ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გასულ კვირას ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში 12 ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა. განკარგულება ძალაში დღეს, 9 ივნისს შევიდა. აღსანიშნავია, რომ განკარგულებამდე გაცემული ვიზები ახალ რეგულაციებს არ დაექვემდებარება.
ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. განკარგულება ასევე ნაწილობრივ შეზღუდვას აწესებს ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელის მოქალაქეების აშშ-ში შესვლაზე.
ნაწილობრივი შეზღუდვების შემთხვევაში, ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლისა და სტუდენტური ვიზების მიღების უფლება ეკრძალებათ. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, შეზღუდვები ქვეყანას „უცხოელი ტერორისტებისა“ და სხვა გარე საფრთხეებისგან დაიცავს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება კოლორადოში ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერად გამართული მსვლელობისას თვის დასაწყისში განხორციელებულ ტერაქტს უკავშირდება. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტი ეგვიპტელმა პირმა მოაწყო, რომელმაც თავდასხმისას „თავისუფლება პალესტინას!“ იყვირა. ტერაქტის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაცრი ზომების გატარება დააანონსეს.