ორი წლის შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გიორგი ცაგარელი სცენაზე სრულიად ახალი ფორმატით ბრუნდება. ეს არის პერფორმანსი, სადაც კლასიკური მუსიკა, პოპი და ხელოვნური ინტელექტი ერთ მუსიკალურ ნარატივად იქცევა – ამბად ბავშვობაზე, ბრძოლაზე და, საბოლოოდ, ჰარმონიის პოვნაზე.
გიორგი, ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ მსმენელს ახალ პროექტს გააცნობ. მოკლე მიმოხილვით დავიწყოთ – რას უნდა 28 ველოდოთ ივნისს?
ეს იქნება ერთგვარი შოუ, პერფორმანსი, რომელიც, აკადემიური კონცერტისგან განსხვავებით, ბევრ რამეს გააერთიანებს. პირველად მოხდა, რომ ბოლო წლებში დაგროვილ სხვადასხვა იდეას მოვუყარე თავი და პაუზაც ამ პროექტზე კონცენტრირებისთვის გამოვიყენე. Nikala-სთან ერთად იდეების დახვეწაზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე და როდესაც მუსიკა სხვადასხვა გემოვნების ადამიანს გავუზიარეთ, ყველამ გვირჩია, კონცერტი ჩაგვეტარებინა.
ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ყანჩელის მუსიკას დავუკრავ, კოლაბორაცია მექნება Kordz-თან ან სხვა მუსიკოსთან, მაგრამ, სინამდვილეში, შევეცადე, ღრმა ბავშვობაში აღქმული და მოსმენილი მუსიკა გადმომეცა მსმენელისთვის – თანაც ჩემი მონაწილეობით. არ მსურს, წინასწარ ბევრი კარტი გავხსნა და სიურპრიზების ეფექტი დაიკარგოს, რადგან მინდა, ყველაფერი ადამიანების პირველად აღქმას მივანდო.
სცენარის მიხედვით, რომლის დახვეწაში ზურა ჯიშკარიანი დამეხმარა, ისტორია ათი წლის ბავშვზეა, რომელიც კლასიკურ მუსიკაზე დაჰყავთ, სახლშიც მხოლოდ კლასიკურ მუსიკას უსმენენ და სხვა ჟანრები აკრძალული ხილია. დადის ოპერაში, სპექტაკლებზე, კლასიკული მუსიკის კონცერტებზე, მაგრამ, ერთ დღესაც, ჩნდება რაღაც არსება, შეიძლება ამას დავარქვათ შინაგანი ხმა, რომელიც ბავშვს სხვა ტიპის მუსიკას ასმენინებს რადიოთი და ტელევიზორით. მის ცნობიერებაში შემოდის პოპი და ხვდება, რომ ეს სამყარო, რომელიც მისთვის აქამდე არ არსებობდა, ძალიან საინტერესოა.
რა ტიპის მუსიკა იყო შენთვის ინსპირაცია ბავშვობაში და იქონია თუ არა ამან გავლენა ახლანდელ პროექტზე?
90-იან წლებში, კლასიკურ მუსიკაში ძალიან გავრცელებული იყო საბჭოთა შემსრულებლები და მუსიკის მასწავლებლებიც, ძირითადად, გვასმენინებდნენ იმ ჩანაწერებს, რომლებიც თვითონ იცოდნენ და რომლებიც მოიპოვებოდა. იდეალები არ მყავდა, მაგრამ როდესაც ჩემს ცხოვრებაში პოპი გაჩნდა, ასევე გაჩნდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც იყო, Led Zepellin-ი, Queen-ი და სხვ. ძალიან პოპულარული იყო Backstreet Boys-ი, 2-pac-ი და BIG-იც. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ რეპს ან როკს უსმენდნენ, მაგრამ მე მუსიკას ჟანრებად არ ვყოფდი. შეიძლება ფეხბურთზე გვეჩხუბა ერთმანეთში, მაგრამ მუსიკაზე – არა. ჩემთვის ბავშვობიდანვე წაშლილი იყო ზღვარი ჟანრებს შორის.
არ ვცდილობდი, რომ რადიოთი მოსმენილი მუსიკის იმპროვიზება გამეკეთებინა, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს სრულიად სხვა რაღაც იყო და ასეთი რამ ჩემს გემოვნებაშიც არ ჯდებოდა, მაგრამ ალბათ ყველა ბავშვის მსგავსად, მეც წარმომედგინა საკუთარი თავი როკვარსკვლავად. წლები გავიდა და მე აკადემიურ მუსიკაზე ვკონცენტრირდი, მაგრამ სულ ვუსმენდი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და თანამედროვე შემსრულებლებს, ამ ლაივზე კი შევეცდები, რომ ბავშვობაში, MTV-დან და სხვა მუსიკალური არხებიდან დისკებზე და კასეტებზე ჩაწერილი და ჩემს გემოვნებაში დალექილი მუსიკა მსმენელს გავუზიარო და ვაჩვენო, რომ სხვადასხვა ჟანრის ერთ მუსიკალურ სამყაროში გაერთიანება შესაძლებელია.
ვეცადე, ქაოსში ბალანსი მეპოვა. ზოგისთვის ეს პერფორმანსი ნოსტალგიური იქნება, ზოგს სიზმარს მოაგონებს, ზოგს კიდევ რას და ამ მუსიკალური ფანტაზიების მიზანიც ესაა. მომენტებში კლასიკურ და არაკლასიკურ მუსიკას შორის სხვაობა თვალშისაცემი იქნება, მაგრამ მე ვცდილობ, რომ მსმენელს ამ ორი სამყაროს ჰარმონია ვაჩვენო – თუ რამდენი სხვადასხვა კუთხით შეიძლება აღიქმებოდეს ერთი და იგივე მუსიკა.
როგორც ახსენე, კლასიკური მუსიკისა და პოპის სინთეზზე თავიდანვე არ ფიქრობდი. როდის და როგორ გაჩნდა ეს იდეა?
როცა რაღაც გაქვს, შემდეგ გინდება სხვა რამე. 10-15 წელია, ვამჩნევ, რომ აკადემიური მუსიკის შესრულებისა და მასზე მუშაობის დროს აუცილებლად ამოტივტივდება თავში სხვა მუსიკასთან შეხების სურვილი. პირველი მცდელობები 7-8 წლის წინ იყო, როდესაც Kordz-თან ერთად რამდენიმე პროექტი გავაკეთეთ, შემდეგ იყო ერეკლე დეისაძესთან, Kayakata-სთან, ნიკა კოჩაროვთან და კიდევ ბევრთან კოლაბორაცია – ელექტრონული მუსიკა, პოსტ–პანკი, ჰიპ–ჰოპი და სხვ.
მაგრამ ამ მუსიკოსებთან მუშაობისას მიჩნდებოდა სურვილი, კვლავ აკადემიურ მუსიკაზე გადავრთულიყავი. მქონდა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, თითქოს ვერცერთ მხარეს ვერ ვპოულობდი სრულ ჰარმონიას და, ნაწილობრივ, პაუზაც იმიტომ ავიღე, რომ მივმხვდარიყავი, რა და როგორ უნდა გამეგრძელებინა. ორ სამყაროს შორის მონაცვლეობამ გამოიწვია ემოციური დაღლა, დეპრესია და ამ პროექტშიც სწორედ ეს დამარცხებებით და გამარჯვებებით განვლილი გზა იქნება აღწერილი. შევეცდები, მსმენელს გავუზიარო, რა რთულია არტისტისთვის სხვადასხვა ჟანრში მუშაობის სურვილი. საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ უნდა მიიღო ყველაფერი ისე, როგორც არის – არ უნდა დაუპირისპირდე, არ უნდა გქონდეს გაორება და მიაღწიო გეშტალტს.
გამოდის, რომ Comeback-ი მხოლოდ სცენაზე დაბრუნებას კი არ ნიშნავს, არამედ არტისტის მეტამორფოზის მანიშნებელიცაა. რა შეიცვალა შენთვის, როგორც მუსიკოსისთვის და როგორია ორი წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნება?
დაბრუნების პროცესი წელს დაიწყო გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტებით. თითქოს, ისევ იმავე ნაწარმოებების დაკვრა დავიწყე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვუკრავდი, მაგრამ შემოქმედებითი პაუზის დროს ერთი რამ შეიცვალა – უფრო მეტად დავაფასე თითოეული ნოტი. რაღაც მომენტამდე ყველაფერი იმდენად რუტინული იყო, რომ უკვე სიამოვნების, სიმშვიდის შეგრძნებაც კი აღარ მქონდა. ეს პროცესი თითქოს რბოლას ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი თვე ინსტრუმენტი ხელშიც კი არ ამიღია და ფორმიდანაც შეიძლება ამოვვარდი, ამ პერიოდში უკეთესად შევიგრძენი საკუთარი სხეული ფიზიკურად და მუსიკაში საკუთარი თავიც ვიპოვე, რაც ძალიან დამეხმარა.
გადავწყვიტე, რომ თითოეულ კონცერტსა და სცენაზე გამოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა შევძინო. სჯობს, ნაკლები შესრულება მქონდეს, ვიდრე ბევრი და უხარისხო. შეიძლება ეს მსმენელისთვის მკაფიოდ გასაგები არ იყოს, მაგრამ მე ნათლად შევიგრძენი, რომ თითოეულ მუსიკალურ ნოტთან და საკუთარ თავთანაც სხვაგვარი მოპყრობა დავიწყე, რაც შესრულებაზეც აისახება. დასვენება ნებისმიერ სფეროში საჭიროა, განსაკუთრებით კი არტისთვის. აქამდე არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა დასვენება შინაგანად და სულიერად, რომ უფრო მეტი ენერგიით და მეტად პროდუქტიული დაბრუნდე. თურმე ამასაც ნიჭი სჭირდება.
როდის მიხვდი, რომ ნამუშევრების გაზიარების დრო იყო?
იდეებზე მუშაობა შარშან, Nikala-სთან ერთად დავიწყე. ახალი ინსტრუმენტები შევიძინეთ და ყოველგვარი მიზნის გარეშე დავიწყეთ მუშაობა. მჯეროდა, რომ ის ქაოსი და მუსიკალური ფანტაზიები, რომლებიც თავში მქონდა, თანდათან რაღაც სახეს მიიღებდა. საინფორმაციო ველი გაიხსნა და იდეები თავისით ჩნდებოდა, ჩვენ კი ამ ყველაფრის მატერიალიზებას ვცდილობდით. მაგრამ გავაანალიზე, რომ შეიძლებოდა კიდევ დიდხანს დავრჩენილიყავი სტუდიაში და მივხვდი, რომ რაღაც მომენტში უნდა შეჩერდე და ეს ყველაფერი მსმენელს გაუზიარო, ენერგია გადასცე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ალბათ კონცერტებისთვის ძალიან ცუდი პერიოდია და არასწორი მომენტია, მაგრამ რეალობა ასეთია და რეალობას არ უნდა ვებრძოლო. თანაც ადამიანები არტისტისგანაც ელიან პოზიციის და აზრის დაფიქსირებას.
რატომ ნიკალა და სოფო ჩოხელი?
Nikala, მიუხედავად მისი ასაკისა, კარგად ერკვევა იმ 90-იანი წლების მუსიკაში, რომელიც ჩემს პროექტშია ინტეგრირებული. მისი და ჩემი გემოვნებაც თანხვდენილია და ამავდროულად, აქვს ალღო, სწრაფად და პროდუქტიულად იმუშაოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუსიკალურად ძალიან დავმეგობრდით და თვალდახუჭული ვენდობი. Nikala-ს შეუძლია, რომ ერთი–ორი ფრაზით შემოაღწიოს ჩემს გონებაში და გაიგოს, რა მინდა ზუსტად. ამიტომაა მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული და მისი მადლიერი ვარ.
პროექტი ორ ნაწილად იყოფა – არის კლასიკური სამყარო და პოპმუსიკის სამყარო. ზუსტად კლასიკური მუსიკის სამყაროშია სოფო ჩოხელი ჩემი პარტნიორი. ჩვენ ერთად ვსწავლობდით კონსერვატორიაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე რამდენიმე კურსით წინ იყო, ენთუზიაზმი ერთნაირი გვქონდა და ვცდილობდით, ის ნაწარმოებები შეგვესრულებინა და გაგვეცნო, რომლებიც საქართველოში არ სრულდებოდა ან არავინ არ იცოდა. ბევრჯერ გვინდოდა კონცერტის ჩატარებაც, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოვიდა, ახლა კი შესაბამისი მომენტია.
რა როლი აქვს შენს პროექტში ხელოვნურ ინტელექტს?
ეს ელემენტი, პირველ რიგში, სცენარისა და შოუსთვის იყო საჭირო. ხელოვნურმა ინტელექტმა შეითვისა ჩემი შინაგანი ხმის როლი. მიუხედავად იმისა, რომ, საბოლოო ჯამში, ტექსტის უმეტესობა ბუნებრივი ინტელექტის, ზურა ჯიშკარიანის მიერაა შექმნილი, AI-ის მაინც დიდი წვლილი აქვს, რადგან მასთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ბევრად უფრო კარგად დამანახა არსებული შესაძლებლობები და გონებაც გაავარჯიშა. თანაც, ხელოვნურ ინტელექტს ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომ მალე ადამიანები რეალობას და ირეალობას ვეღარ განვასხვავებთ, ჩემს პროექტში კი ეს ორი ისე იკვეთება, რომ მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია. AI სცენაზე ხმისა და ვიზუალის სახით გამოჩნდება.
რას ფიქრობ, როგორია AI-ის და მუსიკის აწმყო და მომავალი?
მგონია, რომ სამომავლოდ მსმენელი ორად გაიყოფა – უფრო ნაკლებს გადაიხდიან AI-ის მიერ შექმნილ მუსიკაში, ადამიანის შექმნილი მუსიკის ფასი კი გაიზრდება. ესაა ჩემი ერთგვარი წინასწარმეტყველება. კი, AI-ის შეუძლია შექმნას ბეთჰოვენის მეათე სიმფონია, გააანალიზოს, თუ როგორი იყო მისი ბოლო ნაწარმოებები, მაგრამ მას არ შეუძლია ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება. მუსიკოსის ცხოვრებაში რაღაც ისეთი შეიძლება მომხდარიყო, რომ მომდევნო სიმფონია არა ლოგიკური და მოდელირებული, არამედ სრულიად სხვაგვარი ყოფილიყო. ადამიანის და AI-ის შექმნილი მუსიკა ახლო მომავალში თვალნათლივ გარჩევადი იქნება.
რა გეგმები აქვს გიორგი ცაგარელს სამომავლოდ? განიხილავ თუ არა ამ ფორმატის საერთაშორისო სცენაზე გატანას?
ამ პროექტის ჩანაწერს რამდენიმე პროდიუსერს ვუგზავნით და ვნახოთ, როგორი გამოხმაურება იქნება. მაგრამ, პირველ რიგში, მაქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ბევრ სცენაზე გავიტანო. სულ თეთრი შურით მშურდა მსახიობებისა და რეჟისორების, პრემიერის შემდეგ სპექტაკლს ბევრჯერ რომ იმეორებენ. ჩვენს შემთხვევაში კი ისე ხდება, რომ, თუ საერთაშორისო ტური არ გვაქვს, ერთხელ ან ორჯერ ვუკრავთ, რაც გულდასაწყვეტია და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევს.
გეგმაზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ რადგან გავრისკე და საკუთარ იდეებზე დაყრდნობით მუსიკალური არანჟირება და წარმოება დავიწყე, ვფიქრობ, დადგა დროა, მოვსინჯო ნაწარმოებების შექმნაც. მართალია, მცდელობა ჯერ არ მქონია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ბევრი მუსიკოსის რჩევა ყოფილა და ამ კუთხითაც ვგეგმავ მუშაობის გაგრძელებას.