AstraZeneca AI-ბიოლოგიურ ფირმა Absci-თან ერთად კიბოს წამალზე იმუშავებს

AstraZeneca AI-ბიოლოგიურ ფირმა Absci-თან ერთად კიბოს წამალზე იმუშავებს

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია AstraZeneca ხელოვნური ინტელექტის (AI) ამერიკულ ბიოლოგიურ ფირმა Absci-სთან კიბოსთან ბრძოლის ანტისხეულების შესაქმნელად ითანამშრომლებს. გარიგება, რომელსაც ხელი უკვე მოეწერა, $247 მილიონადაა შეფასებული.

ერთობლივი ძალებით, AstraZeneca და Absci, ე.წ. „zero-shot“ გენერაციული AI-მოდელის გამოყენებით, ახალი და გაუმჯობესებული ანტისხეულების თერაპიის შექმნაზე მუშაობას გეგმავენ. ამ ეტაპისთვის უცნობია, რა სახის კიბოს წინააღმდეგ იქნება მიმართული თერაპია. ცნობისთვის, „zero-shot“ გაუწვრთნელი მოდელია, რაც ნიშნავს, რომ მიცემულ დავალებებს კონკრეტულ მონაცემებზე სპეციალურად მომზადების გარეშე ასრულებს.

თავად Absci გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს წამლის ოპტიმალური სახეობების შესარჩევად იყენებს – მათი სამიზნე ჯგუფების, უსაფრთხოების, საწარმოო შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით. „ვამაყობთ, რომ AstraZeneca-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ახალი მკურნალობის შესათავაზებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა Absci-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ მაქკლეინმა.

Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების პირობებით, საწყის ეტაპზე დაფინანსდება კვლევებისა და განვითარებისთვის საჭირო თანხა, პროდუქტის გაყიდვებისთვის საჭირო იჯარის გადასახადი, Absci კი წინასწარ ანაზღაურებასაც მიიღებს.