საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 298.39 მილიონი აშშ დოლარი (807.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 135.79 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 45.51%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 14.23% შეადგინა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში გადმორციხული ფულადი გზავნილებით იტალია ლიდერობს, საიდანაც ნოემბერში 50.31 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. წლიურ ჭრილში იტალიიდან ფულადი გზავნილები 11.42%-ით არის გაზრდილი.
მეორე ადგილზე გერმანიაა 27.49 მილიონი აშშ დოლარით, რომლის წილიც 9.21%-ს უტოლდება. გერმანიიდან წლიურად ფულადი გზავნილები 15.67%-ით გაიზარდა. მესამე ადგილს კი საბერძნეთი იკავებს, საიდანაც ნოემბერში საქართველოში 24.68 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. ამ შემთხვევაში წლიურ ჭრილში 14.97%-იანი მატება აღინიშნა.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ფულად გზავნილებში ყველაზე დიდი, 39.47%-იანი ზრდა, ესპანეთის შემთხვევაში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის ნიდერლანდები 29.41%-იანი მატებით, შემდეგ კი სლოვაკეთი, საიდანაც ფულადი გზავნილები 28.75%-ით გაიზარდა.









