TBC Capital: საქართველოს რძის სექტორი მზარდი იმპორტდამოკიდებულების წინაშეა

TBC Capital: საქართველოს რძის სექტორი მზარდი იმპორტდამოკიდებულების წინაშეა

TBC Capital-მა საქართველოს მეცხოველეობისა და რძის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, სექტორში სტრუქტურული დისბალანსი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

2019-2024 წლების მონაცემებით, ადგილობრივი რძის წარმოება სტაბილურობას ინარჩუნებს და ყოველწლიურად დაახლოებით 570 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს, თუმცა მას ზრდის მდგრადი ტენდენცია არ ახასიათებს. ადგილობრივი წარმოების სტაგნაციის ფონზე, ამავე პერიოდში, ჯამურად თითქმის 50%-ით გაიზარდა რძის იმპორტი.

„მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2021 წლიდან თანმიმდევრულად მცირდება, ხოლო ძროხების პროდუქტიულობა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის და რეგიონულ მაჩვენებლებს, რაც ზღუდავს შიდა წარმოების ზრდას, მიუხედავად შედარებით სტაბილური წარმოების მოცულობებისა. შედეგად, როგორც საბაზისო ნედლეულის – რძის, ისე უფრო მაღალი დამატებული ღირებულების რძის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა სულ უფრო მეტად კმაყოფილდება იმპორტით – მათ შორის ნედლი რძის, რძის ფხვნილის, ყველის და კარაქის – რაც ძირითადად რამდენიმე მომწოდებელ ქვეყანაზეა კონცენტრირებული, ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებზე“, – ნათქვამია TBC Capital-ის ანგარიშში.

მიუხედავად წარმოების სირთულეებისა, მოხმარების კუთხით სტაბილური ზრდა ფიქსირდება. მომხმარებლის კალათაში როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით, დომინანტურ პოზიციას კვლავ ყველი იკავებს, რაც სექტორში მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას უსვამს ხაზს.