პოლიტიკის მეცნიერი
ავტოკრატიის სტუმრების სია: რატომ მიემგზავრებიან ავტორიტარი ლიდერები მოსკოვში?

ბოლო წლებში, ყოველ 9 მაისს, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი ძალიან სპეციფიკური ტიპის სტუმრებს ელოდება. არა ტურისტებს, არამედ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს და სხვა გამორჩეულ ადამიანებს პოსტსაბჭოთა სივრციდან და არამარტო. სტუმრები უერთდებიან საერთო ზეიმს, რომლის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა საკმაოდ დიდი სურვილი აქვთ, რომ მისი ნაწილი იყვნენ. ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ლიდერები საკუთარ ადგილებს იკავებენ წითელ მოედანზე. მიზანი როგორც ისტორიის ერთად გახსენება, ისე მასთან მიკუთვნებულობის განცდის გაჩენაა. ღონისძიება, რომელსაც აღვწერ, რა თქმა უნდა, გამარჯვების დღეა – თანამედროვე რუსეთისთვის საკრალური მნიშვნელობის მქონე დღე, რომელიც 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის ტრიუმფის უკვდავსაყოფად აღინიშნება. მოედნებსა და სცენებზე გაცოცხლებული ეს მოვლენა უბრალოდ 1945 წელი არ არის, ეს წარსულის კონკრეტული ვერსიაა, რომელიც რუსეთის მიერ ზედმიწევნით კურირებული და რიტუალიზებულია. შესაბამისად, სტუმრები მონაწილეობენ საჯარო მეხსიერების წარმოდგენაში, სადაც როლები განსაზღვრულია, იდეა – ცენტრალიზებული, ხოლო ფიზიკური ყოფნა – პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე.
რატომ ჩადიან ლიდერები მოსკოვში? ეს კითხვა კი განსაკუთრებით საინტერესო იმ ქვეყნებთან დაკავშირებითაა, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტს და, შესაბამისად, რუსეთისგან დისტანცირებას, წესით, უპირველეს ადგილას უნდა აყენებდნენ. როგორც ენ ეპლბაუმი საკუთარ წიგნში „ავტოკრატიების გაერთიანება“ წერს, თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთთან გაზიარებული კოლექტიური მხარდაჭერით, კოორდინირებული მოქმედებისა და რესურსების ერთმანეთთან გაზიარებით ახერხებენ არსებობას. გამარჯვების დღეც სწორედ ამის ხორცშესხმული მაგალითია – ნასესხები მოგონებისა და ტრანსნაციონალური ერთგულების რიტუალი, სადაც არასტაბილური და ლეგიტიმაციის კრიზისის წინაშე მდგარი ლიდერები იღებენ მონაწილეობას იმ მიზნით, რომ აღნიშნული პრობლემები სხვისი ისტორიით დროებით მაინც გადაფარონ.
„ავტოკრატიების გაერთიანება“ და მოგონების სესხების ხელოვნება
მაისის შეკრება თითქოს საერთო ღირებულებებსა და იდეოლოგიაზე უნდა იყოს დაფუძნებული, თუმცა რეალობა საპირისპიროა. როგორც ეპლბაუმი ამტკიცებს, 9 მაისს წარმოდგენილი ქვეყნების უმრავლესობა განსხვავებული იდეოლოგიის მქონე დეცენტრალიზებული ქსელის ნაწილია, რომელიც ისე მუშაობს, როგორც ტრანსნაციონალური ბიზნესფრენჩაიზი.
ერთადერთი, რაც წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს, ძალაუფლების შენარჩუნება და ხალხთან ანგარიშვალდებულების განცდის თავიდან არიდებაა. ამ ტიპის ტრანსნაციონალური ავტოკრატიული ქსელის თითოეული წევრი როგორც ცალკე აქტორი, ისე მუშაობს. ისინი ერთმანეთსოთხი ტიპის მომსახურებას უწევენ: 1. პროპაგანდის სისტემის აწყობა – ტროლების ფაბრიკები, მცდარი ინფორმაცია და სამთავრობო მედია; 2. უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ანტიდემონსტრაციული საპოლიციო დანაყოფის ეკიპირება, სასწავლო პროგრამების გაზიარება და სათვალთვალო ტექნოლოგიის გადაცემა; 3. საფინანსო სისტემების გამართვა: ბუნდოვანი საბანკო ტრანზაქციები, ოფშორები და ა.შ; 4. უკანონო რეპრესიების ინსტრუმენტების გაზიარება – პარტიების აკრძალვა, დამოუკიდებელი მედიისთვის და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის დაფინანსების წყაროს შეზღუდვა და რეპუტაციის შელახვა. ჩამოთვლილი ერთი დიდი ხელსაწყოთა ნაკრების მხოლოდ მცირე ნაწილია და ისეთი დღესასწაულები, როგორიც „გამარჯვების დღეა“ შეიძლება ყოველწლიურ „თიმბილდინგად“ აღვიქვათ. იგი წარმოადგენს ერთგვარ დამატებით გზას იმისათვის, რომ მიწვეულმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუგზავნონ მსოფლიოს გზავნილი, რომ „დიახ, ჩვენ კვლავ ამ სისტემის ნაწილი ვართ. ჩვენ კვლავ ერთობლივად ვმუშაობთ დემოკრატიული ეროზიის საერთო პროექტზე“. ეს ხდება იმიტომ, რომ როდესაც ერთი ქვეყანა იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან, სანქციები მტკივნეულია, მაგრამ როდესაც ასეთი ქვეყნები ერთიანდებიან, გადარჩენის შანსებს მცირედ, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ.
თუმცა ასეთ მდგომარეობაში გადარჩენა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე აღჭურვილობა და საჯარო გზავნილებია. ამას სჭირდება მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებული მოგონება, რომელსაც ხალხამდე სიმბოლოებისა და რიტუალების მეშვეობით მიიტანენ. ჰალბვაქსის თანახმად, მთავარია ის, თუ რა მოვლენას და როგორ ინტერპრეტაციას ვირჩევთ დასამახსოვრებლად და აღსანიშნავად და არა ის, თუ რა მოხდა რეალურად. სპეციალურად შერჩეული მოვლენის ინტერპრეტაციას კი ემატება მხედრული მისალმება, უნიფორმები, დროშები და მთელი რიგი სიმბოლოები, რომლებიც რიტუალს სრულყოფენ, რაზეც პოლ კონერტონი წიგნში „კოლექტიური მეხსიერების შესახებ“ წერს. დაბოლოს, წითელ მოედანზე პუტინის გვერდით მდგომი ლიდერები „გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან ერთად ავტორიტეტსა და „სუვერენიტეტს“ სესხულობენ საბჭოთა მონუმენტების ჩრდილქვეშ.
სტუმრების სია
გადაჭრით თქმა მცდარი იქნება, რომ ყველა ლიდერს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩადიან, ერთი მიზანი აერთიანებთ. თუმცა ფაქტია, თითოეული რაღაც სარგებლის ძიებაშია. უკეთ გასაგებად კი სტუმრების ოთხ კატეგორიას გთავაზობთ.
უპირველეს ყოვლისა, „ბირთვი წევრები“ – რუსეთი, რომელიც მასპინძელი ქვეყანაა და ამასთანავე მთელი რიტუალის არქიტექტორი. ლუკაშენკო, რომელიც ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული, აღნიშნულ რიტუალურ ღონისძიებას რუსული დღის წესრიგისადმი ერთგულების დასადასტურებლად ესწრება. ამ ღონისძიებას ორივე ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული მდგომარეობის „წინააღმდეგობად“ შეფუთვისთვის იყენებს.
მათ მოსდევენ „მსესხებლები“, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოდიან, რომ მათ ეს სჭირდებათ – ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები, რომელთა რეჟიმებიც მყიფე იდეოლოგიურ საფუძველზე დგას და რომლებიც სუსტი შიდა ლეგიტიმაციით სარგებლობენ. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდის მდგომარეობა ყაზახეთში, სადაც, ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსის მიხედვით, ხალხი უფრო და უფრო ნაკლებადაა ჩართული შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. უზბეკეთში კი 2024 წლის ოქტომბრიდან რეჟიმის სიმყიფე უკეთ წარმოაჩინა პრეზიდენტ შავკატ მირზიიოივის უმცროს და უფროს ქალიშვილებთან დაახლოებული ჯგუფების დაპირისპირებამ, პრეზიდენტის ერთგული პირების ოლიგარქ სანიარ უმაროვის მხარეს გადასვლამ და პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივნის მკვლელობის მცდელობამ. შესაბამისად, ასეთი ქვეყნებისთვის პუტინის გვერდით გამოჩენა და „გამარჯვების დღის“ აღნიშვნა სიმბოლური კაპიტალისა და სიძლიერის ჩვენებას ემსახურება.
„ოპორტუნისტების“ ჯგუფში ჩვენთვის კარგად ნაცნობი აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები შედიან, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი, სლოვაკეთი, ინდოეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ ეკლექტურ ერთობას ქმნიან. მათი მიზნები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა საერთო ისაა, რომ ისინი კი არ სესხულობენ მეხსიერებას, არამედ აღნიშნულს შიდაპოლიტიკური სიმპათიებისთვის იყენებენ და მათი ჩართულობა უფრო ტრანზაქციული მნიშვნელობის მატარებელია სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად. მაგალითად, სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩისთვის რუსული კავშირები უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრება ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით დამატებით პოტენციურ პრობლემებს ნიშნავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაციონალისტური სენტიმენტებითაცაა განპირობებული. რაც შეეხება ფიცოს, მისი მოსკოვში ყოფნა ევროკავშირთან მიმართებით პირდაპირი დაუმორჩილებლობის აქტად შეიძლება შეფასდეს, რომელიც მიზნად ისახავს ანტიდასავლური და „სუვერენული“ იმიჯის გამყარებას. რასაც ასევე უნგრული არალიბერალური და ნაციონალისტური მოდელის მიბაძვაც აძლიერებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ვიზიტიც, როგორც თავად აცხადებენ, დიპლომატიური მიზნების მიღწევას ემსახურება. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანს უკვე აქვს საკუთარი „გამარჯვების დღე“, რომელიც ქვეყნისთვის 1945 წლის „გამარჯვების დღეზე მნიშვნელოვანია“. შესაბამისად, ვიზიტი არა გამარჯვებას, არამედ აზერბაიჯანული „ხიზილალის“ დიპლომატიის კიდევ ერთ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. ყველაზე საინტერესო კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის 10 წლის შემდეგ წითელ მოედანზე გამოჩენაა. ისტორიულად, ინდოეთს კავშირი არ ჰქონია ნაცისტური გერმანიის დამარცხებასთან. თუმცა BRICS-ის წევრობა და რუსეთთან მჭიდრო თავდაცვითი, ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობა იძულებულს ხდის პრეზიდენტ მოდის, ეწვიოს მოსკოვს. ამასთან, ამ ნაბიჯით ხაზი ესმება ინდოეთის უნარს, დააბალანსოს ურთიერთობები მსოფლიო ძალებთან, მხარი დაუჭიროს მულტიპოლარულ წესრიგს და აჩვენოს დასავლეთს, რომ ინდოეთზე მათი წნეხი უშედეგოა.
დაბოლოს, „სტრატეგიული პარტნიორები“, რომელშიც ჩინეთი, ბრაზილია და ვიეტნამი ერთიანდებიან. ამ ქვეყნებს რუსეთისგან სიმბოლური კაპიტალი არ სჭირდებათ, თუმცა აქვთ საკუთარი ნარატივები, რომელთა გამოხატვისთვისაც წითელი მოედანი გონივრული პლატფორმაა. „გამარჯვების დღის“ აღნიშვნაში მონაწილეობა სი ძინპინისთვის არის სცენა, საიდანაც ყველასათვის გასაგებად შეუძლია უარყოს დასავლეთის დომინაცია და, გარკვეულწილად, დაიცვას ცივილიზაციური სუვერენიტეტი, თუკი ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ. ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა, რომელიც, თუკი დელიკატურები ვიქნებით, ასევე მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის მხარდამჭერია, სწორედ ამ ნარატივის გასაძლიერებლად ჩადის მოსკოვში და ღიად აფიქსირებს ისეთი რეალობისადმი მხარდაჭერას, სადაც არცერთი ძალა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, არ არის დომინანტი. ვიეტნამისთვის კი აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა უფრო მეტად სიმბოლური თანხვდენის მაჩვენებელია, ვიდრე სუბორდინაციის.
9 მაისის რეალური მნიშვნელობა
მიზეზი, რის გამოც ჰიბრიდული და ავტორიტარული ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან, ნოსტალგია არ არის. თუკი ეპლბაუმისგან შთაგონებულ კორპორაციულ ჟარგონს გამოვიყენებთ, „ნეტვორკინგი“ საუკეთესო არჩევანი იქნებოდა ამ პროცესის დასახასიათებლად, ვინაიდან ისინი ნაკლებად ემყარებიან „სქელ“ იდეოლოგიებს და უფრო მეტად დირექტორთა საბჭოს წევრებს ჰგვანან, რომელთაც ერთობის დემონსტრირებისთვის სივრცე სჭირდებათ. ამ ეტაპზე ეს სივრცე წითელი მოედანია. ხსენებული რეჟიმები მეხსიერების რიტუალებით, კოორდინირებული ნარატივებით და საგულდაგულოდ დაგეგმილი ქორეოგრაფიით კიდევ ერთხელ ცდილობენ გააძლიერონ ის სისტემა, რომელიც მათ დემოკრატიის წნეხისგან იცავს. სამყაროში, სადაც სანქციები მუშაობს, პროტესტები მალე ვრცელდება და რეჟიმები მყიფე საძირკველზე დგანან, შესაძლოა, სამხედრო აღლუმი და ავტორიტარული ხელის ჩამორთმევა ერთ-ერთი საუკეთესო სიმბოლური საყრდენი იყოს. ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები მოსკოვში იმისათვის არ ჩადიან, რომ 1945 წელი გაიხსენონ, ისინი აღიარებას, აქტუალურობასა და საკუთარ ადგილს ეძიებენ სისტემაში, სადაც ძალაუფლება რიტუალია და ადგილზე ყოფნა – პოლიტიკა.