Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა
საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა. საქართველო იმპორტზე მაღალდამოკიდებული ქვეყნების ჯგუფშია.
მეთოდოლოგია
იმპორტში ან ექსპორტში ძირითადად საქონლის იმპორტს ან ექსპორტს გულისხმობენ, მაგრამ დღევანდელ სამყაროში მომსახურების ექსპორტ-იმპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.
საქონლის იმპორტი მოიცავს ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქციის შემოტანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხავია მომსახურების იმპორტი. შეიძლება საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფებოდეს და იქ მიიღოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების იმპორტად ითვლება.
იმპორტის სტატისტიკას როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. იმპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული იმპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოხმარებას ეკონომიკაში.
თუ ქვეყანა იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული, მაგრამ ექსპორტიც მაღალი აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით, დღეს ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყანა გამოირჩევა იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება მაშინ არის საფრთხის შემცველი, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალების, განსაკუთრებით, მთავრობის ვალის აღებით აფინანსებს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების შეძენას.
საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2023 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 168 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად იმპორტზე 48 ქვეყანა იყო დამოკიდებული, ხოლო ნაკლებად – 119 ქვეყანა. 2023 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 47 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2023 წლის მშპ-ის 57.9%-ს შეადგენს. 2022 წელსაც საქართველო 49-ე ადგილს იკავებდა, თუმცა იმპორტი მშპ-ის მიმართ 62.2% იყო. პანდემიამდე, 2019 წელს, იმპორტის წილი საქართველოს მშპ-ში 63.5% იყო.
2024 წლის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის.
2023 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 37 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ 10 მილიარდი ლარი. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის, დაახლოებით 2.2 მილიარდ დოლარს. საქონლის იმპორტში კი ყველაზე მეტი თანხა მსუბუქ ავტომობილებზე დაიხარჯა – 3.2 მილიარდი დოლარი. შემდეგ ნავთობპროდუქტები მოდის 1.2 მილიარდი დოლარით.
საქართველოს საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის მიმართ 2014-2023 წლებში
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმპორტზე
მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად იმპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. თუმცა ტოპ-10-ში შედარებით ღარიბი ქვეყნებიც ხვდებიან. მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკაში სპეციალიზაციის მაღალი დონით არის გამოწვეული, ანუ იმპორტთან ერთად ექსპორტიც მაღალია. ღარიბი ქვეყნები კი შიდა წარმოების განუვითარებლობის გამო არიან იმპორტზე ძალიან დამოკიდებულები.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა (2023 წელი): სომხეთის საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის 60%-ია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 43-ე ადგილზეა, აზერბაიჯანის მშპ-ის 34.6%-ია და 106-ე ადგილზეა, თურქეთის მშპ-ის 34.4%-ია და 107-ე ადგილზეა, რუსეთის მშპ-ის 19%-ია და 159-ე ადგილზეა.
2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – 1.4%-ით. შემდეგ მოდის თურქმენეთი 12.5%-ით და აშშ 14%-ით. ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 2023 წელს ქვეყანამ 3.8 ტრილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, მაგრამ რადგან მისი ეკონომიკა 30 ტრილიონი დოლარი იყო, იმპორტი ეკონომიკის მიმართ დაბალი გამოდის.
საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2023 წელი
ქვეყანა | იმპორტი მშპ-ის მიმართ, % | |
1 | ლუქსემბურგი | 182 |
2 | ჯიბუტი | 173 |
3 | სინგაპური | 137 |
4 | მალტა | 105 |
5 | ირლანდია | 102 |
6 | ყირგიზეთი | 101 |
7 | ნაურუ | 99 |
8 | ლესოტო | 99 |
9 | სეიშელის კუნძულები | 97 |
10 | კვიპროსი | 96 |
წყარო: მსოფლიო ბანკი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 15, 2025
- on იანვარი 13, 2025
- on ოქტომბერი 17, 2023
- on აპრილი 11, 2023
- on დეკემბერი 15, 2021
- on დეკემბერი 8, 2021
- on ივნისი 23, 2021
- on აპრილი 14, 2021