რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 1.7%-ს მიაღწია

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 1.7%-ს მიაღწია

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა 3.69 ტრილიონ რუბლს (46.89 მილიარდი აშშ დოლარი) ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.7%-ს მიაღწია, რაც მთელი წლის განმავლობაში მოსალოდნელი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 0.3%-ს გაუტოლდა. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მაჩვენებელი თითქმის 6-ჯერ უფრო მაღალია.

სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფისკალური ხარჯები 20.2%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავლები – მხოლოდ 2.8%-ით. აქვე საყურადღებოა, რომ რუსეთის მიერ ენერგოსექტორიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რუსეთმა აპრილში 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტის შეფასება 0.5%-დან მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-მდე გაზარდა, მას შემდეგ, რაც ენერგოსექტორიდან შემოსავლების პროგნოზი 24%-ით შეამცირა.

ცნობისთვის, ეროვნულ თავდაცვაზე რუსეთის სახელმწიფო ხარჯები 2025 წელს ერთი მეოთხედით გაიზარდა და მშპ-ის 6.3%-ს მიაღწია, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს იმით არის განპირობებული, რომ ქვეყანა უკრაინაში ომს აგრძელებს, რომელიც უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.