„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” - ირინე ჟორდანიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი

„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” - ირინე ჟორდანიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი

„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ ირინე ჟორდანიას სადებიუტო ნამუშევარია. ფილმის ქართული პრემიერა 23 ივნისს, კინოთეატრ „ამირანში“ დოკუმენტური კინოს ასოციაციის, DOCA-ს ქართული ფილმების პრემიერების პროგრამის ფარგლებში შედგება.

მანამდე კი ფილმი ტალინის 28-ე კინოფესტივალზე (POFF – Tallin Black Nights Film Festival) უჩვენეს, სადაც თანამედროვე ქართულ კინოს სპეციალური სექცია მიეძღვნა. სექციის წარმდგენი საქართველოს კინოინსტიტუტი – GFI იყო, რომელიც სწორედ მაშინ დაარსდა, როდესაც კინოსექტორის უდიდესმა ნაწილმა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადა და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.  

 

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

 

ნ.კ. „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” შენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. თითქოს ნაცნობი მასალაა: ქალაქი; ოთხი სეზონი; ქალი და კაცი; ეგზისტენციალური ძიებები, თუმცა – არასტანდარტული პატერნებით; ვიზუალური რიგით და ხმოვანებით გვიჩვენებ თანამედროვე ადამიანების ყოფასა და ცნობიერს. როგორ იწყება ფილმის ისტორია? რა მასალა გქონდა ამბისთვის?

ი.ჟ. ფილმის ისტორია ვოთს აფ-მესიჯებით დაიწყო. ჩემი ემიგრანტი ნათესავის ხმოვანი შეტყობინებებით; ეკონომიკური მიგრანტის, რომელმაც წლების წინ დატოვა საქართველო და გიგაბაიტებით მესიჯებს გვიგზავნის ხოლმე. ერთი შეხედვით, არაფერი ისეთი, რუტინული ამბებია მის ყოველდღიურობაზე.

მაგრამ ამ თითქოს უმნიშვნელო სიტყვების უკან დიდი მარტოობა იმალება და ამ მარტოობის გაზიარების სურვილი. შენც თუ მარტო მოუსმენ, ან ღამე მოუსმენ, სიჩუმეში, სიტყვებს შორის ჩამალული ინტონაცია იგრძნობა. ჩვენს თანამედროვე ყოფაში სწორედ ესაა შეუძლებელი. ვინ ისმენს ვოისებს ასეთი გულისყურით? მომავალი ფილმის ხერხიც ამ ფიქრმა თუ მიგნებამ განაპირობა. დანარჩენი „მასალა“, რაც ფილმში ჩანს ან იკითხება, უფრო დაგროვილი თუ დალექილი ემოციური გამოცდილებაა. შენს თავში რომ გაქვს ფაზლივით გაბნეული. ბევრი ნაგრძნობის, ნანახის თუ ნაფიქრის ერთობლიობაა. ადამიანურობაზე და იმაზე, რაც საბოლოო ჯამში ადამიანებად გვაქცევს. თანაგრძნობის უნარზე, მარტოობაზე, ერთმანეთის დანახვასა თუ ვერდანახვაზე. სინდისთან და საკუთარ თავთან დაზავებაზე. მაყურებელს რა ფიქრისკენ თუ შეგრძნებებისკენ წაიყვანს, ეგ მერე გამოჩნდება.

შევეცადე, რომ სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობით შექმნილიყო ისეთი ატმოსფერო, რომელიც ჩემს სათქმელს ეხმიანებოდა და თან დატოვებდა ჰაერს, რაღაც ველს ინტერპრეტაციისთვის. ამოსავალი წერტილი ეს იყო.

ნ.კ. ორი მთავარი პერსონაჟი, ტელეწამყვანი (თინა ლაღიძე) და ციფრული ტექნოლოგიების ინჟინერი (ლადო ონიანი) პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ. მარტოობა და იმავდროულად კავშირი, ან კავშირის მცდელობა, მთავარი მოტივებია. ურბანული რუტინა თითქოს საერთოა. გარესამყაროსგან იზოლირება, ერთგვარად, შეუძლებელი – ფანჯრიდან იჭრება პოლიტიკური თუ სოციალური შფოთი; ნათესავის ხმოვანი შეტყობინებები… უფრო კონკრეტულად, რას აკვირდები, რას იკვლევ პირველ სადებიუტო ნამუშევარში?

ი.ჟ. ხილულ და უხილავ კავშირებს ადამიანებს შორის. გათიშულობას და კავშირის შესაძლებლობას. გარემოს, რომლის ნაწილიც ვართ და ერთიან ველს ვქმნით.

არ ვიცი, ამას რამდენად ჰქვია კვლევა, მე მგონი, უფრო შეკითხვებია.

ლადოს გმირის შემთხვევაში, როგორ შეიძლება ცხოვრებამ შენი ფანჯრის წინ ჩაიაროს, როცა შენს ნაჭუჭში ხარ ჩაკეტილი. შეკითხვები, რომლებიც ჩვენი ფილმის გმირთან გვაქვს, მგონია რომ, განზოგადების საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით ამ შეკითხვებზე პასუხი არ გვაქვს – თითქოს ვიცით, რას ვქმნით, მაგრამ არ ვიცით, საბოლოო ჯამში რას მივიღებთ. რას ვთხოვთ, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს, ან ტექნოლოგიურ პროგრესს საით მივყავართ? ვქმნით არსებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ამუშავებს, გარდაქმნის სქემებად და ფორმულებად, ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება თუ ჩვენს მსგავს არსებას ვქმნით? თანაგრძნობისგან დაცლილ სამყაროში, ჩვენს თავთან მარტო დარჩენილები, ჩვენი განცდების საპასუხო გრძნობებს ველოდებით მისგან? ჩვენს მთავარ შეკითხვებზე ხომ არ ვეძებთ პასუხებს?

თინას გმირის შემთხვევაშიც ეგ შეკითხვებია. როდესაც რაღაც მოვლენა იმ ყველაფრის გადააზრების ბიძგი ხდება, რაც აქამდე იყო. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი სინდისს ვეღარ ემალები. ისე გაგდებს კალაპოტიდან, რომ თითქოს სხვა დროში აგრძელებ არსებობას. შენს ფანჯრებში სეზონები პეიზაჟებად იცვლება. საკუთარ თავთან, სინდისთან დაზავება მხოლოდ ამ გზის გავლის შემდეგ მოდის.

ჩემს წარმოდგენაში ეს ერთი და იგივე შეკითხვებია, ოღონდ სხვადასხვა მოცემულობაში გამოვლენილი. არ ვიცი, ფილმში რამდენად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ნაფიქრი ეს იყო.

ნ.კ. ფილმში ქალაქიც პერსონაჟად გვევლინება. ვფიქრობ, რომ თანამედროვე თბილისი მეტისმეტად საინტერესოდაა კონსტრუირებული. ამ შთაბეჭდილებას ამძაფრებს ვიზუალური და შინაარსობრივი მთლიანობა. იგრძნობა ქალაქის თავნებობა, თუმცა, მიუხედავად მისი დამოუკიდებელი და დამაჯერებელი არსებობისა, ავტორი მას იხელთებს; თითქოს არც ეხება, მაგრამ მაინც სათავისოდ წურავს. “ქალაქთან თანამშრომლობაზე” გვითხარი.

ი.ჟ. ქალაქი ფილმის გმირია, ის ერთიანი ველი, სადაც ვარსებობთ და გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს ცხოვრებაში შემოდის, რაც არ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს თავებში, სამყარო ეგრე მაინც არ მუშაობს – თუ სულ ერთი წერტილიდან დააკვირდები, თითქოს ლუპზეა, თავის თავს იმეორებს და თავისით მიედინება, მართლა მოუხელთებელივითაა, მაგრამ ადრე თუ გვიან თვითონ მოგიხელთებს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოს იმ წერტილიდან დავაკვირდე, რომელიც მე თვითონ მაქვს ნაგრძნობი. ფილმის დიდი ნაწილი ჩემს სახლშია გადაღებული, სადაც ზუსტად ვიცი, დღის რომელ მონაკვეთში საიდან შემოდის სხივი, სად ირეკლება. ქალაქიც იმ ფანჯრებიდანაა დანახული, საიდანაც მე ვხედავდი. სხვა ადგილებიც, სადაც ვიღებდით, ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.

ნ.კ. ეს ის შემთხვევაა, სადაც გამოსახულებისა და ხმის სინთეზი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან აუდიოდესკრიფცია მკვეთრი ხაზია. სამი ფენა გვაქვს: ხმოვანი შეტყობინებები, პერსონაჟების მდგომარეობების აკუსტიკა და ქალაქის ხმა. როგორი იყო ხმაზე მუშაობის პროცესი და გამოცდილება?

ი.ჟ. მართალი ხარ, ადამიანების მდგომარეობების აკუსტიკასავითაა, მათი მდგომარეობების ექოა. ხმაზე პაატა გოძიაშვილთან ერთად ვიმუშავე, ხანგრძლივი პროცესი იყო, რადგანაც ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდით, რომ, ერთი მხრივ, ნედლ მასალაში ზედმეტად არ ჩავრეულიყავით და, მეორე მხრივ, ჩვენთვის სასურველი ინტონაციისთვის მიგვეღწია და ვიზუალურ და ხმოვან რიგს ერთმანეთი გაეძლიერებინა სიჩუმისა და ხმის მონაცვლეობით. და შემდეგ ქალაქის ექოთი, მშენებლობების მუდმივი ყრუ ხმით, რომელიც სულ თან გვდევს, ისე რომ, უკვე ვერც კი ვამჩნევთ. დროის მდინარების ჩვენებით, რომელიც მუსიკად უნდა ისმოდეს (კომპოზიტორი – გოგი ძოძუაშვილი) და ინტერპრეტაციისთვის ადგილს, ჰაერს ტოვებდეს.

მეტი ჰაერი და მინიმალისტური გამომსახველობითი ხერხები ფილმის მთლიანი გადაწყვეტაა – მსახიობების თამაშით, გარემოზე დაკვირვებით, ინტერიერზე მუშაობით, გადაღების სტილით.

თავიდან, როდესაც მხატვართან ერთად დავიწყეთ მუშაობა (ფილმის მხატვარი – სალომე სხირტლაძე), ჩვენი ამოცანაც და სალომეს ამოსავალი წერტილიც სწორედ ეს იყო. ორი გმირის სხვადასხვა სამყარო ორ ფერში – ცისფერსა და ჟანგისფერში, ცისა და მიწის ფერი, შემდეგ უკვე იმ ინტერიერიდან გამომდინარე, სადაც ფილმის მეორე ნაწილი გადავიღეთ, უფრო წითლისკენ წავიდა, მაგრამ ორი ფერის დომინაცია დარჩა, სადაც კოსტიუმები გამოკვეთილ ლაქებად ჩაეწერებოდა (კოსტიუმების მხატვარი – თინათინ კვინიკაძე). კოსტიუმის ეს გადაწყვეტა თიკომ შემომთავაზა, მის ნამუშევრებში ყოველთვის თამამი გადაწყვეტილებებია, ეს თიკოს ყველა ნამუშევარში ჩანს. მაშინაც კი, როდესაც ეპოქას ცვლის, და, რა თქმა უნდა, ძალიან სკრუპულოზურად აგებს კოსტიუმს, ყველა დეტალს აღადგენს ხოლმე, ყოველთვის შეაქვს რაღაც ისეთი შტრიხი, რაც ამ კანონების მიღმაა.

გიორგი შველიძესთანაც ამ მიდგომით ვიმუშავეთ, მეტი ჰაერით და მინიმალისტური ხერხებით. უფრო შორიდან ვაკვირდებოდით ქალაქს, თითქოს ჩაურევლად. მსახიობებთანაც დისტანციას ვიცავდით. კამერას ორი მზერა უნდა დაეჭირა – გარე სამყაროსკენ მიმართული დაკვირვება და გმირების შინაგანი მდგომარეობის გამომხატველი. თუ რამდენად მივაღწევდით შედეგს ამ ფორმით, გიოს მგრძნობელობაზე იყო დამოკიდებული, მის რიტმზე, კამერის ძალიან ფრთხილ მოძრაობაზე. მსახიობების თამაშის მანერაც მინიმალისტურია (თინა ლაღიძე და ლადო ონიანი). თინას თამაში მთლიანად შინაგან დრამატურგიაზეა აგებული, მას არავითარი გარე, დამხმარე ხელსაწყო არა აქვს.

ის არ იყო მსახიობი, რომელიც ამოცანას ასრულებს, თანაავტორი და თანამოაზრეა. მისი საკუთარ თავში მოგზაურობა – ჩვენი საერთო მოგზაურობაა. ლადოს გმირი სცენარის მიხედვით სხვა პერსონაჟი უნდა ყოფილიყო, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი. ლადოს შესახებ ჩემმა მეგობარმა, ფოტოგრაფმა მარიამ ჯანაშიამ მითხრა, მისი პერსონაჟიც უკვე ლადოს მივუსადაგე.

ფილმი ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ჰიბრიდია – ბევრია დოკუმენტური მასალა, ჰენდიკამით გადაღებული კადრები, ტელეფონით გადაღებული ვიდეობი, არტ-ინსტალაცია – ყველაფერი, რაც ჩემს სათქმელს ეხმიანებოდა. მონტაჟის დროს (მემონტაჟე – ნოდარ ნიზაძე) ჩვენთვის სწორედ ამ კომპონენტების ერთიან მხატვრულ ქსოვილში შეთავსება იყო ყველაზე რთულიც და საინტერესოც. მასალა ფაზლივით იყო და ბევრი სხვადასხვანაირი მონტაჟი ვცადეთ.

ფილმის გაკეთებაც ხომ ფაზლივითაა, როცა ცალკეული ავტორების ხედვა ერთიანდება და მთლიანობა ასე მიიღწევა, სადაც ყველას როლი ერთნაირად მნიშვნელოვანია, შემოქმედებითი ჯგუფი იქნება ეს თუ ფილმის პროდიუსერის მონაწილეობა (პროდიუსერი – ელენე მარგველაშვილი), რომელიც ასევე ჩემი თანამოაზრე იყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენთვის საინტერესო ფორმაში გვემუშავა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ფორმა საპროდიუსერო კუთხით სარისკო იყოს და შეკითხვებს იწვევდეს.

ნ.კ. შესამჩნევია ე.წ. „ნელი კინოს” ესთეტიკის გავლენა… შეგვიძლია თუ არა დროის ასეთი დინება მოუხელთებელ, აჩქარებულ თანამედროვე დროსთან დაპირისპირებად მივიჩნიოთ? და ზოგადად, შენთვის როგორ იდენტიფიცირდება დრო და კინო?

ი.ჟ. ეს ძალიან ღრმა თემებია. პასუხებიც ბევრნაირი შეიძლება რომ იყოს. ამიტომ, რადგანაც თავიდანვე გალაკტიონის გარშემო ვტრიალებდი, გალაკტიონის სიტყვებითვე გიპასუხებ – „…რომ ყოველივე მიმდინარეობს და იმავე დროს დგას ყოველივე…“