ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაცია განაახლა. აშშ და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმედს გამოთქვამენ, რომ ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს. Reuters-ის ინფორმაციით, ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისრაელმა სარაკეტო შეტევები იმ პოზიციებზე მიიტანა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფრის საძიებლად გაგზავნა.
ისრაელს არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისაგან თავის შეკავება გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, ქალაქ ღაზას ჩათვლით, ისრაელმა სახმელეთო ოპერაციის შედეგად თითქმის სრულად დაიკავა. ამას კი მხარეების შეთანხმებით ცეცხლის დროებით შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა მოჰყვა. თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 4-დღიანი გახლდათ, თუმცა „ჰამასის“ სურვილით – გაეცვალა უფრო მეტი ტყვე, რამდენიმე დღით გახანგრძლივდა. შეტაკებების განახლების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა. ისრაელმა კი სახმელეთო ოპერაცია სამხრეთით განაგრძო და სიღრმეში შესვლა განიზრახა.
„ჰამასის“ მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური ჯიჰადის“ ინფორმაციით, მათი მებრძოლები ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის სამხრეთში მთავარი ქალაქის, ხან-იუნისის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში დაუპირისპირდნენ. ისრაელის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა. ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი ისრაელმა 78 სამხედრო დაკარგა.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში არსებული გვირაბების წყლით ასავსებად შესაბამის აღჭურვილობას თავი მოუყარა. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის 5 სატუმბით გვირაბების მიმართულებით ზღვის წყალს მიმართავენ, რაც „ჰამასის“ მებრძოლებს გვირაბების დატოვებას აიძულებს. ამ ნაბიჯის გადადგმის საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელს ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა „ჰამასის“ შესაძლებლობების შესამცირებლად კონკრეტულ ნაბიჯებს განიხილავს.