საქსტატი: ექვს თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს მიაღწია

საქსტატი: ექვს თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12 მილიარდს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, თითქმის 12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 12.7%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექვსი თვის ექსპორტი 3.23 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც წლიურ ჭრილში 13.7%-იან ზრდას გულისხმობს. რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ის თითქმის 8.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება – ამ შემთხვევაში წლიურ ჭრილში 12.4%-იანი ზრდა აღინიშნა.

2025 წლის იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.46 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.

უშუალოდ ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 639.7 მილიონი აშშ დოლარი, იმპორტი კი 1.37 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 21 ივლისს გამოაქვეყნებს.