მასკი უმდიდრესის სტატუსს არ თმობს – Forbes 400-ის ლიდერი ზედიზედ მეოთხე წელია

მასკი უმდიდრესის სტატუსს არ თმობს – Forbes 400-ის ლიდერი ზედიზედ მეოთხე წელია

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასის მერყეობა და პოპულარობის შემცირება Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკის პოზიციას ვერაფერს აკლებს. ზედიზედ მეოთხე წელია, მასკი Forbes 400-ის სიის ლიდერია და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსსაც დიდი ხანია, ინარჩუნებს.

2025 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ილონ მასკის ქონება 428 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა, რაც Forbes 400-ისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია. გასული წლის განმავლობაში მან თავის ქონებას 184 მილიარდი დოლარი შემატა, რაც ერთწლიან ჭრილში სიმდიდრის ზრდის ახალი რეკორდია. აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებული რეკორდიც მასკს ეკუთვნოდა.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მონაცემებით, ამჟამად ილონ მასკი 471.1 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახვეარ თვეში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება დაახლოებით 43 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. რაც შეეხება მის უხალოეს მდევრებს: Oracle-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ლარი ელისონი, რომელიც Forbes 400-ში მეორე ადგილზეა, უახლესი მონაცემებით, 363.1 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს (Forbes 400-ში $276 მილიარდი). მისი ქონება ნახევარ თვეში 87 მილიარდი აშშ დოლარით არის გაზრდილი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმონჩდა, რომ მასკისთვის აშშ-ისა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ჩამოერთმია.

მესამე პოზიციაზე Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგია, რომელიც Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მონაცემებით, 261.8 მილიარდ აშშ დოლარს (Forbes 400-ში $253 მილიარდი) ფლობს.

ილონ მასკს აშშ-ისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარა ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ყველა უმსხვილესი აქტივის ღირებულება გაიზარდა. მათ შორის Tesla-ს აქციები ბოლო 12 თვეში 56%-ით გაძვირდა, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 13%-ით შემცირდა და ხმაურიანი რობოტაქსის სერვისი ჩავარდა.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს 2018 წლის კომპენსაციის პაკეტის გამო მასკი დელავერის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც შეიძლება მას დამატებით 94 მილიარდის ღირებულების ოპციონები დაუტოვოს. თუმცა თუ ეს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ იქნება მიღებული, მასკი, Tesla-ს სპეციალური კომპენსაციის კომიტეტის მიერ აგვისტოში დამტკიცებული რეზოლუციის თანახმად, 29 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს მაინც მიიღებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ Tesla-ს საბჭო მასკს $1 ტრილიონის ოდენობის ბონუსს დაჰპირდა, თუ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია 8.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამჟამად Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 1.32 ტრილიონს შეადგენს.

გასული 12 თვე წარმატებული აღმოჩნდა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ისთვისაც, რომელმაც ერთ წელიწადში ღირებულება 210-დან 400 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ეს მას მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირადღირებულ კერძო კომპანიად აქცევს (OpenAI-ის შემდეგ, რომელიც 500 მილიარდ დოლარად ფასდება). მასკს SpaceX-ში 42%-იანი წილი აქვს, რომლის ღირებულება 168 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის Starlink-ის სერვისი უკვე 6 მილიონ მომხმარებელს ემსახურება და 9.3 მილიარდი დოლარის წლიურ შემოსავალს აგენერირებს.

ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრშია მასკის კიდევ ერთი კომპანია xAI Holdings-ი. 2025 წლის მარტში მილიარდერმა საკუთარი AI-სტარტაპი xAI და სოციალური ქსელი X გააერთიანა. შედეგად, xAI-ის ღირებულება 80 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო X-ის – $33 მილიარდამდე. როგორც ცნობილია, მასკი უკვე ამზადებს ახალ საინვესტიციო რაუნდს $200 მილიარდზე მეტი შეფასებისთვის.

ამავე დროს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი OpenAI-ის წინააღმდეგ იურიდიულ ბრძოლას აგრძელებს და ცდილობს, კონკურენტ ChatGPT-ის ეკოსისტემაზე ზეწოლა მოახდინოს. მიზანი ბაზარზე xAI-ის ჩატბოტ Grok-ის პოზიციის გამყარებაა.

რაც შეეხება მასკის ნეიროტექნოლოგიურ კომპანია Neuralink-სა და ინფრასტრუქტურის, გვირაბების მშენებლობის სერვისებისა და აღჭურვილობის კომპანია The Boring Company-ის, ისინი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ფაზაშია: მათი ღირებულება, შესაბამისად, 9.6 მილიარდ და 5.7 მილიარდ დოლარად ფასდება.