიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით, ეკონომიკური ზრდა ძირითადად დამამუშავებელი მრეწველობის და საფინანსო საქმიანობის სექტორში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების დამსახურება იყო. არც ერთ წელს „სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის“ სექტორში (რაც ასევე სათამაშო ბიზნესიდან მიღებულ შემოსავლებსაც მოიცავს) წარმოებული პროდუქცია და მომსახურება ეკონომიკის ზრდის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენდა. ასევე აპრილში, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები, მარტის მაჩვენებელთან შედარებით, მართლაც შემცირდა, თუმცა ეს მონაცემი 2014 წლის დანარჩენი თვეების მაჩვენებლებთან შედარებით არც იმდენად დაბალია (მაისში, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები აპრილის მონაცემზე ნაკლები იყო, როცა მაისში ეკონომიკის უფრო მაღალი – 6.3% იანი ზრდა დაფიქსირდა). სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების პროცენტული წილი გადასახადებში, შემოსავლებსა და შემოსულობებში აპრილის თვეში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, თუმცა, ვინაიდან დანარჩენ პერიოდებშიც ეს მაჩვენებლები საგრძნობლად მცირეა და აპრილის მონაცემებისგან თითქმის არ განსხვავდება, ამიტომ აპრილის თვის მაჩვენებლების ზეგავლენა ეკონომიკაზე უმნიშვნელოა. აქედან, 2014 წლის აპრილში ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდის მიზეზი, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის შენელება იყო.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *