Oracle-ი 2026 წელს $50 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს

Oracle-ი 2026 წელს $50 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს

ფოტო: Getty Images

ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი, Oracle-ი, 2026 წელს 45-დან 50 მილიარდ დოლარამდე დაფინანსების მოზიდვას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, მოზიდული ფინანსური რესურსი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმართულების, Oracle Cloud Infrastructure-ის გაფართოებას მოხმარდება.

Oracle-ი, რომელსაც მილიარდერი ლარი ელისონი ხელმძღვანელობს, დაფინანსების ვალისა და კაპიტალის კომბინაციის გამოყენებით მიღებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, ინვესტიციები მიმართული იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეების შექმნისკენ, რათა უკვე გაფორმებული კონტრაქტებით განსაზღვრული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. შეგახსენებთ, Oracle-ის უმსხვილეს კლიენტებს შორის არიან: AMD, Meta, NVIDIA, OpenAI, TikTok-ი, xAI და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები.

Oracle-ის ინფორმაციით, დაფინანსების დაახლოებით ნახევარი აქციებთან დაკავშირებული ინსტრუმენტების საშუალებით იქნება მოზიდული, მათ შორის სავალდებულო კონვერტირებადი პრივილეგირებული ფასიანი ქაღალდებისა და „ბაზარზე ეტაპობრივი განთავსების“ აქციათა ახალი პროგრამის მეშვეობით, რომლის მოცულობაც 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია გეგმავს, დარჩენილი ნაწილი 2026 წლის დასაწყისში არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებით მოიზიდოს.

ბოლო კვირებში ინვესტორები Oracle-ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოების გეგმებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან კომპანიის ვალი იზრდება და მისი ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება OpenAI-ს, რომელიც ამ ეტაპზე მოგებიან კომპანიად არ მიიჩნევა. მას დეტალურად არ გაუსაჯაროებია, როგორ აპირებს საკუთარი ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაფინანსებას.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში Oracle-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს ობლიგაციების მფლობელებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კომპანიამ მათ ზიანი მიაყენა იმით, რომ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად დამატებითი დიდი მოცულობის ვალის მოზიდვის აუცილებლობა დამალა.