იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $3.56 მლრდ შეადგინა - საქსტატი

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $3.56 მლრდ შეადგინა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.56 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.4%-ით მეტია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 835.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 4.0%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, მან თითქმის 2.73 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და წლიურ ჭრილში 19.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2025 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.89 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.1%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მარტს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, 2024 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 6.56 მილიარდი აშშ დოლარი, იმპორტი კი 15.6 მილიარდი აშშ დოლარი იყო.