ევროკომისიამ Gucci, Chloé და Loewe €157 მილიონით დააჯარიმა

ევროკომისიამ Gucci, Chloé და Loewe €157 მილიონით დააჯარიმა

ევროკომისიამ მოდის სამ ცნობილ ბრენდს — Gucci-ს, Chloé-ს და Loewe-ს — საერთო ჯამში 157 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი კომპანიებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. ბრენდებს შორის ყველაზე დიდი, 119 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა Gucci-ის მოუწევს.

რეგულატორის განმარტებით, ზემოხსენებული კომპანიები საკუთარი საცალო მიმართულების პარტნიორებს პროდუქციაზე ფასის დამოუკიდებლად განსაზღვრას უკრძალავდნენ.

„ევროპაში ყველა მომხმარებელი, რასაც არ უნდა ყიდულობდეს და სადაც არ უნდა ყიდულობდეს, ონლაინ თუ ოფლაინ, იმსახურებს ფასების კონკურენციის სარგებელს“, – განაცხადა კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა, ტერეზა რიბერამ.

რიბერამ ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია როგორც მოდის ინდუსტრიისთვის, ისე სხვა სექტორებისთვის: ევროკავშირი არ შეეგუება მსგავსი პრაქტიკების გავრცელებას, ხოლო სამართლიანი კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა ყველას თანაბრად შეეხება.

გამოძიებით დადგინდა, რომ Gucci-ის, Chloé-ისა და Loewe-ის პარტნიორები ვერ ახერხებდნენ ფასების რეკომენდებულ ზღვარზე ქვემოთ შემცირებას, ფასდაკლებების გამოცხადებას და, შესაბამისად, ერთმანეთთან ფასით კონკურენციას. ეს კი ბაზრის ბუნებრივ დინამიკას ზღუდავდა — ფასები ხელოვნურად მაღალი რჩებოდა, მომხმარებლებს კი პროდუქციის შეძენისას ნაკლები არჩევანი და შეღავათი ჰქონდათ. როგორც ირკვევა, ეს სქემა მოქმედებდა თითქმის მთელი მათი ასორტიმენტისთვის – ტანსაცმლის, ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შემთხვევაში.