აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად და აქამდე გაწეული დახმარების კომპენსაციისთვის, ქვეყანას $500 მილიარდის იშვიათ მინერალებზე წვდომა მოსთხოვა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმების საკითხების გადახედვისა და კორექტირების შემდეგ შემოთავაზებას დასთანხმდა და გასულ კვირას ვაშინგტონში მისთვის ხელის მოსაწერად ჩავიდა. თუმცა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის კამათით დასრულების შემდეგ, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოუწერელი დარჩა.
დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ტრამპის თქმით, მან ზელენსკისგან წერილი მიიღო, რომელშიც უკრაინის ლიდერი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ბოლო ინფორმაციით, შეთანხმება უკრაინის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ათვისებული სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის 50%-ის სპეციალურ ფონდში შეტანას ითვალისწინებს. ამ ფონდის საკუთრებისა და მართვის უფლებას ორივე ქვეყანა გაინაწილებს.
შეერთებულ შტატებს უკრაინის მინერალურ რესურსებზე წვდომის მიღება ჩინეთთან კონკურენციის გაზრდასა და მის ეკონომიკას აზიურ სახელმწიფოზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. ამას Euronews-ის მიერ მომზადებული სტატიაც ნათელყოფს.
ჩინეთი აშშ-ისთვის იშვიათი ტუტემიწა მეტალების მთავარი მიმწოდებელია
აშშ-ის პრეზიდენტმა სავაჭრო ომი დაიწყო და ჩინურ საქონელზე იმპორტის გადასახადი 20%-მდე გააორმაგა, ამასთან, ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, კანადასა და მექსიკას, 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ არ დაუწესა ტრამპმა ჩინეთს უფრო აგრესიული ტარიფები, როგორც ის მექსიკისა და კანადის შემთხვევაში მოიქცა.
ამის პასუხის კი შეიძლება ის იყოს, რომ აშშ დიდწილად ჩინეთის კრიტიკულ მინერალებზეა დამოკიდებული, რაც ელექტრომოწყობილობების, ბატარეებზე მომუშავე მანქანების, თვითმფრინავებისა და თავდაცვის აღჭურვილობის დასამზადებლად უმნიშვნელოვანესია.
TD Economics-ის მიხედვით, ჩინეთი 2022 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ კრიტიკულად მიჩნეული მინერალების მოპოვებით გლობალურად ლიდერია. ამ მინერალების ნახევარზე მეტს სწორედ აზიური სახელმწიფო მოიპოვებს. გარდა ამისა, მას თითქმის მონოპოლია აქვს მოპოვებული გადამუშავების შესაძლებლობებში – ამუშავებს იშვიათი ტუტემიწა ელემენტების 90%-ს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 2020 წლიდან 2023 წლამდე, ვაშინგტონმა ამ იშვიათი ლითონების 70% ჩინეთიდან შეიტანა. ეს უკრაინიდან ალტერნატიული წყაროს უზრუნველყოფას ტრამპის სტრატეგიული გეგმის ძირითად კომპონენტად აქცევს, რაც აშშ-ის ეკონომიკის ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას და ტექნოლოგიებში მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს, რისთვისაც ადგილობრივი ინდუსტრია უნდა გაძლიერდეს.
შეგახსენებთ, 2024 წლის დეკემბერში, ჩინეთმა აშშ-ისთვის რამდენიმე კრიტიკულ მინერალზე ექსპორტის აკრძალვა და შეზღუდვები დააწესა. ეს ნაბიჯი ერთი დღით ადრე აშშ-ის მიერ ჩინეთში ჩიპების ექსპორტის შეზღუდვას მოჰყვა. პეკინმა შეაჩერა ანტიმონის, გალიუმის, გერმანიუმისა და სუპერ მყარი მასალების ექსპორტი, ასევე გამკაცრდა წესები ვაშინგტონში გრაფიტის პროდუქტების გადაზიდვის შესახებ. გალიუმი დიდი გამძლეობით გამოირჩევა, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, გრაფიტი კი ელექტრომანქანებისა და ბირთვული რეაქტორების დასამზადებლად არის აუცილებელი.
რას მოუტანს აშშ-ს უკრაინასთან მინერალებზე გარიგება?
უკრაინის გეოლოგიური კვლევის სახელმწიფო სააგენტოს შეფასებით, უკრაინაში მსოფლიო მინერალური რესურსების 5%-ია თავმოყრილი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით $15 ტრილიონს შეადგენს. მათ შორის უკრაინა ფლობს მილიონობით ტონა გრაფიტის მარაგს და ევროპული ლითიუმის საბადოების მესამედი, ასევე ევროპის ტიტანის მარაგის 7% სწორედ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზეა.
უკრაინას ასევე აქვს მნიშვნელოვანი ლითონების დიდი მარაგები, როგორიცაა სპილენძი, თუთია, ვერცხლი, ნიკელი და კობალტი. ქვეყანაში ექვსი ადგილია, სადაც იშვიათი ტუტემიწა მეტალებია აღმოჩენილი. ტანტალისა და ნიობიუმის მოპოვება მხოლოდ ტიტანის თანაპროდუქტის სახით ხდება. გარდა ამისა, უკრაინას აქვს ბერილიუმის ერთი საბადო, სადაც 13.9 ათასი ტონა BeO-ის მარაგია. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შეერთებული შტატები ამ მარაგებზე წვდომას მიიღებს.
მთავრობის განცხადებით, იშვიათი ტუტემიწა მეტალების მოპოვების პერსპექტივები ნოვოპოლტავსკის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მსოფლიოში, რომელიც შეიცავს ფოსფატის მადნების დადასტურებულ მარაგებს და იშვიათი ტუტემიწა მეტალების თანაპროდუქტებს, მათ შორისაა: ტანტალი, ნიობიუმი, სტრონციუმი და მაგნეტიტი.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მაღაროებისა და იშვიათი მინერალების საბადოების ძირითადი ტერიტორია დაიკავა. გარდა ამისა, უკრაინაში ინვესტიციების ნაკლებობამ შეიძლება ქვეყანას ტრამპის მიერ ხელშეკრულებაში შეტანილი წიაღისეულის მოპოვებაში ხელი შეუშალოს.