ჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Nvidia-მ მესამე კვარტალის ფინანსური შედეგები და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. დადებითი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ღირებულება 4%-ზე მეტით გაიზარდა.
მონაცემების მიხედვით, კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე $1.30 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების $1.25-იან პროგნოზზე მაღალია. გარდა ამისა, კომპანიის შემოსავალი $57.01 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ანალიტიკოსების მოლოდინით $54.92 მილიარდისთვის უნდა მიეღწია.
ამასთან, Nvidia პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალის გაყიდვები $65 მილიარდს მიაღწევს, რაც ასევე აღემატება ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ $61.66 მილიარდს.
კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და $31.91 მილიარდს მიაღწია. Nvidia-ს ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მონაცემთა ცენტრების ბიზნესი აღმოჩნდა — ამ მიმართულებით გაყიდვები $51.2 მილიარდს გაუტოლდა, რაც 66%-იანი წლიური ზრდაა.
Nvidia-ს ჩიპებს, ახალი AI-მოდელების დასამუშავებლად, აქტიურად იყენებენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Microsoft-ი, Amazon-ი, Google-ი, Meta და Oracle-ი.
აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს გაყიდვებსა და პერსპექტივებს ტექნოლოგიური ინდუსტრია, როგორც ხელოვნური ინტელექტის ბუმის სიჯანსაღის ნიშანს, ყურადღებით აკვირდება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა ამის პასუხად განაცხადა, რომ ისინი AI-ის მიმართ „ბუშტს“ ვერ ხედავენ და ეს მზარდი ბაზარია.
„ბევრი საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის ბუშტზე“, – განაცხადა Nvidia-ს CEO-მ ინვესტორებისთვის შემოსავლების შესახებ გამართულ კონფერენციაზე. „ჩვენი თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან განსხვავებულ რამეს ვხედავთ“.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ჯენსენ ჰუანგის ქონება $162 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მე-8 უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ერთ დღეში ჰუანგის სიმდიდრე $4.4 მილიარდით არის გაზრდილი.








