XXI საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე რადიკალურ გარდატეხას შრომის ბაზარი განიცდის: ძველი პროფესიები ქრება, ახალი კი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ ცვლილებების ეპიცენტრში კი ხელოვნური ინტელექტი (AI) დგას. სულ რაღაც ხუთი წლის წინ შორეული Sci-Fi წიგნების პერსონაჟი დღეს უკვე რეალური, მოქმედი ძალაა, რომელიც ყოველდღიურად ცვლის ბიზნესის მოდელებს, პროდუქტიულობის სტანდარტებს და იმ შეხედულებებს, რაც დღემდე შრომის მნიშვნელობას განსაზღვრავდა.
სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: რას ნიშნავს მუშაობა მაშინ, როცა მანქანები აზროვნებენ? როგორ შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს აქტუალურობა იმ ეპოქაში, სადაც ალგორითმები თვითონ სწავლობენ, იკვლევენ და ქმნიან?
ამ ტექსტის წერის პარალელურად, სან–ფრანცისკოში (აშშ) Stop AI – „Close OpenAI!” დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ OpenAI საფრთხეს უქმნის მათ სამუშაო ადგილებს, სიცოცხლეს და მათი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს. ეს კინო კაცობრიობას ბევრჯერ უნახავს: ასე იყო ორთქლმავლის, ტელეგრაფის, ელექტროდენის და სხვა გამოგონებების დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური პროგრესისადმი ადამიანის რეაქცია უცვლელია, ხელოვნური ინტელექტის მიმართ სკეპტიციზმი უფრო ღრმა ფილოსოფიურ განცდებსაც უკავშირდება. ერთ–ერთი მთავარი საფრთხე, რასაც ავტორები ახმოვანებენ, შემდეგია: რა მოხდება მაშინ, როდესაც მანქანა ადამიანზე უკეთესად შეასრულებს სამუშაოს? რა მოუვა ამდენ ეკონომიკურად არააქტიურ ადამიანს? ხომ არ გამოიწვევს ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანის, როგორც ჰომო საპიენსის, გაქრობას?
სპოილერი: ამ შეკითხვებზე პასუხებს ამ სტატიაში ვერ იპოვით. თუმცა შევეცდები მოკლედ აღვწერო ის რეალობა და მოლოდინი ბიზნესის მხრიდან, რაც ხელოვნურ ინტელექტს, ავტომატიზაციას და ადამიანის უნარებს უკავშირდება. სამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: შრომის ბუნების შეცვლა, მომავლის უნარები, ხელოვნური ინტელექტის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
შრომის ბუნების შეცვლა – როგორ მოვედით აქამდე?
საუკუნეების განმავლობაში შრომა დაკავშირებული იყო ისეთ ცნებებთან, როგორიცაა ადამიანი, ცოდნა, უნარი, დავალება, სამუშაო ადგილი. დღეს საჭირო ხდება შრომის სისტემური გააზრება: რა ურთიერთქმედებებია ადამიანებს, ტექნოლოგიებსა და გარემოს შორის.
კოვიდპანდემიამ შრომის შესახებ ჩვენი წარმოდგენები მნიშვნელოვნად შეარყია და იმის ერთ–ერთ ყველაზე კარგ გაკვეთილად იქცა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა წარმატებით იმუშაონ ოფისის გარეთ, სახლიდან, სხვა ქალაქიდან ან ზოგჯერ სხვა კონტინენტიდანაც კი. ეს იყო გლობალური ექსპერიმენტი, რომელმაც გვაჩვენა, რომ დისტანციური მუშაობა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ ხშირად უფრო ეფექტიანიც არის. პლატფორმები დიდი ხანია, მზად იყო დისტანციური მუშაობისთვის, მაგრამ გვაკლდა ცოდნა, ნდობა და მოქნილობა მათ გამოსაყენებლად. Deloitte-ის შეფასებით, პანდემიამ კომპანიებს დაანახა, რომ სამუშაო ადგილი შეიძლება გადააზრებულიყო არა როგორც ფიზიკური სივრცე, არამედ როგორც შედეგზე ორიენტირებული ციფრული გარემო.
თუმცა, რაც პანდემიის დროს არ ჩანდა, მაგრამ თანდათან, 2022 წლის ბოლოს დავინახეთ (openAI), იყო ის, რომ ჰიბრიდული მუშაობა ცვლილებების მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. წინ გველოდა კიდევ უფრო ღრმა ტრანსფორმაცია, რომელსაც ამჯერად ხელოვნური ინტელექტი წარუძღვებოდა.
თუ პანდემიის პერიოდმა გვასწავლა, რომ შრომა ფიზიკურ ადგილს აღარ ეკუთვნოდა, ხელოვნურმა ინტელექტმა დაგვანახა, რომ შრომის ნაწილი თავად ადამიანისგანაც შეიძლება გავაცალკეოთ. ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც აქამდე ექსკლუზიურად ადამიანურ ინტელექტს ეფუძნებოდა და ადამიანს შეეძლო. მაგალითად, იდეების მოფიქრება, წერა (სხვათა შორის, ძალიან დამეხმარა ამ სტატიის წერაშიც), მონაცემების დამუშავება, ასისტირება, და რაც ყველაზე მთავარია – სწავლის უნარი. თუ პანდემიის შემდეგ MS Teams-ი გახდა სასწავლო აუდიტორია ან ახალი ოფისი, ახლა ChatGPT და Gemini არიან ჩვენი ახალი თანამშრომლები, რომლებიც ატარებენ კვლევას, გვთავაზობენ სტრატეგიას ან გვიწერენ კოდებს.
რა ვისწავლოთ და როგორ შევინარჩუნოთ აქტუალობა შრომის ბაზარზე?
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2025 წლის შრომის მომავლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2030 წლამდე მსოფლიოში სამუშაო ადგილებიდან დაახლოებით 92 მილიონი პოზიცია გაქრება ავტომატიზაციის გამო, მაგრამ ამავდროულად შეიქმნება 170 მილიონი ახალი, რომლებიც მოითხოვს ახალ უნარებს. ეს მიგვანიშნებს, რომ პრობლემა არა სამუშაოს გაქრობა, არამედ ადამიანისა და მოთხოვნადი კომპეტენციების აცდენაშია.
იბადება ლოგიკური შეკითხვა, რა უნარებსა და კომპეტენციებზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე? WEF-ის ანალიზის მიხედვით, 2025 წლისთვის დამსაქმებლები ყველაზე მაღალ ღირებულებას ანიჭებენ შემდეგ უნარებს: კრიტიკული აზროვნება და ანალიზი; აქტიური სწავლა და თვითშემეცნების უნარი; კრეატიულობა, ორიგინალობა, ინიციატივა; ტექნოლოგიური მოქნილობა; ემოციური ინტელექტი, თანამშრომლობა, ლიდერობა. ტექნოლოგიური რევოლუცია მიისწრაფვის იქითკენ, რომ ავტომატიზაციას დაექვემდებაროს არა მხოლოდ ფიზიკური შრომა, არამედ კოგნიტიური პროცესებიც: ანალიზი, დაგეგმვა, თარგმნა, სწავლებაც კი. ამ ვითარებაში პროფესიული უნარების და ე.წ. hard skills--ის განახლება არა რეკომენდაცია, არამედ აუცილებლობა ხდება.
უკვე ნათელია, რომ მომავლის სამსახური აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე გვეგონა. კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი საფრთხე იმ ადამიანებს ემუქრება, რომლებიც ოფისში ადმინისტრაციულ საქმეს აკეთებენ, მომსახურების სფეროში მუშაობენ, წარმოებაში ან სწრაფი კვების ობიექტებში არიან დასაქმებულები. მათი შრომა მარტივად ავტომატიზდება, რადგან ხელოვნური ინტელექტი რუტინულ და ხშირად გამეორებად სამუშაოს უფრო სწრაფად და ეფექტიანად ასრულებს. განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან დაბალშემოსავლიანი, უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანები.
როგორ მოვემზადოთ მომავლისთვის, სადაც მანქანაც თანამშრომელია?
ჩვენ ხშირად ვცდილობთ, რომ მომავალი წინასწარ განვსაზღვროთ, გვაინტერესებს მონაცემები და ტენდენციები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პროგნოზები ყოველთვის არ ამართლებს. მაგალითად, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც არავის უწინასწარმეტყველია. როდესაც პროგნოზებს ზედმეტად ვეყრდნობით, შესაძლოა რეალობის აღქმა დავკარგოთ.
რეალობაში კი ადამიანის თანამშრომლობა ხელოვნურ ინტელექტთან სულ უფრო მრავალმხრივი ხდება. ხელოვნური ინტელექტი თანამშრომლის არაერთ როლს ითვისებს. ის შეიძლება იყოს ასისტენტიც, მენეჯერიც და ანალიტიკოსიც, გეგმავს, ასრულებს, აანალიზებს და ხშირად თავად იღებს გადაწყვეტილებებს.
თუმცა სადაც ასისტენტი მთავრდება, იქ შესაძლოა იწყებოდეს მენეჯერი. ვინ ვის მართავს? ებრაელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი იუვალ ნოა ჰარარი გვაფრთხილებს, რომ როგორც კი ხელოვნური ინტელექტი უკეთესად დაიწყებს არჩევას, დაგეგმვასა და კომუნიკაციას, შეიქმნება ახალი ძალაუფლება, „ალგორითმული სუვერენიტეტი“. უკვე დღეს ხელოვნური ინტელექტი გთავაზობს კარიერულ ბილიკს, გინიშნავს თერაპიას, გასწავლის ენას და ცოტა ხანში შეიძლება ჩვენზე მეტიც იცოდეს ჩვენ შესახებ. თუ ამ პროცესში საკუთარ ინტუიციაზეც უარს ვიტყვით, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ჰუმანიზმი და გადაიქცეს მხოლოდ მონაცემების ნაკადად ანუ ტექნოლოგიურ არსებად, რომელსაც ჰარარი „ჰომო დეუსს“ უწოდებს.
თუმცა ცვლილება მხოლოდ საფრთხე კი არა, შანსიც არის. მაქკინზის კვლევის მიხედვით, 2030 წლამდე მილიონობით ადამიანს მოუწევს პროფესიის შეცვლა, რაც მასობრივ გადამზადებას და სწავლების მოდელის რეფორმას მოითხოვს. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იქნება ჯანდაცვაში (3.5 მილიონი ახალი პოზიცია მხოლოდ დამხმარე პერსონალისთვის), ტექნოლოგიურ სფეროში (23% ზრდა STEM-პროფესიებში) და ტრანსპორტში, მათ შორის ადამიანებზე, რომლებსაც უმაღლესი განათლება არა აქვთ. კომპანიებმა უნდა დაიწყონ ადამიანების შეფასება უნარების, არაოფიციალურად მიღებული გამოცდილებისა და სწრაფად სწავლის უნარის მიხედვით. ამას დაემატება სოციალურ–ემოციური და ციფრული უნარების განვითარების საჭიროებაც, რადგან ტექნოლოგიის გვერდით ადამიანი კვლავ რჩება შინაარსისა და აზრის წყაროდ.
სამუშაოს მომავალი მხოლოდ ტექნოლოგიების ტრიუმფი არ არის, ეს ადამიანური არჩევანის სივრცეც გახლავთ. სწორედ ახლა გვჭირდება ყველაზე მეტად ის, რაც მანქანას არა აქვს – კრიტიკული აზროვნება, ემპათია და მუდმივი სწავლა. დავით გურამიშვილის სიტყვები „სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი” დღეს არა მხოლოდ პოეტური დაკვირვება, არამედ ყველაზე აქტუალური სამუშაო ინსტრუქციაა ციფრულ ეპოქაში. მომავლის სამსახური ტექნოლოგიასთან შერწყმას, საკუთარი უნარების განახლებას და ახალი გზების ძიებას მოითხოვს და ეს გზაც, არჩევანიც და მიმართულებაც სწორედ ჩვენს ხელში რჩება.
მარიამ ჯანჯარია არის აქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის სამსახურის უფროსი.











