EU-ში მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს

EU-ში მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროპის მინისტრთა საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ მექანიზმის განახლებაზე, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის შეტანისგან გათავისუფლებულნი არიან. როგორც ევროპის საბჭოს ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ, ამ შესწორებით ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების პრევენციას შეძლებს და EU-ს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს თავიდან აირიდებს.

„ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე EU-სთვის სასარგებლოა. თუმცა, თუ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ამ უპირატესობას ბოროტად გამოიყენებენ, ევროკავშირს ვითარების გამოსასწორებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობას თავს არიდებენ“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპის მინისტრთა საბჭო და ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამგვარ მექანიზმზე შეთანხმდნენ:

  • ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც – ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო – ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული ჩამოსვლის ზრდა;
  • ინვესტორთა მოქალაქეობის სქემის მოქმედება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც, წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ, არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან;
  • ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა და პროცედურებში არსებული ხარვეზები;
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.

ეს მიზეზები ემატება არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობის ზრდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, სადაც თავშესაფრის აღიარების მაჩვენებელი დაბალია, ან იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც შესვლაზე უარი ეთქვათ ან რომლებიც ვადის გადაცილებით მაინც რჩებოდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე.