

Forbes Georgia
საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 55-ე ადგილზეა

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 55-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც 300-მდე დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც მოსახლეობა ძირითადად ხარჯავს ფულს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათს და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარ ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის წილი.
სფი-ში პროდუქტებს განსხვავებული წონა აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, საშუალო მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოში პურის გაძვირება უფრო ზრდის ინფლაციის დონეს, ვიდრე ბადრიჯნის გაძვირება.
ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Trading Economics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.
საქართველო ინფლაციის რეიტინგში
Trading Economics-ის 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 4.3%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 55-ე ადგილზეა 169 ქვეყანას შორის, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 54 ქვეყანაშია, ხოლო 114 ქვეყანაში უფრო დაბალი ინფლაციაა.
საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 10.4%-ით – სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ჯანმრთელობის დაცვა (წამლები და ექიმის მომსახურება), რომელიც 9.5%-ით გაძვირდა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება 6.7%-ით გაძვირდა, განათლება 4.6%-ით. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 124%-ით ლიმონი გაძვირდა. შემდეგ მოდის კივი, რომელიც 65%-ით გაძვირდა. კარტოფილი 55%-ით გაძვირდა, ნიორი 35%-ით, კაკაო 32%-ით, ნაყინი 26%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად – 6.9%-ით – კავშირგაბმულობის მომსახურება გაიაფდა. ტრანსპორტი (საწვავის ჩათვლით) 3.8%-ით გაიაფდა. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 27%-ით კიტრი გაიაფდა. წიწაკა 19%-ით გაიაფდა, საზამთრო 16%-ით, მწვანე ლობიო – 15%-ით. 25%-ით შემცირდა ინტერნეტის გადასახდელი.
გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში, პერიოდის ბოლოს
წყარო: საქსტატი
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია
ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ვენესუელაში გაიზარდა – 172%-ით. ვენესუელას ბოლო წლებში ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა. ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე ზიმბაბვეა, სადაც ფასები 96%-ით გაიზარდა. ზიმბაბვესაც ფაქტობრივად ქრონიკული ინფლაცია ახასიათებს. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან. ტოპ-10-ში შემავალი არგენტინა და თურქეთი ამ მხრივ გამონაკლისია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია – 34%. რუსეთში ინფლაცია 8.8%-ია, აზერბაიჯანში 5%, ხოლო სომხეთში 3.4%.
ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა
ქვეყანა | ინფლაციის დონე, % | |
1 | ვენესუელა | 172 |
2 | ზიმბაბვე | 96 |
3 | ბურუნდი | 42 |
4 | ირანი | 39 |
5 | არგენტინა | 37 |
6 | თურქეთი | 34 |
7 | ჰაიტი | 30 |
8 | მალავი | 27 |
9 | ბოლივია | 25 |
10 | ნიგერია | 22 |
წყარო: tradingeconomics.com
ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა, 18 ქვეყანაში. მათ შორის, ყველაზე მეტად ნიგერსა და ჩადში.
ქვეყნები, სადაც ფასები ყველაზე მეტად შემცირდა
ქვეყანა | ინფლაციის დონე, % | |
1 | ნიგერი | -9.1 |
2 | ჩადი | -4.7 |
3 | ტოგო | -1.1 |
4 | კვიპროსი | -0.9 |
5 | კოტ-დიუარი | -0.8 |
6 | ტაილანდი | -0.7 |
7 | კოსტა-რიკა | -0.6 |
8 | ჯიბუტი | -0.6 |
9 | ერაყი | -0.6 |
10 | ფიჯი | -0.4 |
წყარო: tradingeconomics.com
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 12 ნაკადი იწყება

ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობები | რა წარადგინა პეკინმა გამარჯვების დღის აღლუმზე?

რა ქონებას ფლობდა ჯორჯო არმანი?

ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – მიზეზი
