ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

2 (41)

წლის განმვალობაში საშუალოდ ერთ მოსახლეზე მიღებული უცხოური ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ემიგრანტები გამომუშავებული თანხის ნაწილს თავის ქვეყნებში გზავნიან. ღარიბი ქვეყნებისთვის ასეთი გზავნილები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ქვეყნების მიხედვით გზავნილების სტატისტიკას სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, რომელსაც ამ ბლოგში დავეყრდნობით.

ფულადი გზავნილების ბოლო მონაცემები მსოფლიო ბანკს 2024 წლისთვის 176 ქვეყანაზე აქვს გამოქვეყნებული.

როდესაც შედარება ხდება, თუ რომელი ქვეყანა იღებს მეტ გზავნილებს ემიგრანტებისგან, ამ დროს, უფრო მართებულია გზავნილების ერთ მოსახლეზე საშუალო რაოდენობის ან ეკონომიკის მიმართ (მშპ-ის მიმართ) ფარდობა შედარდეს და არა ნომინალური რიცხვები. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მოსახლეობა და მეტი ემიგრანტი ჰყავს, მეტ თანხას გადმორიცხავენ. მოსახლეობის და ეკონომიკის მიმართ ფარდობა კი უჩვენებს, რომელი ქვეყნების კეთილდღეობაში და ეკონომიკაში თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების გზავნილები. მაგალითად, 2024 წელს, ინდოეთისთვის ემიგრანტების მიერ გადარიცხული 138 მილიარდი დოლარი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის ემიგრანტების გადმორიცხული 4 მილიარდი დოლარი.

საქართველო ფულადი გზავნილების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში 4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,082 აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ანუ მხოლოდ 11 ქვეყანას ჩამორჩება. 2023 წელს საქართველო რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 3.4 მილიარდ დოალრამდე გადმოირიცხა, რაც 600 მლნ დოლარით ნაკლებია მსოფლიო ბანკის მაჩვენებელზე. სხვაობის მიზეზი მეთოდოლოგიაა, მსოფლიო ბანკი გზავნილებს (Remittances) უფრო ფართოდ განიხილავს და მხოლოდ ფულად გზავნილებს არ მოიცავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 572 მლნ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა. 567 მლნ დოლარი გადმოირიცხა იტალიიდან, 541 მლნ დოლარი რუსეთიდან, 267 მლნ დოლარი გერმანიიდან და 263 მლნ დოლარი საბერძნეთიდან.

უცხოური გზავნილები (Remittances) საქართველოში, მილიარდი დოლარი

წყარო: მსოფლიო ბანკი
ქვეყნები, რომლებიც ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტ ფულად გზავნილებს იღებენ

2024 წელს ფულადი გზავნილებით ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ლუქსემბურგმა მიიღო. ლუქსემბურგმა სულ 2.4 მილიარდი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგან მისი მოსახლეობა მხოლოდ 672 ათასს ადამიანს შეადგენს, ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილები 3,616 დოლარი გამოდის.

მეორე ადგილზე ასევე პატარა ქვეყანა ტონგაა, რომელმაც 257 მლნ დოლარის გზავნილები მიიღო. ტონგაში 99 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ერთ ადამიანზე 2,595 დოლარის გზავნილი მოდის. მესამე და მეოთხე ადგილზე ხორვატია და მონტენეგრო არიან.

სადაც საქართველოზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოზე მეტ გზავნილებს იღებენ, ასეთი მხოლოდ 5 ქვეყანაა: ხორვატია, სალვადორი, ბელგია, ლიბანი და გვატემალა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული სომხეთია. 2024 წელს 1.2 მილიარდი დოლარის გზავნილები  მიიღო და ერთ მოსახლეზე გზავნილებით მსოფლიოში 45-ე ადგილზეა, 400 დოლარით. აზერბაიჯანი 97-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 132 აშშ დოლარის გზავნილით. რუსეთი 159-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე 13 დოლარით. რუსეთმა სულ 2 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო. თურქეთი 164-ე ადგილზეა 11 დოლარით. 2023 წელს რუსეთმა სულ 2.5 მილიარდი დოლარის, ხოლო თურქეთმა 1 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო.

მსოფლიოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ერთ მოსახლეზე ყველაზე მცირე ანგოლაშია – 0.40 დოლარი. შემდეგ მოდის პაპუა ახალი გვინეა 1 დოლარით და ქუვეითი 4 დოლარით.

ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილების მიხედვით, 2024 წელი

 ქვეყანაერთ მოსახლეზე, დოლარი
1ლუქსემბურგი3,616
2ტონგა2,595
3ხორვატია1,748
4მონტენეგრო1,349
5სამოა1,338
6სალვადორი1,328
7იამაიკა1,296
8ბელგია1,287
9ლიბანი1,251
10გვატემალა1,213

წყარო: მსოფლიო ბანკი

 

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა