ქვემოთ მოყვანილი ისტორია კი ცდება ყველა მასშტაბებს და ეხება ფინანსური სამყაროს ისეთ გიგანტებს, როგორებიც არის ნობელების, როტშილდებისა (ევროპის ყველაზე მძლავრი ფინანსური ოჯახი) და როკფელერების (ყველაზე დიდი ამერიკული სანავთობო კომპანია Standard Oil-ის დამფუძნებლები) ოჯახები. ხშირად კონკურენცია არ იყო სამართლიანი. ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს, რაც იწვევდა ხანგრძლივ სასამართლო გარჩევებსა და ამით ბიზნესის განვითარების ტემპების შენელებას. შეთანხმებები იდებოდა ნობელებსა და როტშილდებს შორის, როკფელერებსა და როტშილდებს შორის, ხან ნობელებსა და როკფელერებს შორისაც კი. ყველაფერი კეთდებოდა მესამე მხარის გასანადგურებლად. სამი ოჯახის ეს ორთაბრძოლა ისტორიაში ეგრეთ წოდებული „ოცდაათწლიანი ომის” სახელით არის ცნობილი. ყველაფრის საწინდარი კი ამიერკავკასიის ნავთობი და რკინიგზა იყო.
ნობელები: ბიზნესიმპერიის შექმნა
ნობელებმა რუსეთში ბიზნესი ჯერ კიდევ შორეულ 1840-იან წლებში წამოიწყეს, თუმცა წარუმატებლად. ემანუილ ნობელი იძულებული იყო დაეტოვებინა პეტერბურგი, ხოლო მისმა შვილებმა, ლუდვიგმა და რობერტმა, დარჩენა ამჯობინეს (ალფრედი ევროპაში დაბრუნდა ნიტროგლიცერინზე სამუშაოდ). მამის გაკოტრების შემდეგ ძმებმა რუსეთის დედაქალაქში სამხედრო ქარხანა გახსნეს, რომელიც მასრებს, ქვემეხების ლულებს, ლაფეტებსა და თოფებს ამზადებდა. ნედლეული მთლიანად საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ და ამ დამოკიდებულებისაგან თავის დასაღწევად და პროდუქციის გაიაფების მიზნით 1873 წელს რობერტ ნობელი კავკასიაში გაემგზავრა.
საქართველოს საისტორიო არქივში რამდენიმე საინტერესო დოკუმენტი ინახება საქართველოში ძმებ ნობელების საქმიანობაზე. ერთ-ერთი საბუთი ეხება რობერტის 1873 წლის მარტში თბილისში მგზავრობას და მის მიმართვას კავკასიის მეფის ნაცვლის სამმართველოში. რობერტი ცდილობდა დაერწმუნებინა ადგილობრივი ხელისუფლება ახლად გამოგონებული დინამიტის ეფექტურობაში როგორც კრინიგზის გაყვანისა და მთიანი რეგიონების გაწმენდისას, ასევე მისი წყლის ქვეშ გამოყენებისას. აპელირებდა რა კავკასიის მთიან ლანდშაფტსა და მსოფლიოში დინამიტის ფართოდ გამოყენების მასშტაბებზე, თხოვნით მიმართა მთავრობას, ნება მიეცათ საქართველოში უბაჟოდ 500 ფუთი დინამიტის შემოეტანა.
რობერტი პირველი იყო ნობელებისგან, ვინც კავკასიაში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც პარიზში თავისი ძმა, ალფრედი, მოინახულა. თუმცა რუსეთში ნავთობინდუსტრიის ფუძემდებლად მისი ძმა ლუდვიგი გამოდგა, რომელმაც 1875 წელს ბაქოში „ტფილისის საზოგადოებისაგან” „ფოტოგენური ქარხანა” და ნავთობით მდიდარი ტერიტორიები 8000 მანეთად შეიძინა, 1878 წლის მაისში იმპერატორ ალექსანდრ II-ის დეკრეტით კი საფუძველი ჩაეყარა რუსეთის იმპერიაში ყველაზე მსხვილ სანავთობო კომპანიას: „ძმები ნობელების ნავთობის წარმოების ამხანაგობა” (Branobel) 3 მლნ რუბლის საწყისი კაპიტალით.
XIX საუკუნის 80-იან წლებამდე ნობელები ბაქოდან საზღვარგარეთ ნავთობის გატანას ფოთისა და ბალტიის ზღვის ნავსადგურებიდან აწარმოებდნენ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ამიტომაც მრეწველებს ეს გზა არ აწყობდათ. საუკეთესო ვარიანტად ბათუმი განიხილებოდა, თუმცა, ვიდრე ქალაქი თურქების ხელში იყო, ამ მარშრუტს ვერ გამოიყენებდნენ. ვითარება შეიცვალა 1877-1878 წლებში რუსეთის თურქეთთან ომში გამარჯვების შემდეგ და ბათუმის შემოერთებით. ამით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ნავთობის ექსპორტისთვის. 1883 წელს ბათუმ-სამტრედიის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ ბათუმი ბაქოსთან დააკავშირა, რამაც გაზარდა საპორტო-სამრეწველო ქალაქის ზრდისა და განვითარების პერსპექტივები. ამ პროცესებს ასევე ხელი შეუწყო 1878 წელს გამართულმა ბერლინის სამშვიდობო კონგრესმა და ბათუმის „porto franco”-დ „ღია ნავსაყუდელად” გამოცხადებამ. ნობელების, როტშილდების, ინგლისური თუ გერმანული კაპიტალი უხვად მოაწყდა ბათუმს (თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სარკინიგზო მიმოსვლით ქვეყანაში იაფი ნავთის შემოტანამ ხელი შეუშალა საქართველოში ნავთობის მოპოვების განვითარებას. 1902 წლისათვის ამ ტიპის წარმოება მთლიანად ქრება საქართველოს სამეწარმეო სივრცეში).
„ოცდაათწლიანი ომი”
რუსმა ნავთობმეწარმეებმა ბუნგემ და პალაშკოვსკიმ 1870 წლებში ბაქო-ასტრახან-ვოლგის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყეს. რადგან პროექტი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ხოლო სამუშაოები საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა, ისინი როტშილდების საგვარეულოს ფრანგულ შტოს დაუკავშირდნენ. ამ უკანასკნელების ამ საკითხით დაინტერესება გასაკვირი არ იყო, რადგან ისინი ათწლეულების განმავლობაში იყვნენ ჩართული სარკინიგზო ბიზნესში და ევროპაში პირველი ხაზების აშენება სწორედ მათ სახელთან არის დაკავშირებული. კარგად ესმოდათ რა, თუ რა პერსპექტივებს იძლეოდა ნავთისა და ნავთობის ეს ახალი საბადოები, როტშილდების უშუალო ინტერესებში შედიოდა არა შემოვლითი გზის აშენება, არამედ ამ ნედლეულის ბათუმის გავლით პირდაპირ ევროპაში გატანა.
ბათუმის საექსპორტოდ გამოყენებას ასევე ემხრობოდნენ ძმები ნობელები. ასე, მაგალითად, ლუდვიგი ბაქოდან პეტერბურგში თავის ძმებს, ალფრედსა და რობერტს, წერდა: „ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველა შესაძლო მარშრუტს შორის რეკომენდაციას გაძლევთ, აირჩიოთ მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გადის, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას შორის, სიახლოვის გარდა, გაითვალისწინეთ მეგობრობისა და ერთმანეთისადმი ერთგულების სრულიად განუმეორებელი გრძნობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. ჩვენთვის, უცხოელებისთვის, ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა დანარჩენი მარშრუტი დაკავშირებულია გაცილებით უფრო დიდ რისკებთან, ვინაიდან არსად არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც ბაქოსა და თბილისში, ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორად ეს მარშრუტი უნდა ავირჩიოთ”. ნახშირწყალბადის ევროპაში ექსპორტირებისთვის მიიღეს ლუდვიგის არჩევანი – ნავთობის გადატანა განხორციელებულიყო ბაქო-თბილის-ბათუმის გზით, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რკინიგზის აშენებაში 10 მილიონი ამერიკული დოლარი როტშილდებმა ჩადეს. მათ ასევე გამოყვეს კრედიტები მცირე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების შესაქმნელად.
ნობელები ევროპის ყველაზე დიდი ფინანსურ ძალას ვერ გაუმკლავდებოდნენ. როტშილდების ინტერესები არა მენეჯერული, არამედ ძირითადად საბანკო და საინვესტიციო საქმიანობით შემოიფარგლებოდა. ნობელებისთვის ასეთი სპეკულაციები უცხო იყო და ამიტომაც ორი ბიზნეს-ფილოსოფიის ჯახი გარდაუვალი აღმოჩნდა. ვითარება დაიძაბა 1882 წელს, იმპერატორ ალექსანდრ II-ის მკვლელობის შემდეგ, როდესაც საიმპერატორო დეკრეტით ებრაელებს რუსეთის ტერიტორიაზე მიწის ყიდვა ან დაქირავება აეკრძალათ. თუმცა კანონს დიდი გავლენა არ მოუხდენია როტშილდების გეგმებზე და 1883 წელს ბაქო-თბილისის რკინიგზის გაიხსნა. ამან კი უბიძგა როტშილდებს დაეარსებინათ „Societé Commerciale et Industrielle de Naphte Caspienne et de la Mer Noire” (კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია), უფრო ცნობილი რუსული აბრევიატურით – БНИТО.
„ბნიტოს” რუსეთის ბაზარზე მეორე ნომრად გადაქცევის შემდეგ, ბათუმმა ნამდვილი ბიზნესცენტრის სტატუსი მოიპოვა. ტანკერებად გადაკეთებული ბრიტანული გემებით ნედლეული მარსელსა და ფიუმეში გადაჰქონდათ. ბათუმში როტშილდებს ნავთისა და ნავთობის გადასაზიდი კონტეინერების ყველაზე დიდი ქარხანა ჰქონდათ. მათს საქმიანობას ნაწილობრივ ხელი შეუშალა 1886 წელს რუსეთის მიერ ბათუმისთვის „porto franco”-ის სტატუსის გაუქმებამ, რითაც ქალაქი კვლავ სამხედრო ნავსაყუდელად გადაიქცა.
ნობელებს არ სურდათ სასიკვდილო ომში ჩართულიყვნენ როტშილდებთან. ალფრედს კარგად ესმოდა, თუ რით შეიძლება დამთავრებულიყო ყოველივე ეს მისი ძმებისათვის. მისი ძალისხმევით პარიზში, 1884 წლის მაისში, მოწვეულ იქნა კონფერენცია, სადაც ორი ოჯახი თანამშრომლობაზე შეთანხმდა. როტშილდებს სურდათ ნავთის გატანა ევროპაში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ როკფელერების Standard Oil-ით მარაგდებოდა. იმავე აზრის იყვნენ ნობელებიც. ლუდვიგს სურდა საკუთარი კომპანიის მეოთხედის მიყიდვა როტშილდებისათვის, რათა მათი დაფინანსებით მოეხერხებინა ბათუმში ბუნჯისა და პალაშკოვსკის „ბათუმის ნავთობისა” და „სავაჭრო კომპანიის” 1,5 მილიონ მანეთად ყიდვა. მას ასევე სურდა აეგო ნავთის გადასაზიდი კონტეინერების ქარხანა და გაეყვანა ნავთობსადენი სურამის ქედზე გავლით. როტშილდებმა უარი თქვეს, თუმცა აქ გამოჩნდნენ როკფელერები, რომლებმაც ლუდვიგთან მოლაპარაკებები გამართეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როკფელერები ამავდროულად ინფორმაციას აწვდიდნენ როტშილდებს ნობელებთან მოლაპარაკებების შესახებ ამ ოჯახებს შორის უთანხმოების გასაღვივებლად.
ორი უმძლავრესი ოჯახის შემოტევებისგან თავის დასაღწევად ლუდვიგს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ახალი კონტრაქტები უნდა დაედო. მან შავ ზღვაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად ბათუმში შემოიყვანა 286 ფუტის სიგრძის ტანკერი “Свет”-ი, რომელსაც 17000 ტონა ნავთი ინგლისში უნდა გადაეზიდა. როკფელერების Standard Oil-ისთვის ეს დიდი მარცხი გახლდათ. კომპანია, რომელიც აკონტროლებდა ამერიკის ექსპორტის 90%, ინგლისის ბაზარს საკუთარ მონოპოლიად მიიჩნევდა. ნობელების ნავთმა კი ინგლისის სამომხმარებლო ბაზრის 30% დაიკავა – მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო.
არსებული მძლავრი კონკურენციის პირობებში ნობელები ნათლად ხედავდნენ, რომ ნავთისა და ნავთობის მიწოდების გასაზრდელად საჭირო იყო უფრო მეტი ავტოგადამზიდი და ბათუმში მეტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება. თუმცა ეს მაინც ვერ უზრუნველყოფდა ნავთობის საჭირო რაოდენობით მოზიდვას. აუცილებელი იყო მილსადენის აშენება. მთავარ დაბრკოლებას სურამის ქედი წარმოადგენდა. ლუდვიგ ნობელი ჯერ კიდევ 1883 წელს ბაქო-თბილისის რკინიგზის გაყვანისას აცნობებდა ადგილობრივ მთავრობას სურამის ქედის გავლით სადენის გატარების აუცილებლობას, თუმცა კონცესიაზე უარი მიიღო. მიზეზი: ნავთის დიდი რაოდენობა და როკფელერებთან ეფექტიანი კონკურენცია შესაბამისად გამოიწვევდა ნობელების მიერ ბაქოს იაფ ნედლეულზე ფასების მომატებას. ლუდვიგმა ბაქოში პირველი სინდიკატი შექმნა და ითხოვდა ნედლეულის სურამის ქედის გავლით გატარებას. რუსი ქიმიკოსი მენდელეევიც კი გამოვიდა ამ იდეის მომხრედ. საბოლოოდ პროექტის დამტკიცება მოხერხდა, რის შემდეგაც 1903 წელს აშენებულ იქნა 835-კილომეტრიანი ნავთსადენი 19 სატუმბი სადგურით. სამუშაოები ხელით წარმოებდა, მილებს ერთმანეთთან ხრახნიანი ქუროებით აერთებდნენ და მათ ანტიკოროზიული იზოლაციით ფარავდნენ. ტრასის გასწვრივ სატელეფონო კავშირიც გაიყვანეს. მდინარე მტკვრის გადაკვეთის დროს მილსადენი ერთ რკინიგზის ხიდზე ჩამოკიდეს. სადენის მარშრუტის კიდევ ერთი სირთულე სურამის ოთხკილომეტრიან გვირაბში მისი გაყვანა იყო. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 900 ათას ტონა ნახშირწყალბადს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოების განმავლობაში საჭირო იყო ალფრედ ნობელის 400 ტონა დინამიტი. პროექტის საერთო ღირებულება 12 მილიონი მანეთიგახლდათ.
ნობელებმა ბათუმში ნავთის უზარმაზარი ტერმინალი ააგეს. მათ მიერ შექმნილი ზოგი ავზის ნახვა დღემდე, თითქმის 120 წლის შემდეგაც არის შესაძლებელი. შენდებოდა ასევე სახლები მენეჯერული გუნდისთვის. ნობელების მთავარი შენობა ასევე კავკასიაში შვედეთ-ნორვეგიის სამეფოს საკონსულოს სათავო ოფისსაც წარმოადგენდა. საქართველოს საისტორიო არქივში ინახება 1897 წლის 5 ივნისით დათარიღებული მიმართვა ბათუმში ძმები ნობელების ობიექტების დირექტორის, გუსტავ ავგუსტ ჰაგერის, შვედეთ-ნორვეგიის ვიცე-კონსულად დანიშვნის შესახებ. ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეს შენობა 2007 წელს ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმად გადაიქცა. ნობელები 1917 წლამდე საქართველოს ხშირი სტუმრები იყვნენ.
ბათუმის ფენომენი
1899 წლისათვის ბათუმში ირიცხებოდა 366 საწარმო. მათი მესაკუთრეები იყვნენ ბერძნები, თურქები, სპარსელები, პოლონელები, ინგლისელები, გერმანელები, ფრანგები და იტალიელებიც კი. 1902 წლის მონაცემებით ბათუმიდან 285 ნავთითა თუ ნავთობით დატვირთული გემი გავიდა, რაც ჯამში 54 573 000 ფუთს შეადგენდა. 1908 წლის ტვირთბრუნვის მიხედვით ბათუმი პეტერბურგისა და ოდესის პორტების შემდეგ 42,9 მილიონი ფუთის ტვირთბრუნვით მესამე ადგილზე იყო რუსეთის იმპერიაში.
1902 წლისთვის ბათუმში ოპერირებდა გემით მომსახურე 24 საზოგადოება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისური, ფრანგული თუ გერმანული წარმომავლობის იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, როგორიც არის „ბელგიური ანონიმური საზოგადოება” თუ როტერდამიდან ნავთმზიდი ამერიკული საზოგადოება.
1901 წლისთვის ბათუმში აკრედიტებული იყო თურქეთის, ინგლისის, საბერძნეთის, იტალიის, იაპონიისა და სპარსეთის საკონსულოები. გარდა ამისა, ბათუმში წარმომადგენლები ჰყავდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, გერმანიას, ნიდერლანდს, ავსტრია-უნგრეთსა და ნორვეგია-შვედეთს.
1903 წელს ამერიკაში, ტეხასში, აღმოაჩინეს ნავთობის დიდი საბადოები, დაიწყეს მათი ექსპლუატაცია და 1907 წლისათვის აშშ-მ ნავთობის მოპოვების მასშტაბებით რუსეთსაც გაუსწრო. 1903 წელს ნავთობსაბადოები აღმოჩენილ იქნა ინდოეთში, ბირმასა და ასამში (პროვინცია ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით), რამაც ამ მხრივ ბათუმის მომავალი განვითარება შეაფერხა.