"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზეა

1 copy (4)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზეა 191 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

22 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.

ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ს მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 2.7-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.

საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით საქართველო 78-ე ადგილზეა 191 ქვეყანას შორის. რეიტინგი 2023 წლის ფაქტობრივი მონაცემებით არის შედგენილი, რომლის მიხედვით საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2023 წელს 23,237 PPP დოლარი იყო.

2022 წელსაც საქართველო რეიტინგში 78-ე ადგილზე იყო 21,131 PPP დოლარით. 2023 წელს შემოსავალი 10%-ით გაიზარდა.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. თუმცა PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარში იზრდება. 2025 წლისთვის სავალუტო ფონდი საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალს 25,248 PPP დოლარის დონეზე პროგნოზირებს.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი საქართველოში, PPP დოლარი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მაღალია

სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგში იყო – 141,380 PPP დოლარი. მეორე ადგილზე კი ირლანდიაა 130,915 PPP დოლარით. 2023 წელს ლუქსემბურგის ეკონომიკა 1%-ით შემცირდება, ირლანდიის ეკონომიკა კი 3%-ით. რეიტინგში მესამე ადგილზე სინგაპურია, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 128,349 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი თურქეთია, ერთ მოსახლეზე 42,064 PPP დოლარით (51-ე ადგილი მსოფლიოში). შემდეგ რუსეთი მოდის 35,401 PPP დოლარით (59-ე ადგილი მსოფლიოში). სომხეთში (20,032 PPP დოლარი) და აზერბაიჯანში (18,585 PPP დოლარი) ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი საქართველოზე ნაკლებია.

ყველაზე ღარიბი ქვეყანა სამხრეთი სუდანია, სადაც ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 433 PPP დოლარია. შემდეგ მოდის ბურუნდი 883 PPP დოლარით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1,105 PPP დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით, 2023 წელი

 ქვეყანაPPP დოლარი
1ლუქსემბურგი141,380
2ირლანდია130,915
3სინგაპური128,349
4კატარი108,570
5არაბთა გაერთ. საამიროები92,074
6შვეიცარია89,243
7სან-მარინო84,107
8აშშ81,632
9ნორვეგია80,144
10დანია74,457

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა