როგორ გამდიდრდა ირლანდია?

35c9826453c0e6f73779ea6fd089feaa

ირლანდიაში მცხოვრები ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 109 ათასი დოლარია. ირლანდიელებზე მაღალი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ ლუქსემბურგელებს აქვთ (140 ათასი დოლარი). მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით ირლანდიელის საშუალო წლიური შემოსავალი 134 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მხოლოდ სინგაპურსა და ლუქსემბურგს ჩამორჩება.

ბოლო 50 წელიწადია, ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. განსაკუთრებით წარმატებული იყო 1987-2007 წლები, როდესაც ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6.5%-ით იზრდებოდა. ირლანდიამ „აზიური ვეფხვების“ (სინგაპური, სამხრეთი კორეა, ჰონგ-კონგი, ტაივანი) ეკონომიკური განვითარების მსგავსი გზა განვლო, ამიტომ მას „კელტური ვეფხვი“ უწოდეს.

1973 წელს, როდესაც ირლანდია ევროკავშირის წევრი გახდა, ის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, ერთ მოსახლეზე 2,400 დოლარის წლიური შემოსავლით. 52 წლის შემდეგ, 2025 წელს, ირლანდიაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 44-ჯერ მეტია და ის ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება. 1973 წელს ქვეყნის მოსახლეობა 3.1 მილიონი იყო, ახლა კი 7 მილიონია და ეს რიცხვი ყოველ წელს მატულობს.

ირლანდია ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აზიურ და არაბულ ქვეყანაში გაცილებით დაბალია გადასახადები და ნაკლებია რეგულაციები, ვიდრე ირლანდიაში, „კელტური ვეფხვი“ მათ დემოკრატიის, ჰუმანური განვითარების დონით და ევროკავშირის ბაზარზე (როგორც საქონლისა და მომსახურების, ასევე შრომის) მეტი ხელმისაწვდომობით სჯობნის. ევროკავშირის ქვეყნებს 450-მილიონიანი მოსახლეობისა და 20 ტრილიონი დოლარის მოცულობის საერთო ეკონომიკური სივრცე აქვთ.

სამართლის უზენაესობის კრიტერიუმებით (საკუთრების დაცვა, კორუფციის დაბალი დონე, დემოკრატიის დონე) ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალასთან ერთად, სწორედ ეს არის ის მთავარი გარემოება, თუ რატომ ურჩევნია ბევრ ინვესტორს ირლანდიაში განახორციელოს ინვესტიცია და არა გაცილებით უფრო ნაკლები საგადასახადო განაკვეთების მქონე აზიურ ან აფრიკულ ქვეყანაში.

1987-2007 წლებში ირლანდიის ეკონომიკური წარმატება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ესენია: ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ინვესტიციები განათლებაში, უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, გლობალიზაციის დონის ამაღლება, ეროვნული კონსენსუსის მიღწევა და შენარჩუნება. 1987 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ხარჯები და საგადასახადო განაკვეთები შეამცირა. წარმატების მიღწევა სახელმწიფო დაწესებულებების შეკვეცამ და გაუქმებამ განაპირობა. ეს ნაბიჯები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, განსაკუთრებით, როდესაც ცვლილებები სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებას შეეხო, მაგრამ საბიუჯეტო კრიზისის დონე აუცილებელს ხდიდა ამ ღონისძიებების გატარებას.

ირლანდიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე გლობალიზებული ეკონომიკა. ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით ქვეყანა მე-4 ადგილს იკავებს. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ წაახალისა ის დარგები, რომლებშიც ირლანდია ძლიერი იყო და შედარებითი უპირატესობა ჰქონდა. აღსანიშნავია ირლანდიის მოსახლეობის კარგი განათლებისა და მაღალკვალიფიციურად მომზადების დონეც. დღეს ირლანდიაში მთავარი ევროპული ოფისები აქვთ „ფეისბუკს“, „გუგლს“, „ლინკდინს“, „ინტელს“ და სხვა უამრავ კომპანიას, რის გამოც ირლანდიას ევროპის „სილიკონის ველად“ მოიხსენიებენ.

1973 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ირლანდია იღებდა ტრანსფერებს ევროკავშირისგან. ეს დახმარებები გამოიყენეს ინვესტიციების გასაზრდელად განათლების სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, რასაც უკავშირებენ ირლანდიის მიმზიდველობის ზრდას მაღალტექნოლოგიური ბიზნესისთვის. თუმცა ირლანდიის ეკონომიკური წარმატებისათვის ტრანსფერზე მეტად ხელსაყრელი სიტუაცია ევროპის ქვეყნებთან თავისუფალმა ვაჭრობამ და შრომის თავისუფალ მიგრაციაში ჩართვამ შექმნა.

2008-2009 წლების მსოფლიო კრიზისის დროს ირლანდიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და მას ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება დასჭირდა. თუმცა 2014-2015 წლებმა აჩვენა, რომ ირლანდიამ არათუ გადალახა კრიზისი, 2014 წელს – ევროპის, 2015 წელს კი უკვე მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მოგვევლინა. 2015 წელს მისი ეკონომიკა 25%-ით გაიზარდა. 2016-2019 წლებში კი ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. 2020 წელს, პანდემიის პირობებშიც კი ირლანდიის ეკონომიკა გაიზარდა. 2020-2024 წლებში საშუალო წლიური ზრდა 5% იყო.

ირლანდიის ეკონომიკურ ზრდაში დიდ როლს თამაშობს ის, რომ მოგების გადასახადის განაკვეთი 12.5%-ია, რაც მდიდარი დასავლური ქვეყნების პირობებში დაბალია. მაგალითად, გერმანიაში 30%-ია, ბელგიასა და საფრანგეთში – 25%.

ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ირლანდია მე-3 ადგილზეა, მხოლოდ სინგაპურსა და შვეიცარიას ჩამორჩება. ასეთ მაღალ პოზიციას საკუთრების კარგად დაცვა, დაბალი კორუფცია, სასამართლოს ეფექტიანობა, ფისკალური სტაბილურობა და თავისუფალი საინვესტიციო გარემო განაპირობებს.

რომ შევაჯამოთ, ირლანდია არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მიმზიდველია მაღალტექნოლოგიური ბიზნესისთვის ევროკავშირში. თუ გინდა, ბიზნესი დაცული იყოს, არ გეშინოდეს კორუფციის, უსამართლობის და შედარებით ნაკლები გადასახადი გადაიხადო (ვიდრე სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია), ამისთვის საუკეთესო ადგილი ირლანდიაა.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა