საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3%-ით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მათ შორის, ექსპორტმა 4.17 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 2.5%-იანი ზრდაა. იმპორტი კი 10.52 მლრდ აშშ დოლარს აღემატებოდა, წინა წელთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, საანგარიშო პერიოდში, 6.35 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.

ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: ყირგიზეთი (745.5 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (538.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (476.0 მლნ აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.76 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.18 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.16 მლრდ აშშ დოლარი).

ექსპორტ-იმპორტის მიხედვით კი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.08 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.63 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.27 მლრდ აშშ დოლარი).