ჯულიან ასანჟმა ბრალი აღიარა და შესაძლოა პატიმრობიდან გაათავისუფლონ

ჯულიან ასანჟმა ბრალი აღიარა და შესაძლოა პატიმრობიდან გაათავისუფლონ

14-წლიანი სამართლებრივი ოდისეა დასასრულს უახლოვდება. WikiLeaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა შპიონაჟის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევა აღიარა. ბრალის აღიარებით ბრიტანეთში დაპატიმრებული ჯულიან ასანჟი შესაძლოა გათავისუფლდეს და ავსტრალიაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს.

აშშ-ის ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების საოლქო სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ჯულიან ასანჟი ბრალს მხოლოდ იმ ნაწილში აღიარებს, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის დოკუმენტების მოპოვებასა და გამჟღავნების შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა.

ხვალ, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, ჯულიან ასანჟის განაჩენი გამოცხადდება. ბრალის აღიარების შედეგად, დიდი ალბათობით, მას 62-თვიანი პატიმრობა დაეკისრება, აღნიშნული სასჯელი კი ასანჟს უკვე მოხდილი აქვს. შესაბამისად, ის პატიმრობიდან გათავისუფლდება.

საქმის პროკურორის ინფორმაციით, ჯულიან ასანჟმა საქმის განსახილველად წყანარ ოკეანეში ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები იმის გამო შეარჩია, რომ ბრალდებულს აშშ-ში გამგზავრება არ სურდა.

ჯულიან ასანჟმა WikiLeaks-ი 2006 წელს დააფუძნა და ვებგვერდზე სხვადასხვა გზით მოპოვებულ, გაჟონილ კლასიფიცირებულ ინფორმაციას ათავსებდა. ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს შორის იყო აშშ-ის არმიის 238-გვერდიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურა (SOP) „გუანტანამოს ციხის“ შესახებ. 2010 წელს ასანჟმა, აშშ-ის არმიის ყოფილ წევრთან, ჩელსი მენინგთან ერთად, პენტაგონის კომპიუტერიდან ამერიკული სამხედრო აქტივობების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა და გაასაჯაროვა. გავრცელებულ მასალებში აშშ-ის მიერ ავღანეთსა და ერაყში სამხედრო აქტივობების შესახებ კლასიფიცირებული ინფორმაცია გვხვდებოდა.

ჩელსი მენინგი 2013 წელს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, ასანჟი კი სისხლის სამართლის ბრალდებას წლების განმავლობაში გაურბოდა, ვიდრე 2019 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მას კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელებისათვის ბრალს წარუდგენდა. 2019 წლამდე ჯულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა. 2019 წელს ეკვადორის პრეზიდენტმა თავშესაფრის შესახებ მისი მოთხოვნა გააუქმა და იგი ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა.