TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორი დინამიკურ ზრდას განაგრძობს. 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ბაზარი წლიურად 35%-ით გაიზარდა და 7.62 მილიარდ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბაზრის 38% (3 მილიარდი ლარი) ადგილობრივ მოვაჭრეებზე მოდიოდა, ხოლო 2025 წლის 9 თვეში ადგილობრივმა სექტორმა უკვე 3.1 მილიარდ ლარს მიაღწია. საგრძნობი ზრდაა საერთაშორისო ელ. კომერციის ბაზარზე დანახარჯებშიც, რომელმაც იმავე პერიოდში 4.5 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა მისი ზრდის ტემპი ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებელს ჩამორჩება.
ბაზრის გაფართოება ამანათების რაოდენობაზეც აისახა. TBC Capital-ის ცნობით, ქართული წარმოშობის ამანათების წილი ჯამურ მაჩვენებელში 2020 წელთან შედარებით 13 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო ზომა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ადგილობრივი ბაზრის შესაბამის მაჩვენებელს. რაც შეეხება სტრუქტურას, ბაზარზე საქონლის წილი 40%-ია (მეტწილად ელექტრონიკა), ხოლო მომსახურების – 60%. სერვისების სექტორში ტრანსპორტი და მოგზაურობა ლიდერობს, სადაც უნაღდო ტრანზაქციების 90% სწორედ ელ-კომერციის არხებზე მოდის.
მიუხედავად ასეთი ზრდისა, ანგარიშის თანახმად, ქართულ ბაზარს განვითარების დიდი პოტენციალი რჩება, რადგან კომპანიების მხოლოდ 5% იყენებს ელექტრონულ არხებს გაყიდვებისთვის. TBC Capital-ის განცხადებით, ზრდის პერსპექტივას ამყარებს ისიც, რომ ინტერნეტთან წვდომა შინამეურნეობების 92%-ს აქვს, ხოლო ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი კვლავ აჭარბებს ინფლაციას.








