ციტა ხნის წინ OpenAI-მ ByteDance-სა და SpaceX-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია გახდა. კერძოდ, ChatGPT-ის შემქმნელის ღირებულებამ, დაფინანსების ბოლო რაუნდის შემდეგ, 500 მილიარდი დოლარს მიაღწია. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორების ნდობის ზრდასა და გლობალური საინვესტიციო ლანდშაფტის ცვლილებაზე მიანიშნებს.
BestBrokers-მა, CB Insights-ისა და Pitchbook-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიის განახლებული სია შემოგვთავაზა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 79-მა კერძო კომპანიამ მიაღწია $1 მილიარდის ან მეტის შეფასებას, რითაც Unicorn-ის სტატუსი მოიპოვა. მიმდინარე წელს მათ რიგს 18 კომპანია შეუერთდა. რაც შეეხება ტოპ-10-ს, იქ მოსახვედრად მინიმალური ზღვარი ამჟამად 30 მილიარდი დოლარია.
2025 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია
1. OpenAI – $500 მილიარდი
OpenAI-მ 6.6 მილიარდი დოლარის მეორადი აქციების გაყიდვის შემდეგ ნახევარი ტრილიონი დოლარის შეფასებას მიაღწია. ინვესტორებს შორის კი არიან: SoftBank-ი, Thrive Capital-ი და აბუ-დაბიში დაფუძნებული MGX. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ არ არის მოგებიანი, მისი აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმანის თქმით, OpenAI-ის მიზანი არა მოკლევადიანი მოგება, არამედ AI-პლატფორმების განვითარება და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაა.
2. SpaceX – $400 მილიარდი
ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი, 400 მილიარდი დოლარის შეფასებით, სიაში მეორე ადგილზეა. ივლისში 1.25 მილიარდი დოლარის შიდა აქციების გაყიდვის შემდეგ, კომპანიამ რეიტინგში პოზიცია კიდევ უფრო გააძლიერა. SpaceX-ის შემოსავლები მრავალფეროვანია — წყაროებს შორისაა Starlink-ის ინტერნეტსერვისები და NASA-ს კონტრაქტები. კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის სტრატეგიული მიზანი ადამიანის კოსმოსში გრძელვადიანი ყოფნის უზრუნველყოფა და მარსის კოლონიზაციაა.
3. ByteDance – $330 მილიარდი
TikTok-ის მშობელმა კომპანია ByteDance-მა თანამშრომელთა აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამის შემდეგ ღირებულება 330 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც ექვსი თვის წინანდელ შეფასებასთან შედარებით 5.5%-ით მეტია. 2025 წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურ ჭრილში 25%-ით გაიზარდა და 48 მილიარდ დოლარს მიაღწია.
4. xAI – $200 მილიარდი
ილონ მასკის მეორე კომპანია, xAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს, $10-მილიარდიანი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ 200 მილიარდ დოლარად შეფასდა. მას მხარს უჭერენ ისეთი ფონდები, როგორებიცაა Valor Capital-ი, Qatar Investment Authority და Kingdom Holding Company. ამჟამად კომპანია ტენესის შტატში Colossus-კლასტერის მეშვეობით სუპერკომპიუტერული შესაძლებლობების გაფართოებისა და ხელოვნური ინტელექტის ახალი თაობის მოდელების შემდგომი განვითარების პროცესშია.
5. Anthropic – $183 მილიარდი
AI-უსაფრთხოებაზე ორიენტირებულმა კომპანია Anthropic-მა შეფასება 183 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. მისი მთავარი პროდუქტი — Claude AI-ასისტენტი, OpenAI-ის ChatGPT-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. კომპანიის უკან დგანან Altimeter-ი, Baillie Gifford-ი და სხვა მსხვილი საინსტიტუციო ინვესტორები.
6. Stripe – $107 მილიარდი
ფინტექ-გიგანტი Stripe-ი, 107 მილიარდი დოლარის შეფასებით, სიაში კვლავ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. კომპანია ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებისგან აქციების უკან გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, კაპიტალი IPO-ს გარეშე მოიზიდოს.
7. Databricks – $100 მილიარდი
მონაცემთა ანალიტიკის ლიდერი Databricks-ის ღირებულებამ 100 მილიარდ დოლარს მიაღწია, აგვისტოში 1 მილიარდი დოლარის დაფინანსების რაუნდის შემდეგ, რომელსაც Andreessen Horowitz-ი და Insight Partners-ი ხელმძღვანელობდნენ. კომპანიამ 2025 წლის მეორე კვარტალში წლიური შემოსავლით 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და გეგმავს, ახალი ინვესტიციები თავისი AI-სტრატეგიის განვითარებისთვის გამოიყენოს.
8. Revolut – $75 მილიარდი
ფინტექ-კომპანია Revolut-ის ღირებულებამ 2025 წლის სექტემბერში, აქციების მეორადი გაყიდვის შემდეგ, 75 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 46%-ით გაიზარდა. კომპანია ამჟამად დიდი ბრიტანეთის სრული საბანკო ლიცენზიის მიღების პროცესშია, რაც მას ფინანსური პროდუქტების უფრო ფართო სპექტრის შეთავაზების საშუალებას მისცემს.
9. Canva – $42 მილიარდი
გრაფიკული დიზაინის პლატფორმა Canva-მ, აგვისტოში თანამშრომელთა აქციების გაყიდვის შედეგად, შეფასება 42 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. აქციების გაყიდვებს Fidelity Management-ი და JPMorgan Asset Management-ი ხელმძღვანელობდნენ. წინა წელთან შედარებით კომპანიის ღირებულება $10 მილიარდით არის გაზრდილი.
10. SHEIN – $30 მილიარდი
სინგაპურში დაფუძნებულმა სწრაფი მოდის საცალო ვაჭრობის გიგანტმა SHEIN-მა 2025 წლის დასაწყისში ღირებულება მკვეთრად დაკარგა — $100 მილიარდიდან $30 მილიარდამდე.
„მას შემდეგ, რაც OpenAI-მ ღირებულება 500 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და SpaceX-სა და ByteDance-ს, მსოფლიოს ორ ყველაზე ძვირადღირებულ კერძო კომპანიას გაუსწრო, შეიძლება გამოვიტანოთ მნიშვნელოვანი დასკვნა: ხელოვნური ინტელექტი დომინანტურ ძალად იქცევა. ათი ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიიდან ოთხი ახლა ხელოვნური ინტელექტის ფირმაა, OpenAI-ს შეუერთდა xAI (200 მილიარდი დოლარი), Anthropic-ი (183 მილიარდი დოლარი) და Databricks-ი (100 მილიარდი დოლარი). ისინი სთავაზობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებსა და პლატფორმებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ასობით ათასი ბიზნესის მიერ არის დანერგილი.
2025 წელს ინვესტორების კაპიტალი კონცენტრირებულია ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინტექი, საწარმოო ტექნოლოგიები და, პირველ ყოვლისა, ხელოვნური ინტელექტი, რაც ქმნის „flight to quality“-ს, სადაც სტარტაპები, რომლებსაც ინოვაციების მასშტაბირებად, მდგრად შემოსავალად გადაქცევა შეუძლიათ, ყველაზე მაღალ შეფასებებს იღებენ,“ – აცხადებს პოლ ჰოფმანი BestBrokers.com-დან.