საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.07 მლრდ ლარით, 2.14%-ით გაიზარდა. შედეგად, ნოემბრის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 51.19 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით, 1.54%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.22 მილიონი ლარით, 2.87%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 8.29 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 14.51 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 0.94%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 3.37%-იანი მატება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბრის განმავლობაში 1.84%-ით, ანუ 481.85 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 26.60 მილიარდი ლარი შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.50% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.32 პროცენტული პუნქტით შემცირებული მონაცემია.